ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებაზე“ იმსჯელებენ ხვალ, უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში. სწორედ კრიზისების საბჭოზე გააჟღერებს პრემიერ-მინისტრი მის იდეას აფხაზებთან მიმართებაში. როგორც პრემიერი ამბობს, იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან თავს იკავებს, ვინაიდან ჯერ სურს, რომ უსაფრთხოების ფორმატში მოხდეს ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ, გახდება საჯარო.
„რაც შეეხება „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, ეს ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. მე ძალიან მაინტერესებს რუსეთის ხელისუფლების საბოლოო პოზიცია. ასევე, არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ჩვენს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს ასეთი ნაბიჯით. ეს წესით არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და რუსეთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
„ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირი რეკომენდაცია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და ამის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება, რის შედეგადაც გაიზარდა ექსპორტი რუსეთში.
ჩვენ დღემდე არ დაგვიკლია მცდელობა, რათა წარმოგვეჩინა, რომ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ჩვენს ამ მცდელობებს პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საფრთხე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ გაიზრდება და რჩება იგივე. მისი თქმით, აქ სხვა რამეზეა საუბარი - ეს არის დასაწყისი იმ დიდი გეგმის, რომელსაც რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი დაიწყოს.
„ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე დააყენებენ ამ საკითხს, რომ თქვენ, თუ გინდათ ამ პროცესის შენელება მოხდეს რუსეთის მხრიდან, მაშინ უნდა გაკეთდეს არჩევანი - ან საქართველოს დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება, ან რუსეთთან გასაღების ძებნა ამ კონფლიქტების გადაწყვეტის, რომელიც, ბუნებრივია, არასდროს იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ის რიტორიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ბოლო პერიოდში ისმის, მოსალოდნელი იყო.
„ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან და მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო ასე დაუახლოვდა ნატოს და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იქნება გაზრდილი. ამ პაკეტის (ნატო-საქართველოს) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის, რომ ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები დაეხმარონ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში. რაც შეეხება რიტორიკას, რომელიც გვესმის რუსეთის ფედერაციიდან, ეს მოსალოდნელი იყო. ამგვარი რიტორიკა გვესმოდა, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
უკვე ცნობილია, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ გადახედვას არ აპირებს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების პროექტის ამ სახით მიღებას ეწინააღმდეგება პარტია „ამცახარა“. აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ასეთი სახის დოკუმენტს ვერავინ დაეთანხმება, რადგან მასში ისეთი წინადადებებია, რომლებიც სერიოზულად ზღუდავს საუკუნეების განმავლობაში აფხაზი ხალხის მიერ ტანჯვით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ამავე აზრზე არიან პარლამენტარები, პარტიები და რიგითი მოქალაქეები. „ამცახარას“ წარმომადგენლების განცხადებით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობაში იქნება აფხაზეთის სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე შეთანხმება და სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება.
„მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აუცილებლობა ახალი შეთანხმების დადებისა და მით უფრო, მისი ხელმოწერის ვადების ფორსირების. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კონსენსუსი ვერ შედგება, პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ იტოვებს უფლებას, მიმართოს ხალხს მოთხოვნით, ჩატარდეს საერთო-სახალხო შეკრება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მთელ რიგ დებულებებში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პოზიციებში აზრთა სხვადასხვაობაა. შესაბამისად, დე-ფაქტო უწყებებსა და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციას დაევალა შეიმუშავონ აფხაზური მხარის ვარიანტი. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმების დებულებები რესპუბლიკის კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს და 2008 წელს დადებულ მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს.
რაც შეეხება გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე არ აპირებს მთლიანად აფხაზური ჯარის ჩართვას. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ცალკეულ დაჯგუფებებზე. ასევე, აფხაზური მხარე აპირებს შეთანხმების პროექტში შეიტანოს წინადადება რუსეთის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით დახმარების შესახებ.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გაუქმებას არავინ აპირებს. საქმე ეხება საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის ეტაპობრივ გამარტივებას მდინარე ფსოუზე. ეს პროცესი უნდა წარიმართოს პარალელურად საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაცვის გაძლიერების ფონზე. აფხაზური მხარე აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოსთან საზღვრის თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვის შესახებ. შეთანხმების მომზადება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მზად უნდა ვიყოთ ვითარების სხვადასხვაგვარად განვითარებისთვის“, - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ შესახებ საკითზე ჟენევის ფორმატში იმსჯელეს დავით ზალკანიანმა და გრიგორი კარასინმა.
„ჟენევის დისკუსიების შეემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თევა ეს საკითხი იყო მათი შესწავლის საგანი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკოორდინირებულ მუშაობას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს საქართველოს მთავრობს. ჩამოსაყალიბებელია ერთიანი პოლიტიკა. თუ ქვეყანას არ აქვს ერთიანი პოლიტიკური გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ამ ურთულესი კრიზისიდან, ჩვენ ვერანაირ შედეგს, როგორც რუსეთთან მიმართებაში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობაში, ვერ მივაღწევთ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტთან ერთად უშიშროების საბჭოს ფარგლებში, კონსტიტუციურად განსაზღვრულ ფორმატში მთავრობა პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით მუშაობს, თუ როგორ გადალახო ეს კრიზისი, გაცილებით აადვილებს და ეფექტურს ხდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ თემაზე საუბარს, რომელიც უკვე აღელვებს ევროპას უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, იქნება ეს ყირიმი, აფხაზეთი თუ სხვა.
„ცალსახად ხედავენ, რომ ეს ემსახურება ახალი რუსეთის შექმნას, რომელიც სრულ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო ნორმებს. ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი და კრიზისების საბჭოში ამ საკითხის განხილვა, ერთიანი შედეგის მომტანი არაა“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.