ბატონი ჯემალ ჭკუასელი გურული გახლავთ და რასაკვირველია იუმორის გრძნობა არ დაეწუნება. დღევანდელ წერილში „ერისიონის“ ხელმძღვანელის სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ბატონი ჯემალი თავისი ცხოვრების არაერთ დასამახსოვრებელ „მოვლენას“ გაიხსენებს.
გურია
1935 წლის 18 მაისს, სოფელ წითელმთაში ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. ამ ალიაქოთის მიზეზი მე გახლდით, რაზეც მამამ, შერმადინ ჭკუასელმა ცოტა მოგვიანებით, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად ვისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი ა, აგერ საფეთქელში უნდა მესროლაო. დედაჩემი – ანა გალოგრე ბათუმში სწავლობდა სამედიცინო ტექნიკუმში.
ძალიან პატარა გახლდით. ლანდად, მაგრამ მაინც მახსოვს, ყოველი ორშაბათი, როცა დედაჩემი მთელი კვირით მტოვებდა. ნამუსზე მაგდებდნენ – ვაჟკაცი ხარ, ტირილი როგორ გეკადრებაო. მე მაინც ვსლუკუნებდი. ერთადერთი შვება დედაჩემის კაბა იყო, ამოვიჩრიდი იღლიაში და მთელი დღე აქეთ-იქით ვატარებდი. მას დედის სითბო და სურნელი ახლდა.
დღესაც და მთელი ცხოვრება თან ვატარებ იმ სითბოს, სურნელს. მამაჩემი ჭკუასაკითხავი კაცი იყო. ულამაზესი ხმა ჰქონდა და უამრავი სიმღერა იცოდა. დღესაც, ერთ მისეულ ნამღერს გურულები „შერმანდულს” ეძახიან. ეს ფაქტი ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და ჩვენს დიდებულ მომღერალს, გური სიხარულიძეს ვკითხე „შერმანდული” რომელი სიმღერაა-მეთქი. მან ასე მიპასუხა – შერმადინს რა სიმღერაც არ უნდა ემღერა, ყველა შერმანდული იყოო. ქართველ კაცს ხალხური სიმღერის სიყვარული ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი დაბადებიდან, მაგრამ დიდი მომღერლის გენები მაინც თავის წარუხოცელ კვალს აჩნევს შთამომავლობას. სწორედ ამ გენებმა იჩინეს თავი მის მემკვიდრეობაში. ჩვენ, მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები სამუდამოდ დავუკავშირდით ხალხური სიმღერისა და ცეკვის დიდ შემოქმედებას.
ჩემმა უმცროსმა ძმამ, ჯუმბერმა პედაგოგიური დაამთავრა, მაგრამ მასაც ულამაზესი ხმა აქვს. სიმღერაზე არანორმალურად არის შეყვარებული და სადაც არ უნდა იყოს, სულ ღიღინებს. წლების განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო. ახლა პენსიაზეა.
ფოტოაპარატი „კომსომოლეცი“
ფოტოაპარატი „კომსომოლეცი“ ახალგაზრდობაში ერთი გოგონას სიყვარულმა შემაძენინა. იმედი მქონდა, როგორმე სურათს გადავუღებდი და გულისჯიბით ვატარებდი. მაგრამ რად გინდა, გოგონა ზედაც არ მიყურებდა, სურათს რას გადამაღებინებდა.
იძულებული გავხდი ზურგიდან გადამეღო მისთვის სურათები. ეტყობა, მამაჩემმა მიაგნო ამ სურათების „კოლექციას“, მიხვდა, რაშიც იყო საქმე,
შევეცოდე და მირჩია:
- შვილო, გაყიდე მაი აპარატი. იცოდე, რასაც „კომსომოლეცი“ ჰქვია, სიკეთეს არ დაგაყრის. პაწა ფულს დაგიმატებ და იმისთანა აპარატი იყიდე, მარტო უკანალს კი არა, ცხვირ-პირსაც რომ იღებდესო.
კომუნისტური პარტიის კრება
დედაჩემი ანა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მამა შერმადინი კომუნისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა, ამიტომ დედაჩემს კრებებზე დასწრებაც კი თავიდანვე აკრძალული ჰქონდა.
ერთხელ, მამაჩემთან პარტორგანიზაციის მდივანი მივიდა თხოვნით, რათა ნება დაერთო დედაჩემისთვის პარტკომის არჩევნებს დასწრებოდა. შერმადინი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა.
დედაჩემი მოწესრიგდა, გალამაზდა, დაისვენა, სუნამო იპკურა და მედიდურად ჩაუარა მეუღლეს.
შერმადინმა თვალი გააყოლა. „ბიჭოს, ლამაზი ცოლი მყოლია“, - გაიფიქრა და მიაძახა:
- სად მიდიხარ, ქალო, შენ?
