[დავით კირვალიძე]
საქართველოში რეფორმა ნიშნავს, პირველ რიგში, დაპატიმრებას, შემდეგ თანამდებობრივი კიბის გაწმენდას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგმევა სხვა ნაბიჯები. ასეთი მიდგომებია უმაღლესი სასწავლებლების მიმართაც. კონტროლის პალატისა და პროკურატურის აქტიურობის შედეგად “რეფორმა" აგრარულ უნივერსტიტეტში დაიწყო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურატურამ, კონტროლის პალატის მონაცემების შედეგად აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ყრუაშვილი დააკავა, რომელსაც საბიუჯეტო თანხების მითვისება ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პარალელურად უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო, კორუფციული გარიგების გზით, 2007-09 წლებში აგრარული უნივერსიტეტის სარემონტო და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისა.
ყრუაშვილმა სატენდერო კომისიის წევრებზე ზეწოლის შედეგად ტენდერში გაამარჯვებინა ორ შპს-ს, ასევე კორუფციული გარიგებაში შევიდა განათლების სამინისტროს ორ ექსპერტთან, რომლებმაც ხელმოწერით დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტში სამუშაოები 100%-ით შესრულდა, მაშინ როცა რეალურად სარემონტო სამუშაოების ნაწილი შესრულებული არ იყო.
ყრუაშვილთან ერთად, დაკავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის “იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის" ექსპერტები - ზურაბ მახოხაშვილი და ვაჟა ჯუღელი, ასევე - შპს “ეკოთერმის" 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თორნიკე არველაძე. მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.
გაყალბებული იქნა ტენდერით შესყიდული სამუშაოების შესრულების ფორმები, მიღება-ჩაბარების აქტები და ექსპერტთა მოხსენებითი ბარათები. აღნიშნული დანაშაულების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო/სამეურნეო უნივერსიტეტს საერთო ჯამში მიადგა 1.010.890,79 ლარის ოდენობის ზიანი. პროკურატურაში არ გამორიცხავე, რომ აღნიშნულ ფაქტზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავონ.
როგორც ჩანს აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირებამდე მისი “გაწმენდა" იგეგმება. “სასოფლოს" რეფორმირების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და განმარტა, რომ ჩამოყალიბდა კერძო ფონდი, განათლებისა და მეცნიერების ფონდი, რომელიც უნივერსიტეტის გარდაქმნაში მიიღებს მონაწილეობას.
გილაურის აზრი უნისონში გააგრძელა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომლის აზრითაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიონალების დეფიციტია და აგრარული უნივერსიტეტის რეფორმირება ამ დეფიციტის მოსაგვარებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
“კერძო ინვესტიცია შედის აგრარულ უნივერსიტეტში და სახელმწიფო და კერძო ინვესტორი ერთად დავიწყებთ ამ უნივერსიტეტის რეფორმირებას და შედეგად, ჩვენ მივიღებთ ევროპული დონის აგრარულ უნივერსიტეტს, სადაც ახალგაზრდები აითვისებენ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიებს და დაეხმარებიან სოფლის მეურნებას", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისი თქმით, აგრარული უნვიერსიტეტის რეფორმის ძირითადი ნაწილი ზაფხულისთვის დასრულდება და სახელმწიფო და კერძო ინვესტორები ერთობლივად შეძლებენ ქვეყანაში ევროპული დონის აგრარული უნივერსიტეტის ჩამოყალიბებას.
“სასოფლოს" მიმდინარე “რეფორმა" კონტროლის პალატის აქტიურობის შედეგია, რომელიც ამ უნივესიტეტში აუდიტორულ შემოწმებას კარგა ხანია რაც აწარმოებს. სხვათა შორის, პალატა სხვა უნივერსიტეტებშიც იკვლევს სახალმწიფო თანხების მიზნობრივ ხარჯვას. აუდიტორული დასკვნის შედეგები ერთ კვირაში იქნება მზად.
საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ალასანიას ალასანიამ განცხადებით, შედეგის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ექნება.
“ტექნიკურ და აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე აუდიტორული შემოწმება მიმდინარე კვირას დასრულდება და შედეგებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულად ყოველწლიურად ხორციელდება აუდიტორული შემოწმება. 2 წლის წინათ ეს შეეხო სამედიცინო უნივერსიტეტს, ასევე 2010 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს. შარშან ქუთაისში მდებარე აფხაზეთის სუბტროპიკულ ინსტიტუტი შემოწმდა და წელს უკვე ეს სასწავლებელი გაუქმებულია, მიწათმოქმედების ინსტიტუტი კი შემოწმების შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტს შეერთდა", - განაცხადა გიორგი ალასანიამ.
მისივე თქმით, სკოლებს კონტროლის პალატის აუდიტორები 21 მარტს ეწვივნენ. “საჯარო ინტერესის ნუსხაში არის ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა. ამ ნუსხაში შედის სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაც, ეს არის ჩვეულებრივი აუდიტორული პროცედურა, რომელიც კონტროლის პალატის 2011 წლის პრიორიტეტებით არის განსაზღვრული", - აღნიშნა ალასანიამ.