პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი გახდნენ.
პარლამენტმა აღნიშნული კანდიდატები ზაფხულზე კენჭისყრაზე ჩააგდო, პრეზიდენტმა უწყებას კანდიდატურები თავიდან სექტემბერში წარუდგინა და საკითხის განხილვა კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობდა. ერთი მხრივ, მმართველმა გუნდმა საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული ფორმატში განიხილა, მეორე მხრივ კი, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თავად კანდიდატებთან გამართა.
for.ge-ს ინფორმაციით, ბაქაქური და ძლიერიშვილი გუშინ უმრავლესობას შეხვდნენ, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაში ბაქაქურმა 93 მომხრე ხმა მიიღო, ხოლო ძლიერიშვილმა 99.
ნინო ბაქაქურის განცხადებით, მათი მიზანია, რომ საქართველოში ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას.
როგორც for.ge-ს ბაქაქურმა განუცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსამართლის სახელი საქართველოში სამართლიანობასთან და კომპეტენტურობასთან ასოცირდებოდეს.
„ჩვენი მთავარი დანიშნულებაა, სამოსამართლო სამართლის განვითარებას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ადამიანის უფლებების დაცვას ხელი შევუწყოთ“, - დასძენს ბაქაქური, რომელსაც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დადებითად ახასიათებს.
დეპუტატი ამბობს, რომ ბაქაქური მისი მეგობარია, რომელიც ღირსეული მოსამართლეა.
ხიდაშელის განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საინტერესო პროცესი წარიმართა. მისი თქმით, არსებულმა პროცესებმა საზოგადოებას აჩვენა, რომ უმრავლესობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება.
„სიტუაცია საინტერესო განსაკუთრებით იმ ფონზე არის, როდესაც მომავალ წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასარჩევი იქნება. ბევრ მოსამართლეს ვადა გასდის და ამ პროცესის გავლა კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს. ნინო ჩემი მეგობარია და თუკი არსებობს იდეალური მოსამართლე, ის ასეთი ადამიანი იქნება. ბაქაქურის პრინციპულობას მისი სასამართლოდან წამოსვლის გადაწყვეტილებაც ადასტურებს“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
უმრავლესობის მსგავსად, მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სხვა პოზიციაზე ვეღარ დარჩებოდა, რადგან ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა. რატიანის მოსაზრებით, მოსამართლეებად არჩეული პირები პროფესიონალები არიან.
„დადებითი მოვლენაა, რომ უმრავლესობამ პრეზიდიენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი ახლა მაინც დაუჭირა. მათი რეპუტაციის შესახებ ვიცით. ცნობილია, რომ ისინი საკმაოდ პროფესიონალები არიან. როგორც ჩანს, ამჯერად უმრავლესობის პოზიცია სხვანაირი იყო, რადგან მიხვდნენ, რომ სხვა გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა“, - დასძინა რატიანმა.
ბაქაქური და ძლიერიშვილი ახალ თანანმდებობებზე საქმიანობას უახლოეს მომავალში შეუდგებიან. რაც შეეხება მათ ბიოგრაფიას, ბაქაქურს იურისტად მუშაობის 16-წლიანი და მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2008 წლიდან დღემდე იგი მუშაობს იურიდიულ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ და წარმოადგენს მის ერთ-ერთ პარტნიორს. მან ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. ზურაბ ძლიერიშვილი კი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრია და თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრია. ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი.