ვანო მაჭავარიანის ბრალდება და დეპუტატების პასუხი

ვანო მაჭავარიანის ბრალდება და დეპუტატების პასუხი

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მთავრობას მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის ჩაშლაში ადანაშაულებს, მინისტრები და დეპუტატები კი ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და დიპლომატს მკაცრად აკრიტიკებენ.

კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გატანა ღირსეული საქციელი არ არის და სჯობს, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი სხვა საქმით დაკავდეს.

დეპუტატებისგან განსხვავებით, მაჭავარიანი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ მისი ჩატარება საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

„ამ მიმართულებით ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოხდებოდა“, - განმარტავს მაჭავარიანი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამ შეხვედრის მზადების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი შეხვედრა დაიგეგმებოდა, ინფორმაცია დეპუტატებისთვის ცნობილი იქნებოდა.

ჯაფარიძის თქმით, მას პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ სმენია მზადყოფნა, რომ თუ სათანადო სიტუაცია იქნებოდა, რუს კოლეგას შეხვდებოდა.

„მაჭავარიანის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ვფლობ. პრეზიდენტის მოსაზრება იყო, რომ თუ რაღაც მოხერხდება, სურვილი იქნებოდა და სათანადო სიტუაცია, მაშინ შეხვედრა შედგებოდა. ანუ, მარგველაშვილი ამას საჯაროდ განიხილავდა როგორც ვარიანტს. ამ საკითხის თაობაზე მთავრობის პოზიცია არ ვიცი, მაგრამ თუ ამგვარი შეხვედრა დაიგეგმებოდა, ეს პარლამენტის თავმჯდომარეს ეცოდინებოდა, მათ შორის -საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. ამგვარს კი ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს ჯაფარიძე.

თანაგუნდელის მსგავსად, მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის ჩაშლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

for.ge-სთან საუბარში ძიძიგური აცხადებს, რომ შესაძლებელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბევრი რამე იგეგმება, რაც მუშა პროცესებია, მაგრამ ამ პროცესების შესახებ საჯარო მოხელემ არ უნდა ისაუბროს. დეპუტატი ვანო მაჭავარიანს საქციელს უწუნებს.

„როცა ყოფილ საჯარო მოხელეს ინფორმაციები გამოაქვს, ეს ძალიან არ მომწონს. თუ ჩინოვნიკმა რაიმე სახელმწიფო ინფორმაცია იცის, მას პოსტიდან რომ გაუშვებენ, ლაპარაკი არ უნდა დაიწყოს. ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არის. მე რომ სახელმწიფო საიდუმლოება ვიცი და ოპოზიციაში გადავიდე, ამ თემებზე უნდა ვისაუბრო? - კარგი კაცი არ ვიქნები“, - ამბობს ძიძიგური.

კანონმდებელი ინტერესდება, მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა რომ გაიმართოს, იქ დეოკუპაციის საკითხი გადაწყდება თუ ე.წ. აღიარების.

„პუტინი და მარგველაშვილი ერთმანეთს რომც შეხვდნენ, იქ რა საკითხი უნდა გადაწყდეს? პრეზიდენტების შეხვედრაზე სოხუმის და ცხინვალის დეოკუპაციის საკითხი გადაწყტდება, ან რუსეთი ე.წ აღიარებას უკან წაიღებს? - ეს ხომ არარეალურია. მეორეს მხრივ, ასეთ შეხვედრებს უნდა ვერიდოთ, რადგან გამოდის, რომ თითქოს, იმ მდგომარეობას ვეგუებით, რაშიც ვართ“, - აცხადებს კანონმდებელი.

ძიძიგური მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა მაშინ უნდა გაიმართოს, როცა ვითარება მომწიფებული იქნება და ე.წ აღიარების თემა უკან იქნება წაღებული.

„აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე აპელირებენ, მაგრამ აბაშიძე პრემიერის წარმომადგენელია, რომელიც კარასინს სავაჭრო საკითხებზე სასაუბროდ ხვდება. ასეთი ტიპის შეხვედრები ომის დროსაც იმართება. ეს შეხვედრა სამუშაოა, რომელიც ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში შედის“, - აღნიშნავს ძიძიგური.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მსგავსად, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს აკრიტიკებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანს ურჩევს, რომ სხვა საქმით დაკავდეს.

ცაგარეიშვილის მოსაზრებით, სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გამოტანა ღირსეული საქციელი არ არის.

„ჭორაობით ვერ დავკავდები, რითიც დაკავებულია ბატონი მაჭავარიანი. ამას რა ჰქვია, ვერ გეტყვით. ეს არის ავყიობა და საზოგადოებისთვის ამ ფორმით თავის შეხსენება, რაც მთლად ღირსეული საქციელი არ არის. ეს შეხვედრა არსად არ მზადდებოდა. მსგავსი ინფორმაცია პარლამენტში არ გვაქვს და მთავრობის წევრებთანც ამ თემაზე საუბარი არ გვქონია. ვანო მაჭავარიანს ვურჩევ, იქნებ სხვა საქმე გამოძებნოს, ან რითი უნდა დაკავდეს თავის ძმას ჰკითხოს და ჭკუას დაარიგებს“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

კოლეგების მსგავსად, for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არწმუნებს, რომ მსგავსი შეხვედრის თაობაზე საუბარი ხელისუფლებაში არც ყოფილა.

„ეს ვიზიტი არ დაგეგმილა, შესაბამისად, რაც არ დაგეგმილა, ვერც ჩაიშლებოდა. მაჭავარიანი კი რაზე საუბრობს, არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობაში ვანო მაჭავარიანის კრიტიკისგან თავს იკავებენ. for.ge-სთან საუბარში დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი ამჟამად არც მზარეულია და არც საჯარო მოხელე, რის გამოც მას თავისუფალად საუბრის უფლება აქვს.

„ჭორს და მართალს ვერ გაიგებთ, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ქვეყანის თავს ხდება და რომლის წინაშეც ხელისუფლების პოლიტიკა არადეკვატურია. რაც შეეხება უმრავლესობის კრიტიკას, რომ მაჭავარიანმა ინფორმაცია გამოიტანა, ის არც მზარეულია და არც საჯარო მოხელე. შესაბამისად, რა შუაშია ახლა მისი გაჩუმება?“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრის ჩაშლის თაობაზე ინფორმაციას ყველა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს. მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ის იმთავითვე პრინციპული წინააღმდეგი იყო საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების არაფრისმომცემი შეხვედრის.

პეტრიაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით, არასწორად იქნებოდა აღქმული.

„უფრო მეტსაც გეტყვით. ეს შეხვედრა ზიანის მომტანი იქნებოდა. გააზრებულად ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა“, - დასძინა პეტრიაშვილმა.

თუ რას უპასუხებს ყოფილ მრჩეველს და მეგობარს გიორგი მარგველაშვილი, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ შესაძლოა, მას ამ საკითხზე მედიის წინაშე საუბარი იაპონიაში მოუწიოს, რადგან დღეს, პრეზიდენტი დეპუტატებთან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში მიფრინავს.