ნაციონალების რეზოლუციის პროექტი დაწუნებულია, უმრავლესობა ისევ ფიქრობს

ნაციონალების რეზოლუციის პროექტი დაწუნებულია, უმრავლესობა ისევ ფიქრობს

რუსეთი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ გადახედვას არ გეგმავს, საქართველოს პარლამენტში კი ამ დრომდე საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობენ. უმრავლესობაში აზრი ორად იყოფა - საკანონმდებლო ორგანომ რეზოლუცია უნდა მოამზადოს, განცხადება მიიღოს თუ რაიმე სახის დოკუმენტის მიღებისგან საერთოდ თავი შეიკავოს.

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა გუნდმა რუსეთის გეგმის თაობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ შეხვედრაზე იმსჯელა, ამ დრომდე, საკითხზე უმრავლესობაში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. ამ ფონზე კი უმცირესობა უმრავლესობას ხუთ პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი - აფხაზეთის ანექსია დაიწყო და რუსეთის მხრიდან ამის იურიდიულად გაფორმება ხდება. მისი თქმით, თუ რუსეთის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი ადეკვატური არ იქნება, ეს იქნება გზავნილი, რომ საფრთხეების წინაშე ხელისუფლება აბსოლუტურად არადეკვატურია.

„ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი არ არის. ის საფრთხე მაინტერესებს, რომელიც დოკუმენტის გაფორმების ფაზაზეა გადასული და არა უმრავლესობის წევრთა შეფასებები. მმართველ გუნდთან სალაპარალოდ მზად ვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა მომწონს, არამედ ამ თემაზე მთავარია პარლამენტის რეაგირება. საქართველოს პარლამენტმა პროცესებს უნდა დაასწროს, თორემ, ამაზე ევროპარლამენტშიც ისაუბრებენ და ეს გაგვიხარდება, მაგრამ ისევ მოჩანჩალეები არ უნდა ვიყოთ, როგორც უკრიანის საკითხის განხილვის დროს ვიყავით“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომლის თანაგუნდელიც ზურაბ ჯაფარიძე რეზოლუციის პროექტის შინაარსზე აპელირებს.

for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე ხუთ-პუნქტიან გეგმას განმარტავს და ამბობს, რომ დოკუმენტით, რუსეთთან მიმართებაში დღემდე წარმოებული კონტრპროდუქტიული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი გააუქმდეს.

მისი თქმით, რეზოლუციის პროექტით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საუბარი უნდა შეწყდეს, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დაქვეითებას იწვევს.

კანონმდებელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი ღონე უნდა იხმაროს, რათა მოხდეს საქართველს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების ხელახალი აქტუალიზაცია.

„ასევე ხელისუფლებამ მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის ფედერაციის მიმართ ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოღებულ სანქციებს და ყოველი ღონე იხმაროს, რათა აღნიშნული სანქციების მოხნის წინაპირობათა შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტოროებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის პირობა მოხვდეს. ამასთან, უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტიოროებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხის ხელახალი წამოჭრა“, - აცხადებს დეპუტატი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პოპულისტურ ქაღალდს უწოდებს, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლების ლანძღვა-გინებად მიიჩნევს, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი დოკუმენტს არასერიოზულად აფასებს.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, პარტიებმა ქვეყნის ინტერესებზე უნდა იზრუნონ და არა იმაზე, დოკუმენტი იქნება თუ არა მიღებული. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რითაც ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდება.

„ნაციონალების მიერ მომზადებული რეზოლუცია პოპულისტური ქაღალდია, რომელსაც არავითარი სასიკეთო მოქმედება არ აქვს“, - აცხადებს ვოლსკი, რომელიც თვლის, რომ კარასინ-აბაშიძის შეხვედრის და მიმდინარე პროცესების შემცველი კომპონენტები გასაანალიზებელია.

დეპუტატის თქმით, შემქნილ ვითარებაზე თუ რა რეაგირებას მოახდენს ქართული მხარე, ამაზე უმრავლესობა ჩამოყალიბდება.

ვოლსკის მსგავსად, for.ge-სთან საუბარში ნაციონალების მირ მომზადებულ რეზოლუციას აკრიტიკებს ზვიად ძიძიგურიც და ამბობს, რომ დოკუმენტში საქართველოს პრობლემების მოგვარების გზები არ არის ნაჩვენები. კანონმდებელის განცხადებით, რუსეთის მიერ მომზადებული პროექტი საქართველოსთვის საშინელებაა.

„არაოდრინალურ სიტუაციაში ვართ. პროცესებში ყველანი კარგად ვერკვევით და საკითხზე სპეციალური ჯგუფები მუშაობს. რაც შეეხება ნაციონალების წინადადებას, ეს არასერიოზული რეზოლუციაა, რომელიც ხელისუფლების ლანძღვა-გინებას ეფუძნება“, - ამბობს ძიძიგური.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, რუსული გეგმის საპასუხო ნაბიჯებზე ვრცლად საუბრობს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ანექსიის ამ გაუგონარ ფორმას აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანი დაუპირისპირდება.

დავით საგანელიძის განცხადებით, ქართულ მხარეს ყველანაირი ქმედითი და რადიკალური ღონისძიებების მოფიქრება მოუწევს, რომ მშვიდობიანი გზებით როგორმე რუსეთი დაარწმუნოს და საერთაშორისო პოზიცია გააძლიეროს, რათა ასეთი ხელშეკრულების დადება არ მოხდეს.

„ეს პირდაპირი გაგრძელებაა იგივე ყირიმის მოვლენების. ეს არის უგულებელყოფა ყველა იმ ვალდებულების, რომელიც რუსეთს გააჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს ძალისმიერი ბერკეტების და მეთოდების გამოყენების საშუალება ნამდვილად არ გააჩნია, რადგან ეს ქვეყანას უფრო დიდ უბედურებას მოუტანს. გონიერი პოზიციით უნდა შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთის მხრიდან ანექსია ჰქვია“, - აღნიშნა საგანელიძემ.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ასევე ყირიმთან მიმართებაში ფაქტიურად ძალიან სუსტი და ძალიან უმოქმედო აღმოჩნდა.

თუ რა რეაგირებას მოახდენს პარლამენტი რუსეთის ნაბიჯებზე, ამის თაობაზე დეპუტატები დღეს დღის განმავლობაშიც იმსჯელებენ, მაგრამ თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ორი რეზოლუციის პროექტი გავიდეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს ამ პროექტს გადახედოს და ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვას, ვინაიდან ის აფხაზეთთან კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის გზებს ეძებს.