ცოტა ხნის წინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარავანჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლები დაესწრნენ. ითქვა, რომ ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური სარგებლობის მომტანი იქნება ორი მოსაზღვრე ქვეყნისთვის-საქართველოსა და თურქეთისთვის. თუმცა ფარავანჰესიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებნი და არასამთავრობოები.
ამ თემის შესახებ ვესაუბრეთ „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს.
რას გვეტყვით თქვენს მიერ მომზადებული კვლევის შესახებ, სადაც გარემოზე ფარავანჰესის უარყოფით ზემოქმედებაზეა ყურადღება გამახვილებული? თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფელი ხერთვისი და მდინარე მტკვარი ერთ დონეზეა, ეს სოფლის დატბორვის საშიშროებას ქმნის?
- ფარავანჰესის პროექტი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომლის განხორციელება დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გამოცხადებული ჰესების ბუმის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელებულიყო ამ საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის შესაბამისად.
მოგეხსენებათ, ფარავანჰესი გახლავთ დერივაციული ტიპის ჰესი, რაც გულისხმობს მდინარე ფარავნიდან მდინარის ხარჯის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%-ის მდინარე მტკვარში გადაგდებას, ხოლო მდინარე ფარავანში რჩება მხოლოდ 10%, რაც, ჩვენი ორგანიზაციის აზრით, ეწინააღმდეგებოდა როგორც აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებს, ისე ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნებსაც, რომელიც ითხოვს ინდივიდუალურად წყლის გარემოსდაცვითი ხარჯის განსაზღვრას მდინარის ქვედა დინებაში, ხოლო 10%-ის დატოვებით შეუქცევადი ზიანი ადგება მდინარე ფარავნის ეკოსისტემას და წითელ ნუსხაში შესულ სახეობებს. მათ შორის, -ნაკადულის კალმახს, რაც, ასევე, გახლავთ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაც. ცნობისთვის, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აღნიშნული დირექტივების შესრულების ვალდებულება აღებული აქვს.
კიდევ ერთი პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხი დაკავშირებული იყო პროექტის ფარგლებში განსაზღვრულ 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის ზემოქმედებასთან გადამფრენ ფრინველებზე, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არასათანადოდ იყო შესწავლილი.
რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, აქ მნიშვნელოვანი იყო სწორედ სოფელ ხერთვისზე ზემოქმედება, ვინაიდან პროექტით იგეგმება მდინარე ფარავნის 90%-ის გადაგდება სოფელი ხერთვისიდან 700 მეტრით ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ წყალუხვობის პერიოდებში ისედაც ხშირად ხდება სოფლის ტერიტორიების დატბორვა მდინარე მტკვრის მიერ (სოფელი ხერთვისი და მდინარე მტკვარი დაახლოებით ერთნაირ დონეზეა) მდინარე ფარავნის უდიდესი ნაწილის გადაგდებით, რა თქმა უნდა, იზრდება სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხეები, განსაკუთრებით წყალუხვობის პერიოდში, რაც გარემოზე ზემოქმდების შეფასების ანგარიშში საერთოდ არ იყო შესწავლილი.
„მწვანე ალტერნატივამ“ არაერთხელ დააყენა აღნიშნული საკითხების დამატებითი შესწავლის საკითხი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯის წინაშე“, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ვიცი, ფარავანჰესის მხრიდან მოსალოდნელი ზიანის შესახებ თქვენ სარჩელიც შეიტანეთ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის წინააღმდეგ.
- სწორედ ამის შემდეგ მივმართეთ საჩივრით 2012 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების გასაჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს. პროექტების გასაჩივრების ორგანომ გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით სრულად დაადასტურა ჩვენს მიერ საჩივარში მოცემული გარემოსდაცვითი საკითხები, ხოლო სოფელ ხერთვისის დატბორვასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მართალია, სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხე არ იქნა კომპანიის და ბანკის მიერ სათანადოდ შესწავლილი, თუმცა არსებობს შეთანხმება კომპანიასა და ბანკს შორის, რომლის მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხე დამატებით შეესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განეახლებინა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა და მოეწყო განახლებული მართვის გეგმის საჯარო განხილვა. აღნიშნული პირობის შესრულებას, სამწუხაროდ, კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“, როგორც ჩანს, არ აპირებს, ვინაიდან მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ თურმე სოფელი ხერთვისის დატბორვის საფრთხის თაობაზე მომზადებული კვლევა კონფიდენციალურ დოკუმენტს წარმოადგენს და ის კომპანიის საკუთრებაა.
ფარავანჰესი ქართულმა და თურქულმა მხარემ ერთობლივად გახსნეს. ზოგადად, წლების განმავლობაში თურქეთის გაჩირაღდნება პრობლემატური ხდებოდა ქართული მხარისთვის. როგორ უნდა მოხერხდეს დიდი ჰესებით სარგებლობა ისე, რომ ჩვენს გარემოს ზიანი არ მიადგეს?
- თავდაპირველად აუცილებელია, ჯერ დადგინდეს თითოეული ჰესის საჭიროება, რაც ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ საქართველოს დღემდე არ შეუმუშავებია არც ენერგეტიკის სტრატეგიული გეგმა და არც 2001 წლის შემდეგ არ შეუდგენია ქვეყნის ენერგობალანსი, რომელიც უნდა მოიცავდეს არა მარტო ელექტროენერგეტიკას, არამედ უნდა იძლეოდეს პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას.
ჩვენს შემთხვევაში, ჰესები ძირითადად შენდება საექსპორტოდ ინვესტორისთვის საკმაოდ მომგებიანი პირობებით, მაშინ როდესაც სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ფარავანჰესზე დასაქმებულთა განაწილება. ჰესის მშენებლობაზე თურქეთის 500-მდე მოქალაქე და საქართველოს მხოლოდ 90 მოქალაქე მუშაობდა, ხოლო ერთსა და იმავე პოზიციაზე თურქეთის მოქალაქე რამდენჯერმე მეტ ხელფასს იღებდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქე.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მდინარე მტკვარი თითქმის ყოველ გაზაფხულზე ტბორავს სოფელს, განსაკუთრებით, მდინარის გაყოლებაზე მდებარე მიწის ნაკვეთებსა და სახლებს, რადგანაც მდინარის ნაპირი არ არის დაცული. მოსახლეობა შიშობს, რომ, თუ მდინარის ნაპირის დაცვის ღონისძიებები არ განხორციელდა, შეუძლებელი გახდება სოფელში ცხოვრება.
- სოფელი ხერთვისის მოსახლეობა სწორედაც სოფლის დატბორვის საკითხს აყენებდა და ამის შესახებ აფრთხილებდა, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.