განცხადებით ჩანაცვლებული რეზოლუცია

განცხადებით ჩანაცვლებული რეზოლუცია

რუსეთის გეგმის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა განცხადება მიიღო, რეზოლუციის პროექტი კი ჩააგდო. დეპუტატებმა დოკუმენტი აზრთა სხვადასხვაობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიიღეს.

„მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ პროექტის საპასუხო ნაბიჯებზე ქართველი კანონმდებლები მთელი დღის განმავლობაში კონსულტაციებს აწარმოებდნენ, თუმცა, უმრავლესობა-უმცირესობას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც, პლენარულ სხდომაზე ორი დოკუმენტი - მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ოთხ-პუნქტიანი განცხადება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი ხუთ-პუნქტიანი რეზოლუციის პროექტი გავიდა.

ერთსაათიანი პოლიტიკური დებატების შემდეგ, დეპუტატებმა განცხადება 80 მომხრე ხმით მიიღეს, რეზოლუციის პროექტი კი 23 მომხრე ხმით 53-ის წინაშე ჩააგდეს.

უმცირესობა განცხადებას „უღიმღამოს“ უწოდებს, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მომზადებულია სწორი ტერმინოლოგიით, სწორი სათაურით და სწორი მოთხოვნებით. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.

ასევე განცხადების მიხედვით, პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის ნორმების დასაცავად, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით.

ამას გარდა, დოკუმენტით, პარლამენტი დარწმუნებულია, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფს აფხაზი ხალხის კანონიერი ინტერესების სრულფასოვან დაცვას და განვითარების პერსპექტივას.

„მიმდინარე საერთაშორისო მასშტაბის კონფლიქტების ესკალაციის ტენდეციის ფონზე, დაძაბულობის ახალ კერათა წარმოშობის პრევენციის, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევათა საშიშროების თავიდან აცილების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად იქცეს რუსეთსა და საქართველოს, პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების მსჯელობისას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, პარლამენტმა რეზოლუციად უღიმღიმო განცხადებაც კი ვერ აქცია.

მისი თქმით, ფაქტობრივად განცხადებაში არაფერი არ წერია.

„ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენს ვარიანტს 53 ადამიანმა ხმა წინააღმდეგ მისცა. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიომ რუსეთის მიმართ პოზიცია შეცვალა და სანქციები მიიღო, ჩვენმა ხელისუფლებამ დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის გამოც კი ვერ შეცვალა და ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა გააგრძელა“, - განაცხადა თარგამაძემ, რომლის მსგავსად უმრავლესობას აკრიტიკებს მისი თანაგუნდელი გოკა გაბაშვილი.

for.ge-სთან საუბარში გაბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას საკუთარი პოზიციის შერცხვება. მისი თქმით, მმართველ გუნდს ნაბიჯების გადადგმა მაინც მოუწევს, თუ საბოლოო ჯამში, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ჩუმი ჩაბარება არ აქვთ განზრახული.

„ალბათ უმრავლესობის წევრებს სრცხვენიათ, რომ თავის დროზე, მათ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე რეზოლუციას ხმა არ მისცენ. მათ ასევე შერცხვებათ, რომ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, თუ საბოლოო ჯამში, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ჩუმი ჩაბარება არ აქვს განზრახული“, - განაცხადა გაბაშვილმა.

უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობა განცხადების შინაარსით კმაყოფილია და ამბობს, რომ დოკუმენტის მიღება დროულად მოხდა.

როგორც for.ge-ს რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით, პარლამენტმა მკვეთრი პოზიცია გამოხატა. დეპუტატის მოსაზრებით, რუსეთის გეგმა ძალიან სახიფათოა.

„ტერიტორიები ოკუპირებულია და მისი ანექსია მიმდინარეობს. ერთადერთი ასპარეზი, სადაც შეგვიძლია რუსეთს დავუპირისპირდეთ, საერთაშორისო ტრიბუნაა. რუსული აგრესიის შეჩერება პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელი ნაციონალების რეზოლუციის პათოსს მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ აფხაზების ამდენი შეურაცხყოფა და სეპარატისტების ამდენი ხსენება, მიუღებელია.

„რა ამბავია ამდენი ე.წ.-ს ხსენება, ასევე აფხაზების ამდენი შეურაცხყოფა და სეპარატისტების ამდენი ხსენება? რუსული ანექსიის წინააღმდეგ აფხაზები გამოდიან და ნუ დავუკარგავთ იმ ხალხს მცდელობების დროს ნაბიჯების გადადგმის უფლებას. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მუდმივად ვიქნებით ორიენტირებულნი, რომ საქართველო მათთვის იყოს ძალიან მიმზიდველი“, - აცხადებს კანონმდებელი.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გარეთ აფხაზური თვითმყოფადობის შემნარჩუნებელი არავინ არ არის.

„პოსტსაბჭოთა მიდგომაა, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტი არსებობს და იქ აფხაზები არაფერ შუაში არიან. ეს მარტივი დამოკიდებულებაა, რომელიც მცდარია და სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ მცდარი ქიმერების ქვეშ არის“, - დასძინა ბერძენიშვილმა, რომლის თანაგუნდელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მთავარია, განცხადების შინაარსი და არა ის ვინ უფრო მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის.

ხიდაშელის თქმით, უმცირესობა საკუთარ ქვეყანას შანტაჟის ენით ელაპარაკება.

„დაუშვებელია, ასეთი მასშტაბური პრობლემის დროს საკუთარ ქვეყანას ასეთი ენით ელაპარაკო. ისევ „ლილიპუტინის“ ენაზე არიან დარჩენილნი. გულის ფხანის პროცესიდან უნდა გამოვიდეთ და ეს ყველაფერი რაციონალური გავხადოთ. ტექსი იყო აბსოლუტურად სწორი, სწორი სათაურით, სწორი მოთხოვნებით და არა შეუარცხმყოფელი სიტყვებით“, - აცხადებს ხიდაშელი.

თანაგუნდელების მსგავსად, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ განცხადება იყო დროული და მისი გაკეთება აუცილებელი იყო. დეპუტატის მოსაზრებით, განცხადებასა და რეზოლუციას მიღებას შორის განსხვავება ის არის, რომ რეზოლუციაში რამდენიმე ქვეპუნქტი უნდა არსებობდეს და დოკუმენტი სხვა კრიტერიუმებით უნდა ხასიათდებოდეს.

„წარმოუდგენლია, ანექსიაზე დროული რეაქცია არ გვქონოდა. უსაფრთხოების ფორმატში მეტ ინფორმაცია მივიღებთ, თუ რის წინაშე ვდგავართ აფხაზეთში. ამის შემდეგ, სამოქმედო გეგმას დავსახავთ“, - დასძინა კანონმდებელმა.

რაც შეეხება ნაციონალების მიერ მომზადებული რეზოლუციის შინანაარს, პროექტი ძირითადად საქართველოს მთავრობის მიმართ მოწოდებებზე არის აწყობილი. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთთან მიმართებაში დღემდე წარმოებული კონტრპროდუქტიული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი გააუქმდეს. ასევე რეზოლუციის პროექტით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საუბარი უნდა შეწყდეს, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დაქვეითებას იწვევს. ამასთან, პროექტით, საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი ღონე უნდა იხმაროს, რათა მოხდეს საქართველს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების ხელახალი აქტუალიზაცია.