საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.
დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საბერძნეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს მთავარ პროკურატურაში არ აკეთებენ. უწყება ოფიციალურ განცხადებას საბერძნეთიდან მიღებული წერილის შემდეგ გაავრცელებს. პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ უწყება კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს, აუცილებლად შეგვატყობინებს.
დათა ახალაია მეორე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის ექსტრადირებაზეც უცხო ქვეყნის სასამართლომ საქართველოს პოლიტიკური მოტივით უთხრა უარი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომაც. ახალაიას ადვოკატი, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის განცხადებით, ექსტრადირება ეფუძნებოდა პოლიტიკურ და არა სამართლებლივ დევნას.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადირება ეფუძნებოდა პოლიტიუკურ დევნას და არა სამართლებრივ დევნას. ჩვენთვის გასაგები გახდა ისიც, რომ 2004 წელს სპეცოპერაციაში დათა ახალაია არ მონაწილეობდა და ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საბერძნეთის სასამართლომ თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია, რადგან ადამიანის უფლებები იყო დარღვეული. ასე რომ, ექსტრადირების შემთხვევაშიც პროცესი ობიექტური ვერ იქნებოდა“, - აცხადებს ალექსანდროს პაპასტერიოპულოსი.
თავად დათა ახალაია ამბობს, რომ მას საქართველოში ბრალდებები შეუთითხნეს, რაც ევროპულმა სასამართლომ შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნა. „კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, ადამიანებს უთითხნიან კრიმინალურ საქმეებს. ჩვეულებრივად მოხდა ის, რასაც მოველოდი. მთელი ევროპა და მთელი თანამედროვე სამყარო გაკვირვებულია იმით, რაც საქართველოში ხდება, ის ცირკი რასაც საქართველოს სასამართლო დაარქვეს“, - აღნიშნა დათა ახალაიამ.
საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დათა ახალაიას ექსტრადირებაზე საქართველოს უარი ეთქვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბოლო პერიოდში დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სასამართლოები უარს აცხადებენ ქართული მხარის მოთხოვნაზე კონკრეტული პირების ექსტრადირებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დევნაა, რაც საბერძნეთში, დათა ახალაიას სასამარლოზე ბერძენმა პროკურორმაც განაცხადა.
„სრულიად აშკარად და ერთმნიშვნელოვნად ეს გადაწყვეტილება განპირობებული არის იმიტომ, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე ვესწრებოდი წინა პროცესს მოწმის სტატუსით, იქ მაშინ პროკურორმა თქვა, რომ შესაძლოა ეს იყოს პოლიტიკური დევნა, ხოლო დღევანდელ სასამართლო პროცესზე იგივე პროკურორმა გაიმეორა, რომ არის პოლიტიკური დევნა და ამიტომ, ამ ადამიანის ექსტრადიცია არ შეიძლება. ეს არის ერთადერთი, რის გამოც ბერძნულმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
საერთოდ, თუ დავაკვირდებით პრაქტიკას, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოების პრაქტიკაში უცვლელად მკვიდრდება ის, რომ საქართველოსთვის არ იყვნენ გადმოცემული პირები იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ აქ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნის კამპანია, რომ ადამიანები იმის გამო არიან ციხეში, რომ პოლიტიკური პარტიის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამიტომ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სასამართლოსი, რომ ჩვენს ქვეყანაში ექსტრადიცია ამ პირების არ მოხდეს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
პარლამენტის ადამიანს უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ კონსტექსტში განხილვა არ შეიძლება. ბესელიას განცხადებით, დათა ახალაიასთან დაკავშირებით საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნახვის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომენტარის გაკეთებაც.
„ეს არის იმ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის განსჯაში გამიჭირდება რომ შევიდე. რა ჩათვალა სასამართლომ არგუმენტად და რა არ გაიზიარა, ამაზე მხარეები შემდეგ ისაუბრებენ. პოლიტიკურ კონსტექსტში ვერ შევძლებ საკითხის განხილვას. ეს არის სამართლებრივი, კონკრეტული შემთხვევა, სხვა ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა ვნახოთ და შემდეგ შეიძლება კომენტარის გაკეთებაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში რომ არ ერევა, რეალობა და ფაქტია. აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით განცხადება თვითონ პროკურატურამ გააკეთოს, რადგან თავად არ იცნობს მტკიცებულებებს.
უმრავალესობის კიდევ ერთი წევრი, თინა ხიდაშელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება.
„ის, რომ სასამართლოს ეთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ამას ვერ დავიჯერებ, სანამ საკუთარი თვალით არ წავიკითხავ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით რაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.