იაპონიის კატასტროფა მთელ მსოფლიოზე აისახა

იაპონიის კატასტროფა მთელ მსოფლიოზე აისახა

იაპონიის კატასტროფამ ნათლად აჩვენა ის, თუ რამდენად მყიფე გახდა მსოფლიოს ეკონომიკა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქარხნებმა წარმოება შეანალეს იმის გამო, რომ ნაწილების დეფიციტს განიცდიან, მაგრამ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ფუკუსიმაში ბირთვულ კატასტროფასთან დაკავშირებული ვითარება არ გაურესდება

 

ტოკიოდან მულფინგენამდე და კიუნცელზაუმდე დაახლოებით ცხრა ათასი კილომეტრია, მაგრამ იაპონიის დამანგრეველ ტალღას დიდი დრო არ დასჭირდა იმისთვის, რომ გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბადენ-ვიურტემბრგის ფედერალური მიწის ამ ორ ქალაქამდე მოეღწია. ამ რეგიონში რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის საწარმო მუშაობს, მაგალითად EBM Papst და Ziehl-Abegg, რომლებიც  მსოფლიოში ვენტილატორების და ვენტილაციის სპეციალიზებული სისტემების წამყვანი მწარმოებლები არიან.

 

ჩვეულებრივ ეს კონკურენტი კომპანიებია, თუმცა დღეს ერთ ბედქვეშ აღმოჩდნენ. ერთ-ერთი საკვანძო მომმარაგებელი, იაპონიის ჩრდილოეთში მდებარე გიგანტ Toshiba-ს ქარხანა, რომელიც კომპიუტერულ მიკროსქემებს აწარმოებს, მწყობრიდან გამოვიდა. მართალია ქარხანაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება რთულია, თუმცა ყველა ის ცნობა, რაც გერმანული კომპანიების ტოპ-მენეჯერებამდე აღწევს იმას მოწმობს, რომ მიწისძვრამ და ცუნამმა მიკროსქემების ქარხანა სერიოზულად დააზიანა.

 

„თუკი მომარაგება შეფერხდება, შეიძლება მთელი საწარმოო პროცესი გაჩერდეს“ – აცხადებს Ziehl-Abegg-ის ხელმძღვანელი პიტერ ფენკელი.

 

„ველოდებით რომ ჩვენი მომარაგების ხაზები ერთი ან ორი კვირით გაჩერდება“ – ამბობს კომპანია EBM Papst-ის წარმოების ხელმძღვანელი ჰანს-იოჰენ ბაილკე.

 

მართალია, იაპონიის კატასტროფის მასშტაბი ბოლომდე ჯერ ცხადი არ არის, თუმცა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ არსებული ეკონომიკური ზარალი სერიოზულია. მსოფლიოს მესამე ეკონომიკა იაპონია საქონელს მთელ მსოფლიოს აწვდის. იაპონური კომპანიები მსოფლიო ბაზრებს აწვდიან მეხსიერების თანამედროვე მიკროსქემებს, ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს, კამერებს და ავტომობილებს. ფრანგული ბანკის Crédit Lyonnais-ის შეფასებით, მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის 20%-ით იაპონია ამარაგებს.

 

გამანადგურებელმა მიწისძვრამ და ცუნამიმ, რომელიც ქვეყანას 12 დღის წინ თავს დაატყდა (რასაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოჰყვა), სერიოზულად შეამცირა წარმოება. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს, თუკი „ფუკუსიმას“ ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორებზე ფართომასშტაბიანი კატასტროფის აღკვეთის მცდელობები მარცხით დასრულდება.

 

ეკონომიკის ბირთვული ზამთარი

ვალუტით მოვაჭრეები ცდილობენ იენაზე მოთხოვნის გაზრდას, რადგან ელოდებიან რომ ქვეყნის აღდგენა მილიარდები დაჯდება. ზოგიერთ ეკონომისტს ეშინია მსოფლიო რეცესიის, „ეკონომიკის ბირთვული ზამთრის“, როგორც მას გასულ კვირას ფრანკფურტში ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრემ უწოდა.

 

თავის დროზე იაპონიამ მსოფლიოს ასწავლა ის, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე წარმოება, თუმცა დღეს სწორედ იაპონიის კატასტროფამ გააჩერა მსოფლიოს მომარაგების სისტემა. კომპანია Porsche-ს მიერ წარმოებულ ჯიპებზე Cayenne, გადამცემ ყუთებს იაპონიის ქარხანა Aisin-ში ამზადებდნენ, სადაც წარმოება გართულებულია. დაზიანებული ქარხანა Toshiba, Apple-ის ფირმის პლანშეტური კომპიუტერების iPad-ისთვის მეხსიერების მნიშვნელოვან მიკროსქემებს აწარმოებს. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Opel-მა უკვე გამოაცხადა, რომ ამ კვირაში საკუთარ ქარხანაში ქალაქ აიზენახში იაპონური ნაწილების დეფიციტის გამო ზოგიერთ სამუშაო განრიგს ცვლის.

 

სავაჭრო გზები უკვე დაზარალდა. კომპანია Hapag-Lloyd-ის სატვირთო ხომალდები ვეღარ ჩერდებიან განადგურებულ პორტ სენდაიში. კომპანია Lufthansa Cargo რადიაციის რისკის გამო აღარ აგზავნის რეგულარულ რეისებს ტოკიოში. მსოფლიოში სადაც ქარხნებს ადგილზე დიდი მარაგები აღარ აქვთ, მათთვის აუცილებელია მუდმივი მომარაგება. თუკი მიწოდებები წყდება, ქარხნებს ხშირად კომპონენტები მხოლოდ რამდენიმე დღე ჰყოფნით.