- პარტიის კრებაზე, - უპასუხა ანამ.
- შენი პარტია არ ვიცი მე, შედი აგერ ოთახში! - დაიჭიხვინა შერმადინმა და გადაისვა ხელი ულვაშებზე.
ნოგენი თოთლაძის ამბავი
მეგობარი მყავს ნოგენი თოთლაძე, მოკრივე იყო, სახელგანთქმული სპორტსმენი. ჩემი თაობის კაცია. თავის დროზე ქუთაისის ინსტიტუტში შეიტანა საბუთები და გამოცდებს აბარებს.
ჰგონია რომ უკვე ჩარიცხულია და გამოუცხადეს ორიანი. გაჯავრდა, მჩაგრავთო, მაჩვენეთ ჩემი ნამუშევარიო. დაწერა განცხადება და მივიდა საპროტესტო კომისიაში.
- დაბრძანდით, აი ბატონო, თქვენი ნაწერი. არა, ქალბატონო, ეს ჩემი არ არის. როგორ? - გაოცდა ქალბატონი. - მე წითელი ფანქრით არ მიწერიაო.
გიული
ანსამბლში ერთი მომღერალი გვყავს. შესანიშნავად მღერის, მაგრამ კიდევ უკეთესი ოსტატია, ნამდვილი ოქროს ხელის პატრონი. რა გინდა მისი ხელიდან არ გამოვიდეს - ყველა გაფუჭებულ ნივთს ახალივით დააწყებინებს კრიალს.
საოცრად კარგი ბუნების ადამიანია - კეთილი, სათნო, თვინიერი. უარს ვერავის ეუბნება და აბა ასეთ კაცს შემწუხებელი ხომ არ დაელევა. ხან რას ავალებენ და ხან რას. რომ არ მოგატყუოთ, მეც ხშირად ვსარგებლობ ხოლმე მისი ოსტატობითა და გულკეთილობით.
ერთხელაც ჩემს სახლში იყო და კარის დაზიანებულ საკეტს ჩაჰკირკიტებდა. გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ოთახში სხვა არავინ იყო და ყურმილი მან აიღო. გიული იკითხეს. იმ მომღერალსაც გიული ჰქვია და ჩემი მეუღლის სახელიც გიულია.
- დიახ, ბატონო, გიული გახლავართ. - უპასუხა მან.
ეტყობა დამრეკს მამაკაცის ხმა ეუხეშა და შეკითხვა გაიმეორა:
- ნამდვილად გიული ბრძანდებით?
- ნამდვილად, ჩემო ბატონო.
- ჯემალის მეუღლე გიული ხართ? - ჩაეძია აბეზარი.
- ჯერჯერობით არა, ბატონო, - გაებზარა ხმა მომღერალს.
„ქართული ლეგენდა”
2001 წლის 15-16 ივნისს პარიზში ვიყავი. ეს ერთგვარი სარეკლამო ჩვენება იყო – სულ ორი კონცერტი. ამ ჩვენებამ შეძრა პარიზი და არა მარტო პარიზი. მას მთელი მსოფლიოს პრესა აღტაცებით გამოეხმაურა. თვით „ნიუ-იორკ თაიმსმა” ჩვენს კონცერტებს ორი სტატია მიუძღვნა, სადაც აღინიშნა, რომ პარიზში გამაოგნებელი სანახაობა იმართებოდა. დამთავრდა ეს ორდღიანი ჩვენება და მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა შემოდგომას – „ერისიონის” ხელახალ სტუმრობას.
სწორედ ამ დროს გაჩნდა „ერისიონის” კლიპის შექმნის იდეა. ეს იდეა ფრანგებს დაებადათ. მუსიკის შერჩევაზე ფრანგულმა და ქართულმა მხარემ ერთად იზრუნა. არჩევანი შეჩერდა სიმღერაზე – „შატილის ასულო”. მისი გარემიქსება ითავა პასკალ ჯორდანმა და რობერტ ლეგალმა. კლიპის რეჟისორია ცნობილი კლიპმეიკერი ტივ ვერგნესი.
გადაღებები ოთხი დღე მზადდებოდა საფრანგეთის ქალაქ ლე დუზალაში, რომელიც ზღვიდან 1 600 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. გადაღებები კი 3 700 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, მინუს ათ გრადუს ყინვასა და ქარში. მოცეკვავეებს ხმალი ლამის ხელში ეყინებოდათ, მაგრამ წუწუნი არ დასცდენიათ.
