საით მიდის საქართველო?! (მოსაზრება I ნაწ.)

საით მიდის საქართველო?! (მოსაზრება I ნაწ.)

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან 2 წლის შემდეგ, რამდენიმე მიმართულებით წინსვლის პარალელურად, საქართველო კვლავ არაერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. საზოგადოება გათავისუფლდა შიშის სინდრომისგან, განხორციელდა სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაცია და მნიშვნელოვანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში; დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი; სასამართლო და მედია იქცა ხელისუფლების ზეწოლისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებად. თუმცა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება და უმუშევრობის დაძლევა ხელისუფლების მთავარ გამოწვევებად რჩება. 

რამდენად გაამართლა ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილის ნდობა ახალმა ხელისუფლებამ მმართველობის 2 წლის განმავლობაში? რა წარმატებებს მიაღწია მან და რა მიმართულებებით შეექმნა სერიოზული პრობლემები? რატომ განსხვავდება მკვეთრად ქვეყანაში არსებული სიტუაციის და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ხელისუფლებისეული ანალიზი ოპოზიციის შეფასებებისგან? რატომ წარმოიშვა დაპირისპირება ხელისუფლების სამთავრობო და საპრეზიდენტო შტოებს შორის და რა შეიძლება მოუტანოს ამან ქვეყანას? რა მდგომარეობაშია ქართული მედია და როგორ ასახავს იგი ქვეყანაში არსებულ რეალობას? რა ხდება საქართველოში დღეს რეალურად და როგორია ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივები? - ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს ქართულ საზოგადოებას აღელვებს.

თავისუფალი მედიის პრობლემები თანამედროვე საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მედია საქართველოში მხოლოდ ნაწილობრივ იყო თავისუფალი, ხოლო მისი დიდი ნაწილი უზურპირებული იყო ხელისუფლების მიერ საკუთრი და არა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ. მაშინ წამყვანი სატელევიზიო არხების საინფორმაციო პოლიტიკის უცილობელი შემადგენელი ნაწილი იყო ხელისუფლების ზღვარგადასული პიარი და ისეთი სურათის წარმოჩენა, რომლის მიხედვითაც საქართველო წარმატებულ და რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მხრივ მისაბაძ ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო განსხვავებული, ოპოზიციური აზრის იმ რაკურსით წარმოსახვა, რომელიც ხელისუფლებას აძლევდა ხელს. გარდა ამისა, ხშირი იყო მედიის დატერორების და ჟურნალისტებზე უშუალო ძალადობის ფაქტები, რისი აპოგეაც ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და მისი დარბევა იყო. სწორედ „იმედში“ გასული მოდელირებული „ქრონიკით“ გამოიჩინა თავი ხელისუფლებამ 2010 წლის მარტში საზოგადოების დაპანიკებისა და დაშინების საქმეში. ამდენად, მედიის სრულად გათავისუფლება სახელმწიფო კონტროლისგან და პირიქით, მისი გადაქცევა ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად - ეს გამოწვევა „ქართული ოცნების“ კოალიციამ 2 წლის წინ მიიღო.

დღეს მედიის დამოუკიდებლობის პრობლემაზე და მედიაზე ხელისუფლების მხრიდან მასობრივ ზეწოლაზე საქართველოში თითქმის აღარავინ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ზედიზედ მეორე წელია, რაც პირველ ადგილზეა. ეს ფაქტები საშუალებას უნდა აძლევდეს საზოგადოებას მიიღოს მრავალმხრივი, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ინფორმაცია. რა ხდება ამ მხრივ რეალურად? მედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკით და ნეგატიური პროცესების მაქსიმალურად წარმოჩენითაა დაკავებული. თავის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ასევე ხშირად გაისმის კრიტიკა მედიის მუშაობის მიმართ. 

მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობის ერთი-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ყოფილ პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი შეხვედრისას გამართული დიალოგი. ბიძინა ივანიშვილი: „თქვენ არა ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები. ამიტომ მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გაანალიზოთ და ერთი-ერთზე არ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი: „ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ასეთ ფორმას ჟურნალისტებთან? თქვენ ჩვენ გვიწოდეთ ფოსტალიონები“.

