კომპანია RMG gold-ის თანამშრომლები და გეოლოგების ნაწილი აცხადებენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში ათასწლეულების წინ ოქროს მოპოვების შესახებ ინფორმაცია საეჭვოა, რადგან საყდრისის ტერიტორიაზე არსებული მადნიდან ოქროს გამოთავისუფლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი რთულია.
კომპანია RMG-მ საყდრისში ჟურნალისტებისთვის სპეციალური მედიატური მოაწყო. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის და მახლობლად მდებარე გვირაბის დეტალურად დათვალიერების საშუალება მიეცათ. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფრომაციის გამჭვირვალობას პრიორიტეტად მიიჩნევენ და მედიატურიც, სწორედ, ამ მიზნით დაგეგმეს.
„ერთ ტონა ქანში არის 0,5-დან 1 გრამამდე ოქრო. ეს ნიშნავს იმას, რომ ათასწლეულების წინ აქ მომუშავე ადამიანებს უნდა მოენგრიათ მასა, ოქრო რომ გამოეთავისუფლებინათ, ამ მასის დაფქვა-დაქუცმაცება მოუწევდათ. დარწმუნებული ვარ, ვერ განსაზღვრავდნენ, რომელია მადნიანი და რომელი უმადნო ქანი. თანამედროვე ტექნოლოგიით როდესაც ვმუშაობთ, მადნიდან ოქროს შემცველობის მხოლოდ 60-70%-ის გამოთავისუფლებას ვაღწევთ. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი“,- აცხადებს RMG gold-ის მთავარი გეოლოგი თორნიკე ლიპარტია.
კიდევ ერთი გეოლოგი, დავით მელაშვილი აცხადებს, რომ ყაჩაღიანის გვირაბის გაყვანაზე პირადად მუშაობდა, ეს გვირაბი კი 80-იან წლებში გაითხარა. მელაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უძველესი მაღაროს არსებობაზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.
„ამ ტერიტორიას აბულმუკი ერქვა. უშუალოდ ამ უბანს კი - ყაჩაღიანი ჰქვია. საყდრისი მოგვიანებით, ორსაყდრისთან სიახლოვის გამო დაერქვა. უსიამოვნოა, როცა სახელითაც კი სპეკულირებენ. საჯაროდ ქვეყნდება გვირაბში გადაღებული ფოტომასალები, გვირაბი კი გაყვანილია 80-იან წლების შუა ხანებში. მე გახლავართ ერთ-ერთი გეოლოგი, რომელიც აღნიშნული გვირაბის გაყვანის დროს აქ მუშაობდა. ორი წელია მიდის საუბარი იმის შესახებ, თითქოს, რამეს ვანგრევთ. არ ვიცი, ამას რატომ გვაბრალებენ. ამ გვირაბში მუშაობა მიმდინარეობდა 80-იანი წლების შუა ხანებსა და 90-იანი წლების დასწყისში. მას შემდეგ არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. არც ახლა მიმდინარეობს რამე სამუშაოები“,- აცხადებს დავით მელაშვილი.
გეოლოგი მიიჩნევს, რომ 4500 ან 5000 წლის წინ ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ამბავი ძალიან საეჭვოა.
„ეჭვის საფუძველს მაძლევს ქანების სიმტკიცე, მხოლოდ და მხოლოდ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებით შეიძლება მისი დამსხვრევა და ოქროს მოპოვება. საინტერესო ის არის, რომ აქ ქანების დამუშავება ქვის იარაღით გამორიცხულია, ფოლადით კიდევ შეიძლება გატეხო. გვირაბის ტერიტორიაზე ქვის იარაღების პოვნას რაც შეეხება - ასეთი იარაღები ამ რაიონში სხვაგანაც უხვად არის ნაპოვნი. და ეს იარღაები მარცვლოვანი კულტურების დასაფქვავად გამოიყენებოდა. ძალიან საეჭვოა გვირაბში აღმოჩენილი ნახშირის არქეოლოგიური დათარიღება. აღნიშნული ნახშირი, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო ადგილობრივი, ან - ქარს მოეტანოს. ხომ შეიძლება, 10 ათასი წლის წინ საიდანღაც ხანძარი გაჩნდა, ან რაღაც მოხდა და ქარმა ჩააქრო. ერთი სიტყვით, ამ ფაქტში უამრავი რამ არის საკამათო. მე არ ვიცი სხვა არქეოლოგიური არგუმენტი, რომლითაც შეიძლება საუბარი იყოს ამ ნაპრალის 5 ათასი წლის წინანდელობაზე“,- აცხადებს დავით მელაშვილი და განმარტავს, რომ ყაჩაღიანის გვირაბში არსებულ ნაპრალებში ცეცხლის დანთების შემთხვევაში უამრავი ნახშირი უნდა ყოფილიყო დარჩენილი, გვიარაბის გაყვანის სამუშაოების დროს კი მსგავსი არაფერი უნახავს.
