გია კორკოტაშვილი: ლაყაფისა და  ენის ტლიკინის მეტი მე საქართველოში ვერაფერი ვნახე

გია კორკოტაშვილი: ლაყაფისა და ენის ტლიკინის მეტი მე საქართველოში ვერაფერი ვნახე

ბოლო დროს ლევან გაჩეჩილაძის თანაპარტიელი, აქტიური ოპოზიციონერი გია კორკოტაშვილი, იგივე კორკოტა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ გამოჩენილა. გამონაკლისი იყო პატიმართა სოლიდარობის აქცია, როცა მან უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადა. ამდენად, საინტერესოა, რას ფიქრობს იგი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ხედავს თუ არა პარალელს ახლო აღმოსავლელ და ქართველ ხალხს შორის, როგორ შეფასებას აძლევს ლევან გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებულ რევოლუციას. ამის შესახებ თბილისის კოლოროტი კორკოტა გვესაუბრება.

 

მიაღწევს მიზანს საქართველოში ცალკეულ პირთა ორგანიზებით მოწყობილი საპროტესტო აქციები?

- მიზნის მიღწევა ცოტა რთული ცნებაა. ადამიანებმა საკუთარი საპროტესტო პოზიციის გამოხატვა უნდა დაიწყონ. ღვთის წყალობა თუ იქნება და საკუთარი ქმედებით კეთილ საქმესაც თუ ემსახურებიან, მაშინ თავად უნდა გაიტანონ კბილებით ის საქმე, რასაც სიკეთე ჰქვია. ეგრე, მაშინ, მოყოლებული ქრისტედან, ვერცერთი საქმე ვერ ეწეოდა თავის ფინალს. სიკეთეს შეწირვა სჭირდება, ყველაფრის გაღება სჭირდება. თუ იდეაში ხარ ადამიანი და სისუფთავეს ემსახურები, არა მგონია, არ მიაღწიო მიზანს. ქვეყნიერება მაინც ბოროტის დასაბამია და ყოველთვის ბოროტის წინაშე ხარ ომსა და დავიდარაბაში.

 

როგორ შეაფასებთ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, იგი რევოლუციებს ჰპირდება ხელისუფლებას.
- მისი განცხადების შესახებ მე ვერაფერს მოგახსენებთ. ლევანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ლევანი თუ რევოლუციას ჰპირდება ხალხს, თავად მას უნდა ჰკითხოთ. 

 

აქვს ხალხს იმის სურვილი, კიდევ ერთხელ ენდოს ცალკეულ ადამიანებს და კვლავაც გამოვიდეს?

- საქმე რაშია, გეტყვი, ჩემო კარგო. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი მიდგომა. კაცი რომ იბადება, თავის ტალანტს აძლევს უფალი, რაც უნდა გახარჯოს. დანარჩენი, უკვე  თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. ლაყაფისა და  ენის ტლიკინის მეტი მე საქართველოში ვერაფერი ვნახე. ერთმანეთის წამხედურობა, ერთმანეთზე ტალახების მისხმა. ჩვეულებრივად მაცხოვრებელ ქვეყანაში ადამიანები იქითკენ იღწვიან, რომ ნორმალური ცხოვრება მოიყვანონ და დანარჩენი, აგერ არ არის? ქართველი ხალხი არსებობს, ეგეთი ცნება, რომელიც არასდროს არ შერიგებია და არც შეურიგდება იმას, რასაც ჰქვია ნორმალური ცხოვრება.

 

ანუ გამოვა ხალხი?

- არ ვიცი. ვერ გეტყვით იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის თვითშეგნება თუ არ არის ამაზე მისული, ვერ გამოვა.

 

ლიბიაში, ეგვიპტეში მომხდარ მოვლენებს როგორ შეაფასებდით? რა განსხვავებაა ქართველებსა და აღმოსავლელ ხალხს შორის, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით რევოლუციებით ამხობენ მუბარაქს, კადაფის...

-  ერთი თვალსაზრისის გამო, პარალელს აბსოლუტურად ვერ  გავავლებ. იქ საკუთარი ისტორია აქვს ამ ხალხს და თავისი წესით ცხოვრობენ. თორემ ერთი-ორი მამელუქი კი მოუხდებოდა ჩემს ქვეყანას. რაც ჩვენ მამელუქები ვაძლიეთ ეგვიპტეს, ახლა დროა, ეგვიპტელებმაც გამოუშვან აქეთ მამელუქები.

 

მენტალობა განსხვავებული გვაქვს?

- მენტალობა აბსოლუტურად ერთი და იგივე შეიძლება იყოს. აქ ძირითადად მოქმედებს ადამიანის შიდა ადუღების ტემპერატურა, რამხელა არის. ეტყობა, არ არის ადუღებული და ნორმალურად გრძნობს ჩვენი მოსახლეობა თავს და შიშით რაღაცას გადააგორებს, მოიტყუებს თავს ან ვინმეს დააბრალებს, რომ მისი ბრალია. თორემ შიდა ტემპერატურა თუ არის მაღალი, მაშინ არ არსებობს, სხვანაირად ვერც გამოვა- საკუთარი პოზიციის გამოხატვას არ შეუშინდება.