პრემიერი: „არა, მე შეგახსენეთ, რომ არა ხართ ფოსტალიონები“. ჟიჟილაშვილი: „მე კიდევ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ფოსტალიონები ვართ. ჩვენი ამოცანა არის იდენტიფიცირება კრიტიკული პრობლემებისა საზოგადოებაში, კითხვების მოძიება ფოსტალიონებივით (ოღონდ ჟურნალისტები გვქვია), მათი თქვენამდე მოტანა, პასუხების მოძიება და უკან მიტანა“. ივანიშვილი: „ნუ გგონიათ, რომ ჟურნალისტებმა პასუხი მხოლოდ ჩვენგან უნდა მოითხოვოთ. თქვენ თქვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეთ და როდესაც უარგუმენტოდ გამოთქვამთ შენიშვნებს, კეთილი უნდა ინებოთ და არგუმენტები დაურთოთ თან“.

რამდენად ობიექტურად აშუქებს დღეს ქართული მედია მიმდინარე მოვლენებს? სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებისგან გათავისუფლების შემდეგ მედიას მეტი შესაძლებლობა მიეცა, იქცეს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად და პროფესიონალურად და მიუკერძოებლად გააკრიტიკოს ხელისუფლების საქმიანობა და ასევე ობიექტურად შეაფასოს როგორც მისი დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მსგავსი დადებითი მაგალითები და ტენდენციები ბოლო 2 წლის განმავლობაში თვალშისაცემია. თუმცა, არსებობს უარყოფითი ტენდენციებიც. ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, თუ რამდენად მიუკერძოებელია ან პირიქით, მიკერძოებულია მედიის საქმიანობა, თუ როგორ სვამს ის აქცენტებს თავის საქმიანობაში, ამ მხრივ, პირველობას არავის უთმობს ტელეკომპანია „რუსთავი-2“, რომლის ერთი შეხედვით თითქოსდა დაბალანსებული საინფორმაციო პოლიტიკა ხშირად იმგვარადაა აგებული, რომ მაქსიმალურად მოხდეს კონფრონტაციული და კრიმინალური ხასიათის თემების წინა პლანზე წამოწევა, არსებული სიტუაციის მაქსიმალურად გამუქება და მისი, რაც შეიძლება უარყოფით ჭრილში წარმოჩენა. 

ესაა ტაქტიკა, რომელსაც მიმართავენ „ნაციონალებთან“ დაკავშირებული მედია-საშუალებები - სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები და ინტერნეტ-საიტები „რუსთავი-2“-ის ავანგარდობით.

ტელეკომპანიის ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ინტენსივობამ (რაც მთავარია, იგი წარმოჩენილია თითქმის ყოველთვის დადებით კონტექსტში და უფრო მეტიც, როგორც პოლიტიკურად დევნილი) განსაკუთრებით იმატა ბოლო თვეების განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის სასამართლოს მიერ ბრალდებულად იქნა ცნობილი. გარდა ამისა, „რუსთავი-2“ დიდოსტატურად ახერხებს ე.წ. „თემების აწევას“, რაც გულისხმობს ნაკლებად მნიშვნელოვანი თემების პირველ პლანზე წამოწევას. მაგალითისთვის, 17 სექტემბრის დღის 3-საათიანი „კურიერის“ პირველი 20 წუთი მხოლოდ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემატურ ურთიერთობებს დაეთმო. 30 სექტემბრის 12-საათიანი „კურიერის“ პირველივე სიუჟეტი კი მიეძღვნა იმას, თუ ვინ უნდა გაემგზავროს დავოსის 2015 წლის ეკონომიკურ ფორუმზე - პრემიერი თუ პრეზიდენტი, რასაც საინფორმაციო გამოშვების ძვირფასი დროის 10 წუთამდე დაეთმო. 8 ოქტომბრის საღამოს 9-საათიანი „კურიერის“ პირველი 3 სიუჟეტი უმეტესწილად აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში დაფიქსირებულ სამ კრიმინალურ შემთხვევას ასახავდა, რამაც ბევრს გადაცემა „ვიდეოპატრული“ გაახსენა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად აღნიშნული ტენდენციისა, ტელეკომპანია ოპერატიულად აშუქებს ასევე იმ საკითხებს, სადაც ხელისუფლების საქმიანობის ობიექტური კრიტიკა წარმოჩინდება. 

არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მსგავსი არაპირველხარისხოვანი თემების წინა პლანზე წამოწევას სხვა ტელეკომპანიებიც მიმართავენ. ნიშანდობლივია, რომ „რუსთავი-2“ განაგრძობს მულტსერიალ „ქერის უბნის“ ჩვენებას, რომლის სიუჟეტიც სააკაშვილის დადებით გმირად და ივანიშვილის უარყოფითად წარმოჩენას ემსახურება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიას ზოგადი, „სუბიექტური“ პრობლემებიც ახასიათებს და იგი ხშირად კვლავინდებურად ვერ ახერხებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირებას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადრინდელის მსგავსად, არ ხდება ქვეყანაში არსებული ვითარების სიღრმისეული, მასშტაბური ანალიზი. შესაბამისად, მედიის მუშაობა ხშირად ზედაპირული ხასიათისაა და შედარებით წვრილმან, მეორეხარისხოვან თემებზეა აქცენტირებული.

ყოფილი პრემიერის მიერ, რომელსაც თავად გააჩნია პრეტენზიები მედიის საქმიანობის მიმართ, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, რომელსაც გააჩნია ამბიცია, რომ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს. საინტერესოა, რომ თავად ივანიშვილი გეგმავს, სპეციალური გადაცემა ან საათები მიუძღვნას იმის ანალიზს, თუ როგორია დღევანდელი ქართული მედია. 

ქართული ოცნება - 2 წელი ხელისუფლებაში

რა მემკვიდროება მიიღო 2 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიციამ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისგან“? დადებითი მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია კორუფციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი „ქვედა“ დონეზე, პროგრესი საჯარო მომსახურების სფეროში - ბიუროკრატიული პროცედურების მინიმალიზება, მოქალაქეთა სწრაფად და მაქსიმალურად გამარტივებული წესით მომსახურება; ბიუჯეტის ზრდა და გადასახადების ამოღების პროცესის სრულყოფა; ბიზნესის კეთების კუთხით გამარტივებული კანონმდებლობა; გადასახადების შემცირებული რაოდენობა და გამარტივებული ურთიერთობები საგადასახადო სტრუქტურებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის; სხვადასხვა სახის ინსტიტუციონალური რეფორმები - პოლიციის რეფორმა და რეფორმები საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებში; ენერგოპრობლემების აღმოფხვრა და შესაბამისი აღრიცხვიანობის მოწესრიგება; ქვეყნის გაზრდილი საკრედიტო რეიტინგი და მისი ტურისტული მიმზიდველობისა და პოტენციალის ზრდა; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყება და სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი.

რაც შეეხება უარყოფით მემკვიდრეობას, ესაა - დანაწევრებული, 3 ნაწილად დაყოფილი ქვეყანა; წაგებული ომი, დამატებით ოკუპირებული ტერიტორიები და დამატებით ათი ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში; უაღრესად გამწვავებული, კონფრონტაციული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება; უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი; ელიტარული, საბიუჯეტო კორუფცია; ბიზნესის შევიწროების ფაქტები; პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნის შემთხვევები; ადამიანის უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები როგორც საპატიმრო დაწესებულებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ; სერიოზული პრობლემები სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის კუთხით; მედიის სავალალო მდგომარება; პოლიტიზირებული სამართალდამცავი უწყებები და პატიმრებით გადაჭედილი სასჯელაღსრულების დაწესებულებები; ხელისუფლების ზღვარგადასული თვითპიარი; მის მიერ შექმნილი ისეთი გარემო, რომ საზოგადოებას ვირტუალურ რეალობაში ეცხოვრა.