 

დღეს კომპანიების EBM Papst-ის და Ziehl-Abegg-ის ქარხნების მომარაგების ხაზები მხოლოდ რამდენიმე ელექტრონულ კომპონენტზეა დამოკიდებული იაპონიიდან, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ცენტი ღირს, მაგრამ ეს ტრანსფორმატორები, რეზისტორები და მეხსიერების მიკროსქემები ბევრ პროდუქციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტებია, დაწყებული კომპიუტერების და საავტომობილო ძრავის ვენტილაციიდან დამთავრებული კონდიცირების სისტემებამდე ნიუ-იორკის ცათამბჯენებსა და მექის სასტუმროებამდე.

 

პოტენციური საფრთხე

„ეს ჩვენზე უდაოდ აისახება“ – ამბობს Ziehl-Abegg-ის ხელმძღვანელი ფენკელი. მისი შეკვეთების წიგნი გადავსებულია, თუმცა მისი საწყობები სამწუხაროდ არა და იმ შემთხვევაშიც, თუკი ის ნაწილებს საკმაოდ სწრაფად მიიღებს, ეკონომიკისთვის რისკები რჩება. „რა არის კარგი იმაში, თუკი ჩვენ ავტომწარმოებელს ჩვენს ვენტილატორებს დროულად მივაწვდით, იმ დროს როდესაც იგივეს ვერ გააკეთებს საწვავის საქაჩის მიმწოდებელი, რომელსაც ასევე არ ჰყოფნის ნაწილები იაპონიიდან?“ – კითხულობს ფენკელი.

 

გერმანულ კომპანიებს პოტენციურად ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე აზიურ და ჩრდილო-ამერიკულ ეკონომიკებს. იაპონიას და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში დაახლოებით 35 მილიარდი ევროა, ხოლო იაპონიას და ჩინეთს შორის - გაცილებით დიდი.

 

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონების აღდგენას დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი (142 მილიარდი ევრო) დასჭირდება. რა თქმა უნდა ძვირია, მაგრამ - შესაძლებელი. დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ კობეს აღდგენას დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დასჭირდა, მაგრამ ეს ძალისხმევა ერთგვარ ეკონომიკურ სტიმულად იქცა იაპონური ეკონომიკისთვის.

 

მაგრამ თუკი „ფუკუსიმას“ ელექტროსადგურის დაზიანებულ რეაქტორებზე სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, მომავალი უფრო პირქუში იქნება. თუკი ფუკუსიმას პრეფექტურის მნიშვნელოვანი რაიონები ცხოვრებისთვის სამუდამოდ უვარგისი გახდება, მსოფლიო ეკონომიკისთვის ეს უდიდესი შოკი იქნება.

 

ყველაზე არასასურველი ვარიანტი

„სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიას დაემსგავსება“ – ამბობს კლაუს-იურგენ გერნი, ქალაქ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტიდან. სადაზღვევო კომპანია Allianz Insurance-ს მთავარი ეკონომისტის მაიკლ ჰაიზეს პროგნოზი ასეთია: „ეს შეარყევს ფინანსურ ბაზრებს და შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი გააჩეროს“.

 

კერძო შვეიცარული ბანკი Bank Sarasin-ის პროგნოზით, უარეს შემთხვევაში თუკი ქვეყნის მსხვილი რაიონები რადიაციით დაავადდება, იაპონია საბოლოოდ დაკარგავს მისი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს. ეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას დაახლოებით ერთი პროცენტით შეაჩერებს.

 

სიტუაციის ცვალებადობას ნათლად ასახავს საფონდო და სავალუტო ბაზრები.  გასულ კვირას ტოკიოს საფონდო ბირჟის ინდექსი 15%-ით შემცირდა, მანამ სანამ მკვეთრი ზრდისა და ვარდნის ცვალებად ფაზაში შევიდოდა. გასულ პარასკევს ბაზრების დახურვის მომენტისთვის ბევრმა კომპანიამ კვირის დასაწყისში მიყენებული ზიანის გამოსყიდვა შესძლო და ფასიანი ქაღალდების კურსის ზრდა ამ კვირაში გაგრძელდა.

 

ის ვინც ელოდებოდა, რომ იაპონური იენი ამ რთულ დროს ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდა იმედი გაუცრუვდა. სინამდვილეში პირიქით მოხდა – იენის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება.

 

გასულ ხუთშაბათს ერთ ამერიკულ დოლარს მხოლოდ 76 იენად ყიდულობდნენ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაცვლის ყველაზე დაბალი კურსია. იმ მომენტში მსოფლიოს საკვანძო განვითარებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ საკმარისი იყო. ყველამ ერთად ბაზარზე იენი გაყიდა, რათა დროებით მაინც შეეჩერებინა იაპონური ვალუტის კურსის ზრდა.

 

ექპსპორტზე დამოკიდებულმა იაპონურმა კომპანიებმა შვებით ამოისუნთქეს. ამ კრიზისულ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

 

თუკი რა თქმა უნდა ისინი შესძლებენ საერთოდ რაიმეს წარმოებას.

[foreignpress.ge]