საინტერესოა, ერთი მოულოდნელი დეტალიც. პასკალ ჯორდანმა თბილისში ჩამოიტანა ჩუქურთმა, რომლის კლიპში გამოყენებაც უნდოდა როგორც „ჯორჯიან ლეგენდის” ლოგოდ. მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩუქურთმა წმინდა ქართული წარმოშობისაა და მეთერთმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. ზემო სვანეთში, სოფელ სუფში არის მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომლის ხის კარზეც აღნიშნული ლოგოა გამოსახული. მსგავსი გამოსახულება გვხვდება თბილისშიც, საპატრიარქოს გალავანზე. სასიამოვნოა, რომ საფრანგეთში ამ ლოგოთი დღესაც გამოდის მაისურები, ქამრები, სანთებელები და დიდი რაოდენობით იყიდება კონცერტების დროს.
კლიპმა საოცარი წარმატება მოიპოვა. ქუჩაში 5 000 ვეებერთელა აფიშა იყო გამოკრული. მეტროს ყველა სადგური „ჯორჯიან ლეგენდის” პლაკატით იყო აჭრელებული. ბილეთები არ იშოვებოდა. შავ ბაზარზე ბილეთების ფასმა ათას დოლარს მიაღწია. ვინც გარეთ დარჩა, ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამდენი ხელმოწერა ჩვენში გავრცელებულ ბიუროკრატულ ქაღალდებზეც არ დამჭირვებია. ანსამბლის „ოქროს დისკიც” გამოიცა. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. „ოქროს დისკი”, რომელიც 100 000 ტირაჟით გამოვიდა, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა.
მაყრიონი ტროლეიბუსიდან
ერთხელ მე და ჩემი ახალშერთული მეუღლე ტროლეიბუსში ავედით. სანამ ბილეთს ვიყიდდი, ჩემმა მეუღლემ წინ ადგილი დაინახა და წავიდა. ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. გოგონა რომ დაინახეს, მიაძახეს – ქალიშვილოო. მივუახლოვდი და ხაზგასმით, მკაფიოდ ვუთხარი: ბიჭებო, ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე არის-მეთქი.
„ვა, მომილოცავს, უკვე მოიყვანე ცოლი, ძმაო? წამო, ჩავიდეთ, ვიქეიფოთ, არ უნდა აღნიშნო ცოლის მოყვანაო?“ ატეხეს ერთი ამბავი. მართლაც, გაჩერდა თუ არა ტროლეიბუსი, ჩამოვედით და იქვე რესტორანში შევედით. ასე გადავიხადე უცხო ხალხისთვის პატარა ქორწილი.
„შერცხვენილი რძლები“
ჩემი ბიჭი 17 წლის იყო, როცა ცოლი შეირთო, რძალი კი 16 წლის გახლდათ. ძალიან გამიხარდა შვილის ბედნიერება, თან, პირველი რძალია და მინდა, „მამა“ დამიძახოს. ვერა და ვერ მოახერხა. როცა რამე დასჭირდებოდა, მომიახლოვდებოდა და მეტყოდა: ისა, იცით, თქვენ... რას ვეტყოდი, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი იყო.
ერთ დღესაც, ოჯახის წევრები სუფრას შემოვუსხედით. ეს ჩემი რძალი გვემსახურება. ცოტა დავლიე და შევზარხოშდი. უცებ, ტელეფონის ზარია. აიღო ჩემმა რძალმა ყურმილი, მერე მომიახლოვდა და მითხრა: ისა, თქვენ გთხოვენ ტელეფონზეო. მომენტს ჩავეჭიდე და ვუთხარი, გამოიხედე, გოგო აქეთ-მეთქი. შემომხედა – დიახ, გისმენთო. დიახ კი არა, შენ სანამ დედას ამას-იმას არ გიზამ, მანამდე „მამას“ არ დამიძახებ-მეთქი.
უნდა გენახათ, როგორი თვალებით შემომხედა. სამწუხაროდ, გაშორდნენ ჩემი შვილი და რძალი ერთმანეთს. ჩემმა ვაჟმა მოიყვანა მეორე ცოლი, წარმოშობით სვანი. ერთი მეგობარი მყავდა – ჯოტია ონიანი. ტრადიციების პატივისმცემელი, ვაჟკაცი და კარგი ადამიანი გახლდათ. რომ გაიგო, სვანი რძალი მყავს, გაგიჟდა სიხარულით.
ერთ დღესაც, დიდ სუფრასთან მოვხვდით. ერთი სიტყვით, დიდი პურმარილია და სერიოზული ხალხია მოწვეული. ადგა ჯოტია, წავიდა და ყველას დასანახავად სუფრის თავში დადგა. მივხვდი, რაღაცას მიჩალიჩებდა. უცებ ხმამაღლა, სვანური კილოთი დამიძახა, ყველას რომ გაეგო, ისე: ჯემალ, ეს მეორე რძალი რომ მოიყვანე, როგორია, „მამას“ გეძახისო? მეც, არც ვაციე, არც ვაცხელე და მივაძახე: მამას კი მეძახის, მაგრამ დედას აქეთ – იმას.