კომპანია RMG-ის სამართლებრივი მრჩეველი, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რომ საყდრისის-ყაჩაღიანი რომ არქეოლოგიური და კულტურული ობიექტია, ამაზე კომპანია უკვე აღარ დავობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი საკითხია გასარკევვი - არის თუ არა იგი კულტურული ძეგლი.
„თუ აქამდე ამ საყდრისი-ყაჩაღიანის სადავო ბორცვის რაობასთან დაკავშირებით საკამათო იყო ის, იყო თუ არა ეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, იგივე არქეოლოგიური ობიექტი, დღეს ეს კომპანიისთვის საკამათო არ არის და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად არის არქეოლოგიური ობიექტი ანუ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყდეს ობიექტზე სამთამადნო საქმის წარმოება, აუცილებელია დადგინდეს, გააჩნია თუ არა ობიექტს კულტურის ძეგლის სტატუსი. ამ მიზნით უახლოეს დროში ობიექტის სრული არქეოლოგიური შესწავლა ჩატარდება და იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელიც დაიდება, კომპეტენტური ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, იმსახურებს თუ არა ეს ობიექტი ძეგლად აღზევებას. დადებით შემთხვევაში, თუ ძეგლის სტატუსს მოიპოვებს, მაშინ აქ სამთამადნო საქმიანობა არ განხორციელდება, ხოლო უარყოფით შემთხვევაში, კანონი დასაშვებად მიიჩნევს სამთამადნო საქმიანობის განხორციელებას“,- აცხადებს კბილაშვილი.
კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი განმარტავს, რომ RMG-ის ახალი სტრატეგიის არსი ისეთი ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც კანონის შესაბამისი იქნება და სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
„კანონი ადგენს, რომ არქეოლოგებმა უნდა ჩაატარონ სრული არქეოლოგიური შესწავლა. არ ადგენს არქეოლოგებს ვინაობის, ეროვნების და არც სხვა ნიშნით. აქედან გამომდინარე, აქ სრული სივრცე და თავისუფლებაა. კონკრეტულად რომელ არქეოლოგიურ ჯგუფს და ინსტიტუტს მიენიჭება ამის უფლება, ჯერ ცნობილი არ არის, საწარმოს მფლობელის მიერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მთავარი ამოცანაა, შეირჩეს ისეთი ჯგუფი და ინსტიტუტი, რომელიც ნდობას დაიმსახურებს და ბევრ კითხვას არ გამოიწვევს. ის, რომ არქეოლოგიურ ჯგუფს ანაზღაურება უნდა გადაუხადონ, სადავო არ არის, უსასყიდლოდ არავინ ჩაატარებს კვლევას. ერთადერთი დაინტერესებული სუბიექტი, ვისაც შეუძლია გაიღოს ეს ხარჯები არის კომპანია, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ დასკვნის სანდოობა იყოს ეჭვქვეშ. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს ექსპერტიზას, იხდის საფასურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა, ამიტომ, უკანონოა“,- აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
RMG-ის სამართლებრივი მრჩეველი კომპანიის ახალი სტრატეგიის კონტექსტში საყდრისის საკითხზე სასამართლოში მიმდინარე დავასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ რადგან კომპანიისთვის საყდრისის ბორცვი არა მხოლოდ ბორცვი, არამედ, კულტურული ობიექტია, ამით სასამართლო პროცესების მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება.
„კულტურული მემკვიდრეობა რომ არის, ეს უკვე სადავო აღარ არის, რაც შეეხება ძეგლის სტატუსს, ანგარიშის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანო ხელახლა იკვლევს ამ საკითხს. პრაქტიკულად, არსებულმა დავებმა დაკარგა შინაარსი, ამიტომ, როგორ დასრულდება ეს დავები, ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს“,- აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
რაც შეეხება სამომავლოდ ჩასატარებელ კვლევას და ამ მიზნით არქეოლოგთა ჯგუფის დაქირავების საკითხს, კვლევაში მონაწილე კონკრეტული არქეოლოგების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ, უკვე ცნობილია, რომ კომპანია არქეოლოგების ჯგუფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად შეარჩევს.
***
ვიდრე არქოლოგების სპეციალური ჯგუფი საყდრისის, როგორც კულტურული ძეგლის, სტატუსზე კვლევას ჩაატარებს, საყდრისის ბორცვის მოპირდაპირედ კვლავ რჩება საპროტესტო კარვები, სადაც „საყდრისის მცველები“ მორიგეობენ და ბორცვზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრთა ნაწილი კი საყდრისის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს თბილისში აკვირდება.
საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე ოქროს მოპოვების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საყდრისის კულტურული ობიექტი უნიკალურია, რადგან პრეისტორიულ ხანაში, ოქროს ინდუსტრიული წესით, სწორედ, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში მოიპოვებდნენ და ამ ფაქტის აღიარება მალე მთელ მსოფლიოს მოუწევს.