რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის შეთავაზებული შეთანხმება გახდება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რასაც რუსეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ რუსეთი საქართველოს დასჯას მისი ევროპული კურსის გამო აპირებს.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება როგორც რუსეთსა და ევროკავშირს, ასევე რუსეთსა და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დროს და, რომ რეაგირება ამაზე უნდა მოხდეს ევროკავშირის ერთიანი პოზიციით“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მინისტრის განცხადებით, როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ერთიანია იმ პოზიციაში, რომ ძალის გამოყენება არ უნდა განიხილებოდეს არც ერთი მხრიდან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მიაჩნია, ძალით არანაირი პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება. ამასთან, ევროპელ კოლეგებთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმების თანმდევ რისკებზე საუბრისას მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს დააზიანებს არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთთან არსებული დიალოგის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც კარასინ-აბაშიძის შეხვედრების სახით იმართება.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე თვლის, რომრუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე საჭიროა პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერება.
„დაფიქსირდა კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, შევთანხმდით პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერების საჭიროებაზე, მესამე, ასევე შევთანხმდით, რომ ამგვარი ტიპის ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების ლეგიტიმურ მისწრაფებებს, უარყოფილ უნდა იქნას ჩვენს მიერ და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ჩვენი აზრის მტკიცედ დაფიქსირების არც ერთი შესაძლებლობა“, - განაცხადა შტეფან ფულემ.
თავის მხრივ კი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის ლეგალიზებისკენ მიმართული ყველა ქმედება უნდა დაიგმოს.
„ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, უნდა დავუპირისპირდეთ და დავგმოთ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის ლეგალიზებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა. ყველა ეს მცდელობა არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც რუსეთი სხვა რეგიონებში, მაგალითად ყირიმში აკეთებს. ასე რომ, ერთი მხრივ, ეს არ უნდა იწვევდეს გაოცებას, და მეორე მხრივ, არ უნდა გვაძლევდეს მოდუნების საფუძველს. ევროპა ერთსულოვანი უნდა იყოს თავის პოზიციაში და მკაფიოდ უნდა განუცხადოს რუსეთს, რომ ამგვარი ქმედება მიუღებელია და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარებასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იქნება მყარი და უცვლელი“, - განაცხადა ლიტვის პირველმა დიპლომატმა.
რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება იყო აშშ-ის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის თემა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, საელჩო გადასცემს აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას.
„ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩვენ, უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოში შეშფოთების შესახებ შეგვეტყო ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავცემთ ჩვენს დედაქალაქებს საქართველოს შეშფოთებას. ამას გააკეთებს ყველა დიპლომატი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, კარგად აღვიქვამ თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ შეთანხმებას ჟენევის ფორმატში. აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა და პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს ინფორმაცია „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების“ შესახებ.
დავით ზალკანიანის გაცხადებით, საჭიროა, საქართველოს მხარდასაჭერად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია.
„ჩემი მხრიდან, დეტალურად იქნა აღწერილი ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, ჩვენი შეფასებები ამ ე.წ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ასევე მათ მიმართ ჩვენი გზავნილები. ერთადერთი ბერკეტი რაც გაგვაჩნია ეს არის საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და ჩვენ მივიღეთ რწმუნება მათგან, რომ თავიანთ დედაქალაქებს მიაწვდიან ამ ინფორმაციას. ჩვენ ველით, რომ მოხდება ამ ყველაფრის ადეკვატური ასახვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.