რის გაკეთება შეძლო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და რა მიმართულებებით შეექმნა მას ობიექტური და სუბიექტური პრობლემები? 2 წლის წინ, კოალიციამ მოახერხა ის, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთიანი ძალისხმევით ვერ შეძლეს 2007-2011 წლებში - მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლებისა და საარჩევნო ბატალიებში არაერთი მცდელობის მიუხედავად - მშვიდობიანი გზით ჩამოეშორებინათ ძალაუფლებას სააკაშვილის ხელისუფლება. შედეგად, საზოგადოება გათავისუფლდა შიშის სინდრომისგან; მოხდა სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაცია; განხორციელდა მასშტაბური ამნისტია და საპატიმრო დაწესებულებები განიტვირთა მსჯავრდებულებისგან; სასამართლო და მედია იქცა ხელისუფლების ზეწოლისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტებად; დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი; საერთაშორისო ასპარეზზე თანდათანობით გაჩნდა ნდობა ახალი ხელისუფლების მიმართ; შემდგომი რეფორმები გატარდა იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, დაზღვევის, სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც გაიზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება; ერთჯერადად, 150 ლარამდე გაიზარდა პენსიის ოდენობა, ასევე იმატა სოციალური დახმარებების, პოლიციელთა ხელფასების და სტუნდენტთა სტიპენდიების მოცულობამ.

27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მის წევრ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ლიბერალიზაციას; მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას; საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ასევე საინვესტიციო პოტენციალის და შესაძლებლობების გაზრდას. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის 12%-ით გაზრდას გეგმავს, ხოლო მშპ-ის - 4,3%-ით მატებას. ბუნებრივია, რომ ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი მნიშვნელოვანი და მიმზიდველია ქართული ეკონომიკისთვის, თუმცა, მასზე დამკვიდრება ბაზარზე თამაშის შესაბამისი წესების დაცვას, ადეკვატური ხარისხის პროდუქციის მიწოდებას და უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას გულისხმობს. ამ მიმართულებით საქართველოს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა მოუწევს. რუსეთთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, ამ ქვეყანასთან აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რამაც გაზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო მაჩვენებელი. მისმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შარშანდელთან შედარებით 23% შეადგინა. ამასთან, სულ უფრო ინტენსიური ხდება სატრანსპორტო მიმოსვლა ორ სახელმწიფოს შორის.

მიუხედავად ამისა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟამინდელ მთავრობას არაკომპეტენტურობასა და უნიათობაში, ქვეყნის უკუსვლაში სდებენ ბრალს. ბოლო 2 წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად 9-წლიანი მმართველობის შედეგად არჩევნებში განცდილი მარცხისა, მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. რატომ? მიზეზი მარტივია - ყოფილი მმართველი ძალა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო ყველაზე კარგად ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი პოლიტიკური გაერთიანება, უზარმაზარი რესურსებით და კონტროლირებადი მედია-საშუალებებით. მისი წარმომადგენლობა დღევანდელ პარლამენტში დაახლოებით 40%-მდეა. მას გააჩნია ქვეყნის 9-წლიანი მმართველობის გამოცდილება, მისი ლიდერი სააკაშვილი კვლავაც პოლიტიკურად აქტიურია საქართველოს ფარგლებს გარედან. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით კვლავ რჩება „ქართული ოცნების“ მთავარ საპირწონედ და მისი წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ რევანშს და ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ. ტელეკომპანია „რუსთავი-2“ , საინფორმაციო სააგანტოების, ინტერნეტ-გამოცემების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნებში 2 წლის წინანდელ მარცხს „რუსულ“ ფულს აბრალებს და არა საკუთარ 9-წლიან მმართველობას. 

როგორია ის მწვავე რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება? გარკვეული მიმართულებებით აშკარა პროგრესის პარალელურად, ქვეყანა რამდენიმე მასშტაბური პრობლემის წინაშე დგას. დარღვეულია მისი ტერიტორიული მთლიანობა და კვლავაც არ ჩანს მისი აღდგენის რეალური პერსპექტივა. საკმაოდ მცირეა ადამიანთა უდიდესი ნაწილის შემოსავლები; რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს; საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების რეალიზება შორეულ (ევროკავშირის წევრობა) და დროში გაწელილ, ბუნდოვან (ნატოში გაწევრიანება) პერსპექტივას წარმოადგენს. ამდენად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, უმუშევრობის დაძლევა - ეს პრობლემები კვლავაც ხელისუფლების მთავარ გამოწვევებად რჩება. 

ხელისუფლება ნელა და თანდათანობით ახორციელებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას, რასაც ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკურ დევნად აფასებს, ხოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფაქტს მიესალმება. განსასჯელის სკამებზე მოხვდნენ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, დედაქალაქის მერი; რამდენიმე მუხლით საქმე აღძრულია და ძებნაა გამოცხადებული რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე. ასევე ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე; დაყადაღებულია როგორც მის სახელზე რიცხული, ისე მისი ახლობლების კუთვნილი ქონება.

