„მთავრობამ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო ჟენევა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი“

„მთავრობამ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო ჟენევა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი“

„მე, პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი იმთავითვე არაფრისმომცემი შეხვედრის. პირიქით, უფრო მეტსაც გეტყვით, ზიანის მომტანი შეხვედრის საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით იქნებოდა არასწორად აღქმული. ასე, რომ გააზრებულად, მე ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა არ შედგა“, - ასე უპასუხა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველს, ვანო მაჭავარიანს, რომლის განცხადებით, „იგეგმებოდა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ მთავრობამ არ მოინდომა“.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ამბობს, პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრა არ უნდა ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. for.ge-სთან საუბრისას მან მთავრობას პრემიერის განცხადებას ახსენებს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს.

for.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოსდა რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ზიანის მომტანი იქნებოდა, ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული გარღვევის ან შედეგის მოტანა არ შეეძლო და შესაბამისად, პირიქით, არასწორად იქნებოდა აღქმული...

- პუტინის ამ განცხადების შემდეგ, მეორე დღესვე შეხვედრის მზაობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა. თავისთავად ეს იყო მზაობის გამოხატულება იმ რთულ საკითხებზე სასაუბროდ, რომელიც დაგროვილია ორ ქვეყანას შორის. უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ კომუნიკაციის ის უმაღლესი დონე, რომელიც არსებობს პრეზიდენტებს შორის, უკრაინის პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, რომ მის ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-ს პრეზიდენტთან ერთად განიხილოს ის კრიზიცი, რომელიც არის უკრაინასა და რუსეთს შორის.

ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს ჟენევის, თუ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფარგლებში, ეს თავისთავად არის კომუნიკაციის დაკარგული არხი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა და განხილულიყო ის ყველაზე რთული თემატიკა, რომელიც ქვეყნის პირველ პირებს შორის განიხილება იმისთვის, რომ ახალი სტიმული მიცემოდა ჟენევას და მათ შორის კარასინი-აბაშიძის შეხვედრას. ეს შესაძლებლობა ხელიდან იყო გაშვებული. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლაც არ არის გვიან.

მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ქვეყანასთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რუსეთი არ ამბობს უარს ქვეყნის დეოკუპაციაზე, ამ ფონზე რამდენად გამართლებული და სწორი იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა?

- მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ განიხილოს პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ასეთივე შესაძლებლად დაუშვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თუ ეს შეხვედრა სათანადოდ მომზადდებოდა, სადაც განხილული იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის დეოკუპაცია, უსაფრთხოება და დევნილთა დაბრუნების შესაძლებლობა. ეს საჭიროებდა მომზადდებას მთავრობის და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. მზაობა იყო პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ მთავრობამ არ მოინდომა. შესაბამისად ეს სამუშაო არ ჩატარდა.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, როგორი სახით ჩაერია მთავრობა?

- როგორც გითხარით, ქართული მხარისგან გამოხატული იქნა მზაობა და შესაბამისად, მთავრობამ არ მოინდომა ამ შეხვედრის მომზადება. პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ გამოთქვა მზაობა, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო ჟენევა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ხოლო პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობა არ იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი. შესაბამისად, პრეზიდენტმაც გაითვალისწინა მთავრობის პოზიცია.

როგორც გითხარით, ჩვენ ამ მიმართულებით ნამდვილად ვმუშაობდით, ოღონდ არა ისე, რომ ეს ყოფილიყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამაზე ვესაუბრეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს, მათ შორის - აშშ-ს.

მინდა შეგახსენოთ ანალოგი, როგორ და რა დონეზეა ჩართული უკრაინის კრიზისში დასავლეთი პრეზიდენტების, პრემიერების თუ საგარეო საქმეთა სამინიტროების სახით და რა დონეზეა ამ ეტაპზე, საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ჩართული. ამიტომ, ეს შესაძლებლობა მთავრობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა და შესაბამისად, პრეზიდენტის ეს მზაობა ვერ გამოვიყენეთ.

თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრეთ პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებსა და პოლიტიკოსებს. როგორი იყო მათი პოზიცია და, რაიმე აუცილებლობით თუ ახსენს შეხვედრის შესაძლებლობა?

-კომუნიკაცია განსაკუთრებით მაღალ დონეზე არის მნიშვნელოვანი, ეს არის საერთაშორისო დიპლომატიის პრაქტიკა. დღეს მთავრობა კარასინი-აბაშიძის იმედზეა, რაც ეს მთავრობის არაეფექტურობაზე მიუნიშნებს.

მოგეხესებათ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებობსმოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ ამის ფონზე, რამდენად აუცილებელია შედგეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა?

- ძალიან სერიოზული კრიზისი გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში. პრეზიდენტმა ისევ აიღო ლიდერობა თავის თავზე, მოუწოდა მთავრობას, რომ უშიშიროების საბჭოს ფარგლებში, პარლამენტთან ერთად, განიხილოს ის ერთიანი სტრატეგია, რომელიც ამ ეტაპზე არის შესამუშავებელი და მისაღები, იმისათვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსულ და კონფლიქტის მხარეებთან, წარვსდგეთ ერთიანი პოლიტიკური პოზიციით.

შესაბამისად, უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭო, ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და ვიმუშაოთ აქტიურად ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის რუსეთთან ამ თემაზე დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ნებისმიერი დიალოგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოწინააღმდეგე მხარესთან.