დეკემბერში დე-ფაქტო პარლამენტი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას მოითხოვს

დეკემბერში დე-ფაქტო პარლამენტი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას მოითხოვს

„ჩვენ გადავცემთ ჩვენს დედაქალაქებს საქართველოს შეშფოთებას რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე, ამას გააკეთებს ყველა დიპლომატი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს ინფორმაცია „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების“ შესახებ.

ცნობილია, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი იქნება ლუქსემბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული ღონისძიებები და რა შედეგს შეიძლება ველოდეთ, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ვახტანგ მაისაია: ის განცხადებები, რაც საერთაშორისი საზოგადოების მხრიდან კეთდება, მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებაც ხვდება, რომ იწყება ყირიმიზაციის პროცესი, საქართველოსთან მიმართებაში.

რამდენად ქმედითი იქნება დასავლეთის რეაქცია, ამაზე ძნელია საუბარი. ვნახეთ, რომ უკრაინაში როდესაც ყირიმიზაციის პროცესი დაიწყო დასავლეთის რეაქცია იყო ეკონომიკური სანქციების გამოცხადება.

თუ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა (ამას იმიტომ ვამბობ, რომ აფხაზური საზოგადოების გამოფხიზლება დაიწყო და ისევ მათი კეთილგონიერების იმედად ვრჩებით), მაშინ, შესაძლოა, დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადავიდეს. ეს იქნება არა სანქციები, არამედ უკვე ეკონომიკური ბლოკადა - სხვა რა წინააღმდეგობა შეიძლება გაეწიოს ამას არ ვიცი. ომი და სამხედრო დაპირისპირება რამდენად შეიძლება აწარმოოს რუსეთის მიმართ ეს კიდევ ცალკე სუბრის თემაა. ვფიქრობ, შემდეგი ეტაპი შეიძლება იყოს ეკონომიკური ბლოკადა და საქართველო და უკრაინა უკვე მოხვდება ერთ კონტექსტში, რომელთა მიმართაც სინქრონულად ხორციელდება საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო დარღვევები.

საქართველოს რა ბერკეტები გააჩნია ამ შემთხვევაში?

- მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, არ ვიცი. ომის შემდეგ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, დსთ-ს შემადგენლობიდან გამოვედით. ფაქტობრივად, რუსეთთან ვართ საომარ მდგომარეობაში - გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშკრულება, რომელსაც 2008 წლის 12 აგვისტოს მოეწერა ხელი.

ჟენევისა და კარასინი -აბაშიძის ფორმატები სურათს დიდად არ ცვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ აფხაზებთანაც და ოსებთანაც დავკარგეთ პირდაპირი კონტაქტის საშუალება.

კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც აზრსმოკლებულად ვთვლი - როდესაც უკრინას წაართვეს ყირიმი, ამის მიუხედავად მილანში მაინც შედგა პუტინისა და პოროშენკოს შეხვედრა, თუმცა ეს მოხდა საერთაშორისო ლიდერების თანდასწრებით. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო რეალურად ვიგრძნოთ მათი დახმარება თუნდაც მოლაპარაკებების პერიოდში.

სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ომითა და მახვილით ვერ დავიბუნებთ ვერც აფხაზეთს და ვერც ოსეთს. საქართველომ უკვე გაუშვა თავისი დრო. ბოლო ვარიანტი, რისი გამოყენებაც შეიძლებოდა, ეს იყო პერიოდი, როდესაც აფხაზეთს ჰყავდა ნაციონალისტური ხელისუფლება ბაღაფშისა და ანქვაბის სახით. მაშინ რომ მოგვეხერხებინა და უშუალოდ გავსულიყავით ამ ლიდერებზე, რამენაირად დიალოგი დაგვეწყო, შიძლება გამოგვენახა ის საერთო წერტილები რომელიც ორივე მხარეს ალბათ, აწყობდა.

დღეს ასეთი დიალოგის წარმოება, თითქმის შეუძლებელია - რუსეთმა მთლიანად გაწმინდა აფხაზური ოპოზიცია, ფაქტობრივად, აფხაზური ოპოზიცია ნიველირებულია, არ მგონია ხაჯიმბა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას დაუჯდეს მოსალაპარაკებლად - ის პირდაპირ იმართება მოსკოვიდან. ამ სიტუაციიის გათვალისწინებით, ისევ საერთაშორისო საზოგადოების იმედად ვრჩებით.

საქართველო ასევე შეიძლება გააქტიურდეს რეგიონალური მასშტაბით, დაიწყოს მაგალითად, ერთიანი კავკასიური პოლიტიკის შემუშავება. კავკასიური პოლიტიკის სტრატეგია რომ გვქონოდა შემუშავებული, შესაძლოა, ბევრი რამ სხვანაირად წარმართულიყო.