„მე ავაშენე სახლი - საქართველო. ეს სახლი არის დღეს დაყადაღებული“, - განაცხადა 19 სექტემბერს საააკაშვილმა აშშ-ში, სადაც იგი დღესაც იმყოფება.

ამ პროცესის პარალელურად, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროსაბჭომ კრიტიკული განცხადებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს. აღნიშნულ დოკუმენტებში მათი ავტორები საქართველოში ყოფილი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური დევნის ცაკლეულ შემთხვევებზე აკეთებენ მინიშნებას. საპასუხოდ, ხელისუფლება მზადაა, საქართველოში მოიწვიოს დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა მათ შეძლონ, ადგილზე გაეცნონ რეალურ ვითარებას და დარწმუნდნენ იმაში, რომ გამოძიება ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეში მტკიცებულებადაც კი მიიღო ევროსაბჭოს 1 ოქტომბრის რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საქმეების განხილვა პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს. თბილისის ყოფილ მერს, უგულავას გამოძიება პარტიული აქტივისტების ფიქტიურ დასაქმებასა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში სდებს ბრალს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ზემოაღნიშნულ განცხადებებს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასათისაა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისთვის შესასრულებლად სავალდებულოდ მიიჩნევს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, თუ არ მოხდება დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება, მაშინ ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა ევროსტრუქტურებისკენ სავალ გზაზე. თავის მხრივ, ქართული საზოგადოების ნაწილი ყოფილ მმართველ გუნდს დამნაშავე, კრიმინალურ ძალად აღიქვამს, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც საქართველომ დამატებით კონტროლი დაკარგა კოდორის ხეობაზე და სამაჩაბლოს მნიშვნელოვან ნაწილზე.

აღსანიშნავია, რომ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მოსაზრებები ემთხვევა ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეხედულებებს. თუმცა, მათ უმრავლესობას საკუთარი უარყოფითი პოზიცია არ გამოუთქვამს 2 კვირის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ქვედანაყოფის - არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლის მიერ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.

რუსეთთან 2008 წლის სამხედრო დაპირისპირების უმძიმეს შედეგებს საქართველო დღემდე იმკის. „თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო“, აცხადებდა ისრაელის ცნობილი სამხედრო მოღვაწე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ყოფილი პრემიერის ინიციატივით შეიქმნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი. ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის გამართული არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, რთულად და ნელი ტემპით წარმოებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი - დღემდე ძალაშია ე.წ. „წითელი ხაზები“, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან არწაღებას და საქართველოს მხრიდან ამ რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებას. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, მზარდი ფასებისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, ჯერ კიდევ მცირეა დასაქმებულთა დიდი ნაწილის შემოსავლები. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1 სულ მოსახლეზე 5982,6 ლარს შეადგენს, რაც ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების უმრავლესობის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია. გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 13% ანუ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი დღეში მხოლოდ 1,25 აშშ დოლარს ანუ 2,18 ლარს ხარჯავს. საარსებო მინიმუმის ყოველდღიურ ხარჯზე - 5,18 ლარზე ნაკლებს კი - მოსახლეობის 20-დან 30%-მდე ანუ 900 ათასიდან 1,3 მლნ-მდე ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ოფიციალური საარსებო მინიმუმი 155,4 ლარია და აქედან საარსებო მინიმუმის 70% სურსათზე მოდის. ექსპერტთა შეფასებით, ოფიციალური საარსებო მინიმუმი რეალურ საარსებო მინიმუმზე დაახლოებით 70-80%-ით ნაკლებია.

პენსიის ოდენობა საქართველოში დღეს 150 ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ათეულში ძლივს შედის. „კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსია მინიმუმ 220 ლარით განისაზღვრება“, განაცხადა 2012 წლის 23 მაისს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრისას. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, ეს გაკეთდებოდა მყისიერად თუ ეტაპობრივად, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ იმჟამად დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი 157 ლარის ოდენობით არ შეესაბამებოდა რეალობას და რეალური მინიმუმი 220 ლარს უტოლდებოდა. დღეს ოფიცილური მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები მის რეალურ საარსებო მინიმუმთან შესაბამისობაზე უკვე აღარ საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე პენსიონერებს 100-დოლარის ოდენობის პენსიას პირდებოდა, თუმცა ამაოდ. მომავალ წელს პენსიის ოდენობა სავარაუდოდ მხოლოდ 5-10 ლარით გაიზრდება. „არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ“, ამბობდა გერმანიის „რკინის კანცლერი“ ოტო ფონ ბისმარკი. 

