დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში წვევამდელთა ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა. 35-მა სამხედრო მოსამსახურემ საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა წარმატებით გაიარა. დღეიდან ერთი წლის განმავლობაში ისინი სერჟანტთა მომზადების ცენტრში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან.
ფიცის მიღების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
სამხედრო მოსამსახურეებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სიტყვით მიმართა და სამხედრო სამსახურის წარმატებით გავლა უსურვა. ჯარისკაცები სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დალოცა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ასევე, იმყოფებოდნენ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ნათესავები.
საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.