სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა კუდ-ის მაშინდელი უფროსის, დათა ახალაიას მონაწილეობა ამ დანაშაულში. კერძოდ, 2006 წლის 27 იანვარს, „შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან.
სწორედ, ამ შელაპარაკების გამო დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კუდ-ის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. გამტაცებლებმა გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ ფაქტიდან მეორე დღეს, თბილისის შს მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის მერაბ ბაღათურიას მიერ მოხდა შს მინისტრის ინფორმირება, როგორც სუფრის წევრების შემადგენლობის, ასევე გირგვლიანის გამტაცებლების, „კუდი“-ს თანამშრომლების ვინაობის თაობაზე, შესაბამისად, მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ხოლო შელაპარაკების ადგილას „შარდენბარში“ იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი.
იმის გამო, რომ ხსენებული ფაქტის გამოაშკარავებით მერაბიშვილს მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება და თანამდებობის დატოვება, იგი დათა ახალაიასთან ერთად შეუდგა საქმის გაყალბებას და დანაშაულის დაფარვას. გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა ახალაიას „საიდუმლო“ წერილი მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, მერაბიშვილის „საიდუმლო“ წერილი საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილისადმი, რომ თითქოს, დათა ახალაიას ძალისხმევის შედეგად გამოაშკარავებულ იქნენ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე კუდ-ის თანამშრომლები: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც 2006 წლის 6 მარტს მიეცნენ ბრალდებულად პასუხისგებაში.
გამოძიებით და უკვე სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ხსენებულ პირებს, სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების, კერძოდ, დათა ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ, მერაბიშვილმა და ახალაიამ შესთავაზეს და გადასცეს ფინანსური საზღაური 100-100 ათასი ამერიკული დოლარი და აღუთქვეს სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაც სისრულეში მოიყვანეს.
მაშ ასე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა. ასევე, გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ ოქროყანის ეპიზოდზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია ნაწილობრივ გამართლდა და სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი 6 თვე, 2 ათას ლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობაზე მუშაობის შეზღუდვა განესაზღვრა.
ამავე ეპიზოდზე ბრალდებული ვალერიან მეტრეველს კი 4, 6 წელი და 2 ათას ლარიანი ჯარიმა მიესაჯა. ალანია ძებნაში იმყოფება, მერაბიშვილი და მეტრეველი კი პატიმრობაში არიან. ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისთვის ეს უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენია. იგი ამჟამად სასჯელს იხდის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის, ამომრჩევლის მოსყიდვის და 2011 წლის 26 მაისს, მოქალაქეთა მასობრივი დაკავებისა და დარბევის ბრძანების გაცემისთვის.
დღევანდელ სასამართლო განაჩენს არაადეკვატურად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი. ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა მერაბიშვილის მიმართ მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
„ყველამ იცის, რაც ჩაიდინეს მათ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. სასაცილოა სამი წელი ვანო მერაბიშვილის დასასჯელად, იგი ფაქტობრივად ამ დანაშაულს ხელმძღვანელობდა, იმ მოტივით, რომ მისი ცოლი, თაკო სალაყაია არსად გამოჩენილიყო. სასჯელი არაადეკვატურია, პროკურატურასთან ერთად გავარკვევთ, გასაჩივრდება თუ არა ეს განაჩენი. სანდროს საქმეზე ცალკე პროცესი გაიმართება დათა ახალაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე. მთავარი საქმიდან უშუალოდ ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით კიდევ იგეგმება ცალკე საქმის გამოყოფა“, - აცხადებს გურამ გირგვლიანი.
რაც შეეხება სასჯელის ზომას და სიმკაცრეს, საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სასჯელის ზომას არ ითხოვს მთავარი პროკურატურა, ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს. სასჯელის ზომას კი მოსამართლე განსაზღვრავს.
„ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილებაზე - თუ რამდენად მკაცრი სასჯელი მიესაჯათ ბრალდებულებს, ან რამდენად იმსახურებდნენ ისინი მსუბუქ ან მძიმე სასჯელს - კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ალანიას და მეტრეველს არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით განესაზღვრათ სასჯელი. რაც შეეხება მერაბიშვილს, განაჩენი გამოტანილია 332-ე და 141-ე მუხლების მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.