ამგვარი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, თანამდებობაზე დამტკიცებიდან სულ მალე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა საბიუჯეტო თანხებით 78 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა პრადო“ შეიძინა, რასაც „თან დაერთო“ ძვირადღირებული მობილური ტელეფონები და აქსესუარები. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის კომენტირებისას მასში „განსაკუთრებული“ ვერაფერი დაინახა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონაცემებით, მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებმა (53 ადამიანი) 2013 წელს 1 მლნ 646 ათასი ლარის პრემია მიიღეს, 2014 წლის 6 თვეში კი - 852,7 ათასი ლარი.

გამსაკუთრებით მძაფრი რეზონანსი მოჰყვა მილიონობით ლარის ოდენობით გაცემულ პრემიებსა და ხელფასებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც თანამშრომლები ზოგჯერ თვეში 10 ათასიდან 40 ათას ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ. 2013 წლის დეკემბერში ამ უწყების ერთმა კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ხელფასის, პრემიის და წახალისების სახით ჯამში 39 ათასი ლარი აიღო. თანაც, ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც ამ სისტემის მუშაობის მიმართ ხშირად სერიოზული პრეტენზიები გამოითქმეოდა. ამდენად, მნიშვნელოვან და პოზიტიურ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ კახი კახიშვილის დანიშვნა, რომელიც საზოგადოებაში პასუხისმგებლობისა და ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს.

დიდი ოდენობის პრემიები გაიცემოდა დედაქალაქის საკრებულოშიც, სადაც ხელმძღვანელი პირები პრემიის სახით ხელფასის 300%-ით იყვნენ წახალისებულნი, რამაც მათ „საშუალება მისცა“, შემოსავლის მესამედი ქველმოქმედებისთვის გადაერიცხათ. მხოლოდ ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამომზეურების შემდეგ შეუდგა ხელისუფლება ქვეყანაში ხელფასების, დანამატების და პრემიების სისტემის გაცემის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას. მანამდე კი, აღნიშნულ სფეროში სხვა, „დაუწერელი აქტები“ მოქმედებდა, რაც მაღალი „საბიუჯეტო მადის“ ფონზე და შესაბამისი ფაქტების გახმაურების შემდეგ თანამდებობის პირს საშუალებას აძლევდა ან გადამდგარიყო თანამდებობიდან (რაც ხელისუფლების მხრიდან ვაჟკაცურ ნაბიჯადაც შეიძლებოდა, რომ ჩათვლოდა) ან გასამმაგებული შემოსავლის ერთი მესამედი ქველმოქმედებისთვის გაეღო და თემაც თითქოსდა ამით ამოიწურებოდა. ასე მოხდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეების შემთხვევაში. შესაბამისად, ამ მხრივ საზოგადოების უკმაყოფილება დღემდე არ განელებულა, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილების დაბალ მაჩვენებელზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 15 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დარიგებული მაღალი პრემიები იყო, რამაც მას დიდი ტრავმა მიაყენა და რასაც ის ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს. 

რამდენად ეფექტურად მუშაობენ ამ დროს სამთავრობო უწყებები? სასჯელაღსრულების სამინისტროს გარდა საზოგადოების მხრიდან კითხვები ხშირად ისმის საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობის გამო, რის შედეგადაც ჭიანურდება ჟვანიას, რაფალიანცის, კიწმარიშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიება; კითხვები არსებობს ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მუშაობისა და როლის შესახებ როგორც ზოგადად, ისე კონფლიქტების მოგვარების კუთხით; პრეტენზიები არსებობს საგარეო უწყების მუშაობისა და საკადრო პოლიტიკის მიმართაც, რომლის უშუალო მონაწილეობითაც მომზადდა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საემიგრაციო პოლიტიკის ეფექტურად წარმართვის მიზნით შევიდა. თუმცა, არასათანადოდ მომზადებულმა ცვლილებებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის საინგილოში მცხოვრებ 600-მდე ქართველ სტუდენტს, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. სექტემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ვიზის მისაღებად მათ დეპოზიტზე 5 ათასი ლარი უნდა გააჩნდეთ, რისი საშუალებაც ბევრ მათგანს არა აქვს. ახალი რეგულაციების გამო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.

„სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმების კრიტერიუმებს უნდა წარმოადგენდეს ადამიანების პატიოსნება, ღირსება, პროფესიონალიზმი და არა პარტიული, ნათესაური ან მეგობრული ნიშნით კუთვნილება“, - აღნიშნული იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დეკლარაციაში. თუმცა, სამთავრობო უწყებებში თანამდებობებზე კონკურსის წესით დანიშვნის წესი თითქმის არ მუშაობს - შესაბამისი კონკურსები უწყებებში იშვიათად იმართება და ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც არცთუ იშვიათად მათი ვინაობა, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, უწყების ხელმძღვანელთა მიერ წინასწარ არის განსაზღვრული.

ივანიშვილის როლი პოსტსააკაშვილისეულ საქართველოში

3 წლის წინ მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ძალთა განლაგება და თანაფარდობა სწრაფად შეცვალა. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან მან სააკაშვილის გუნდი ხელისუფლების ტოტალურ მონოპოლიზებაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დაშვებულ სერიოზულ გადაცდომებში, საზოგადოებაზე განხორციელებულ ძალადობასა და სიცრუეში ამხილა. ერთი წლის თავზე მის მიერ შექმნილმა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ხოლო მოგვიანებით საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იმარჯვა. დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ კოალიციის და მისი კანდიდატების წარმატება პირადად ივანიშვილის მიმართ არსებულმა მაღალმა ნდობამ განაპირობა.

ამ ფაქტის გამო, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ხელისუფლების ძირითადი ბირთვი, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, მისი უშუალო მონაწილეობითაა შერჩეული. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის წილი იმ მხრივ, თუ რამდენად წარმატებული იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საკმაოდ მაღალია. 

„მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი, მეოთხეზე კი უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია“, - ასეთი იყო ყოფილი პრემიერის პროგნოზი, რომელიც მან 2013 წლის იანვარში გამოთქვა. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, იგი მთავრობის მუშაობას წარმატებულს უწოდებს, მის მთავარ შეცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს და თავადვე აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ პრობლემას დღეს ეკონომიკა წარმოადგენს, რომლის განვითარებასაც მეტი ინვესტიცია სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი ხშირად კრიტიკულად არის განწყობილი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსთა, ექსპერტების, ანალიტიკოსების და მედიის წარმომადგენელთა ნაწილის მიმართ და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგრამ ჯერჯერობით იგი ნაკლებად კრიტიკულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით. თუმცა, დაახლოებით 1 თვის წინ იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში უფრო აქტიური გახდება საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველოს შექმნა - ასეთია პირადად ივანიშვილის და კოალიცია „ქართული ოცნების“ ამბიცია. „დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არარეალურად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად უნდა დავგეგმოთ, თუ რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, თუ სწორად არ შევაფასეთ უახლოესი წარსული და ჩვენი რეალური შესაძლებლობები, რთული იქნება მივაღწიოთ იმ წარმატებას, რისი სურვილიც ჩვენ ყველას გვაქვს“, - აცხადებს ივანიშვილი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

თავის განცხადებებში ყოფილი პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს პროცესებისა და მოვლენების ანალიზს, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. „ამისთვის გადავედი საზოგადოებრივ სექტორში, რათა საზოგადოებამ გააკეთოს სწორი ანალიზი და ხელისუფლების კონტროლი არ შეწყვიტოს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ საზოგადოებას იმის გარკვევაში, ესა თუ ის პოზიცია არის მიუკერძოებელი და ობიექტურობაზე დაფუძნებული თუ მიკერძოებულია და ჭორაობაზეა ორიენტირებული“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ლიდერი. თუ რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ყოფილი პრემიერი და გახდება თუ არა იგი უფრო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, ეს სავარაუდოდ უახლოეს თვეებში გამოჩნდება.