ბოლო პერიოდში რა განცხადებებიც ისმის ევროპელი ლიდერებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს სტრატეგია წაადგება თუ არა მოცემულ მომენტში საქართველოს პოზიციას?

- სხვა გზა არ დაგვჩენია. ეს არის იმ პოლიტიკის საპირწონე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. ჰიპოთეტურად, დღეს საქართველომ ევრაზიულ კავშირში შესვლაზეც რომ განაცხადოს თანხმობა, არ მგონია რუსეთმა თავისი პოლიტიკა შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ეს იმის გამო, რომ რუსეთი ჩვენ აღარ გვენდობა.

რაც შეეხება რეალობას, ასეთი პოლიტიკა ჩვენ არც გვჭირდება რადგან საქართველოს ევროატრლანტიკური კურსი არის საკმაოდ მყარი და პერსპექტიული და თუ ამაზე უარს ვიტყვით, შესაძლოა სახელმწიფოებრიობაც კი დავკარგოთ.

იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ამ ეტაპზე არსებობს, შეიძლება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

- ჩემი ინფორმაციით, მეორე ეტაპისთვისაც უნდა მოვემზადოთ, რადგან როგორც ვიცი, მსგავსი დარტყმა სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც მზადდება. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში ცხინვალის მარიონეტული მთავრობა დაიწყებს ახალი კანონპროექტის მომზადებას, რომელიც ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის შეერთებას ითვალისწინებს. შესაბამისად, იქ უკვე დაბრუნდება კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენელი. ანუ, იქაც მოხდება თიბილოვის შეცვლა კოკოითით. ეს უკვე ნიშნავს, რომ მოხდება კრემლის უშუალო მარიონეტის დასმა. ანუ, საქართველოს მიმართ მცოცავი ანექსიის პროცესი გრძელდება და სადამდე მივა ეს ყველაფერი, რთულია პროგნოზირება.

ყურადღებით უნდა ვიყოთ ცხინვალის მიმართულებითაც რადგან ეგებ, შევძლოთ პრევენცული ღონისძიებების გატარება. დეკემბრამდე ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ როგორმე უაშუალო კავშირზე გავიდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან. თუნდაც პირადად, თუნდაც შუამავლების მეშვეობით დავარწმუნოთ, რომ საფრთხე მათ ეთნიკურ თვითმყოფადობასაც ემუქრება.

ურთიერთობის ასეთი ფორმატი შესაძლებელი რომ იყოს საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ მიმართავდა ამ გზას?

- საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამ პოტენციალს ბოლომდე არასოდეს იყენებდა. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში იყო ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯები და შემდეგ დათავრდა. ყველა ხელისუფლება ამ საკითხს კონფრონტაციულად უდგებოდა. საუბარი არ არის დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც ასეთი მემკვიდრეობა მიიღო.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, თუ ღარიბაშვილი უკვე არ დაიწყებს კავკასიური პოლიტიკის ელემენტების შემოტანას ქართულ პოლიტიკაში, შორს ვერ წავალთ. ვგულისხმობ, თუნდაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ სუბიექტებთან ასიმეტრიული ურთიერთობის დამყარებას, კულტურული იქნება ეს თუ ჰუმანიტარული და ა.შ. რაც შეეხება პოლიტიკას, გარკვეულ ფორმატში მათი გამოყებნება შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვისაც. ამავე ფორმატში ურთიერთობისთვის შეიძლება მოიაზრებოდენ ასევე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. შეიძლება, რომ რაღაც ახალი მოდელი შევთავაზოთ რეგიონის აქტიორებს მშვიდობისა და თავისუფლების დამყარების მიზნით. როგორიც იყო თავის დროზე, დავუშვათ, „ჩრდილოეთ კავკასიის ინიციატივა“, იგივე ზვიად გამსახურდიას „ერთიანი კავკასიური სახლის“ იდეა. მსგავსი კონცეფცია არსებობს დღესაც და ყოფილ ხელისუფლებას ამის გამო პოლიტპატიმარიც ჰყავდა - ვგულისხმობ „კავკასიურ გეოსტრადას“. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით დაინტერესდება, ამით ნამდვილად არ წააგებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში მსოფლიოს უდიდეს მოთამაშეებს შორის ხდება გავლენათა გადანაწილება, ერთიანი კავკასიური კონცეფციის შემუშავება ამ პროცესს შეეწინააღმდეგება?

- ჩვენ უნდა ვიყოთ ის ნავები, რომელიც დააკავშირებს ორ დიდ საოკეანო სივრცეს - სწორედ ამაშია ამ იდეის არსი. თუ ვიაქტიურებთ, შეიძლება, მოვახერხოთ, რომ დიდი სახელმწიფოებიც კი გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.