„ნაციონალური მოძრაობა“ კარასინ-აბაშიძის ფორმატის შეწყვეტას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები საქართველოს სუვერენიტეტს შეურაცხყოფას აყენებს. რუსეთის გააქტიურების ფონზე, უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს საერთაშორისო ტრიბუნიდან ილაპარაკოს და მიმდინარე პროცესებზე მწვავე რეაგირება მოითხოვოს.
რუსეთის გეგმებსა და დე-ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, for,ge ოპოზიციონერ დეპუტატს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
რუსეთი აფხაზურ მხარეს უფრო მეტად დაახლოების მიზნით, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ პროექტს სთავაზობს. რა საფრთხეებს შეიცავს ეს დოკუმენტი?
- რუსეთს საქართველოს ტერიტორიები არა მხოლოდ ოკუპირებული აქვს, არამედ ფაქტობრივად ანექსირებული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაფერს რუსული სპეცსამსახური აკონტროლებს. სხვათა შორის, ეს 2008 წლამდეც თვალნათელი იყო, მაგრამ ამის შემდეგ პროცესები საერთოდ შეიცვალა. ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოყვანა, რუსული დაკვეთა იყო და ახლა ანექსიის ფორმალიზაცია ხდება. არსებული ვითარების თაობაზე საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან უნდა ილაპარაკოს და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მწვავე რეაგირება მოითხოვოს. ბუნებრივია, ეს პუტინს აზრს არ შეაცვლევინებს, მაგრამ დიპლომატიურ და პოლიტიკურ სამართლებრივ ბაზას შექმნის, რომელიც ადრე თუ გვიან, იქნება გამოყენებული.
რუსეთის ნაბიჯების საპასუხოდ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების მოქმედება?
- სრულიად არადეკვატურია, რადგან როგორც ხედავთ, კარასინ-აბაშიძის შემაშფოთებელი ფორმატი გრძელდება, რომელიც ვაშლების ყიდვა-გაყიდვის თემით ინიღბება. სინამდვილეში, ამ ფორმატით საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაცია ხდება. ვხედავთ, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის თვალში ვაშლების გაყიდვით დაკავებული ზურაბ აბაშიძე უფრო მეტი გავლენით სარგებლობს, ვიდრე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თაობაზე ზურაბ აბაშიძეს სრული კარტბლანში აქვს მინიჭებული. ეს ფორმატი საქართველოს სუვერენიტეტისთვის საზიანოც არის და შეურაცხმყოფელიც.
ანუ, ფიქრობთ, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი უნდა შეწყდეს?
- თედო ჯაფარიძეს ვეთანხმები, რომელმაც მოწოდება გააკეთა, რომ პრაღაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ჯაფარიძეს მიაჩნდა, რომ საქართველო შეიძლება იყოს ერთგვარი ხიდი დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთოების დათბობაში, რაც სრული აბსურდია. თუ ჯაფარიძემ დაინახა, რომ სახიფათო პროცესი მიმდინარეობს, ეს კარგია, მაგრამ ვნახეთ, რა რეაქცია მოჰყვა მის ამ განცხადებას. ზურაბ აბაშიძემ ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა და ვითომც არაფერი მომხდარა.
თქვენ ითხოვთ, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი შეწყდეს, მაგრამ გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამ ფორმატს ალტერნატივა არ აქვს…
- ვოლსკის მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან პაექრობაში არავითარი ფორმით არ უნდა შედიოდეს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ როდესაც რუსეთი საქართველოს იპყრობს, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, ამას წინ აღუდგეს და არა პირიქით, დაყვავების და დათბობის პოლიტიკას მიმართოს. თუ ვოლსკისთვის სახელმწიფოს ფუნქცია ვაშლების გაყიდვაა, ეს ჩემთვის ასე არ არის. ამას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გავრცელდა, რომ რუსეთის მიერ მომზადებული პროექტით ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას საფრთხე ემუქრება. საგარეო უწყება ორ სკამზე ჯდომას ცდილობს. თან ნორმალიზაციას მისტირის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე იქნეს მიღწეული, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელია, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთს აკრიტიკებს.
იქედან გამომდინარე, რომ აფხაზები რუსეთის შეთავაზებას სუვერენიტეტის შელახვის მცდელობად აფასებენ, როგორ ფიქრობთ, სეპარატისტები პროექტს დათანხმდებიან?
- რუსეთმა ე.წ. ელიტაში განხეთქილებას მიაღწია და ხელისუფლებას ანქვაბი მოაცილა. ერთი მხრივ, რუსეთს ხელში ყველა ბერკეტი უჭირავს, მეორე მხრივ, ეს ეთნოსი ქართველების მიმართ ზურგშექცეულია, ხოლო საერთაშოროსი თანამეგობრობის მხრიდან განწირული.
რუსეთისგან კიდევ რას უნდა ველოდოთ?
- ძალიან დიდი რისკების წინაშე ვდგავართ. თუკი პუტინმა გადაწყვიტა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მეტი არაფერი შეუძლია და სიჩქარის დაგდებას შეეცადა, ის რაღაც რესურსების ეკონომიის ხარჯზე ენერგიას აქეთ გადმოიტანს. არ არის გამორიცხული, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების ასარევად მაქსიმალური გააკეთოს. ამით კი იმედი ექნება, რომ ევროპელებს და ამერიკელებს შეევაჭრება. მათ ეტყვის, რომ აი, რა გინდათ, უკრაინაში მეტს არაფერს არ ვიზამ, სამხრეთ კავკასიაში ვითარებას ჩავაწყნარებ, მაგრამ თქვენ სტატუსკვო შემანარჩუნებინეთ და სანქციები მომიხსენითო. არ მგონია, ეს გეგმა რუსეთმა განახორციელოს, მაგრამ ეს მცდელობები თუ განახორციელა, ეს პატარა ქვეყნისთვის უზარმაზარი რისკის შემცველია.