რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ გადახედვას არ აპირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ყველაზე მწვავე საკითხი დღევანდელ მოლაპარაკებებზე სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი იყო. კარასინის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განცვიფრებულები დარჩნენ იმ პოზიციით, რომელიც ჰქონდათ აფხაზეთში, ვინაიდან ეს ხელშეკრულება არანაირად უქმნის პრობლემებს აფხაზეთის სუვერენიტეტს.
„ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრინციპულად არ ექვემდებარება გადახედვას. მკაცრი ფორმით დასვა კითხვა ჩემმა ქართველმა კოლეგამ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი ჩვენი მოლაპარაკების მანდატში არ შედიოდა. მოვუსმინე მის ლოგიკას და სათანადოდ ავუხსენი ჩემი პოზიციაც. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება.
ეს არანაირად არ ლახავს დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსს და სუვერენიტეტს. ის მიზნად ისახავს რუსეთთან სამეკავშირეო ურთიერთობის გამარტივებას და ინტეგრაციას ყველა სფეროში. მათ შორის, თავდაცვის სფეროშიც. ასე რომ, ჩვენი ურთიერთობების განვითარების ეს ეტაპი არანაირად არ ნიშნავს აფხაზეთის სტატუსისთვის საფრთხის შექმნას.
მით უმეტეს, მის ანექსიას, ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პრინციპულად არ ექვემდებარება გადახედვას, ჩვენი ორივე ვაღიარეთ და განვავითარებთ მათთან ურთიერთობას“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა, რომლის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსების რეაქციამ, 2007-2008 წლები და ის რიტორიკა გაახსენა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და იმედი გამოთქვა, მსგავსი რიტორიკა შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე მწვავე და მძიმე საუბარი, რაც კი პრაღაში შემდგარა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის და მხარეების კარდინალურად განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
„რადიკალურად განსხვავებული ხედვები და რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გვაქვს. ჩემი მხრიდან ავუხსენი, თუ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ეს ჩვენს ურთიერთობებს, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებით ჩვენ შევეცდებით ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრაღაში გამართული არაოფიციალური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებს მომდევნო შეხვედრის გამართავის თარიღი არ დაუსახელებიათ. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია გაუქმდება თუ არა აბაშიძე-კარასინი შეხვდერის ფორმატი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ რაღაც ფორმატი გააუქმო, ან პროტესტი გამოუცხადო.
ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთი აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას არ შეაჩერებს, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს და ჟენევის ფორმატი კვლავ ერთადერთ ფორუმად დარჩება.
„რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, ან „უკეთეს“ შემთხვევაში შანტაჟის, დაშინების და კუნთების თამაშის მეთოდებით განაგრძობს მცდელობებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვიოს ევროატლანტიკურ კურსს. როცა საჭიროდ ჩამითვლია, არ მოვრიდებივარ იმის თქმას, რომ კარასინთან შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია, ეს ფორმატი ემსახურებოდა გადაწყვეტადი საკითხების განხილვას, მისი ამოცანა შესრულებულია. თუმცა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ანექსიის განზრახვის შესრულების დაუშვებლობაზე პირდაპირ ეთქვას კარასინს.
დიპლომატები კარიბის კრიზისის ყველაზე მწვავე დღეებშიც კი განაგრძობდნენ ლაპარაკს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს და ჟენევის ფორმატი კვლავ დარჩება ერთადერთ ფორმატად, ამავე დროს, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი - პირველი - ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა აფხაზეთის ანექსია, მეორე - რუსეთი არის აგრესორი, მესამე - საქართველო არის რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიული ქმედებების რეალური საფრთხის წინაშე“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
მისივე განცხადებით, საჭიროა ძალთა სრული მობილიზება საერთაშორისო ფრონტზე, განსაკუთრებით ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღების მიზნით.
„საჭიროა ფართო საზოგადოების, მედიის და ექსპერტული თანამეგობრობის კონსოლიდაცია და არა ნიშნის მოგებით, არა აპოკალიპტური სურათის დახატვით, არა პოლარიზების ხელშეწყობით და კონსპირაციების ქსოვით, ვინ რომელ ბანაკში აღმოჩნდება, არამედ ანექსიის საფრთხის წინა პლანზე წამოწევით, საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებით, წინ აღვუდგეთ ცუნამის სისწრაფით მზარდ ახალ საფრთხეს. თორემ, ბოლოს მართლა ყველა ბანაკში ამოვყოფთ თავს. ოღონდ ეს „არტეკიც“ კი აღარ იქნება, არამედ იქნება თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი, რომლიდანაც თავის დაღწევას შეიძლება ისევ ათწლეულები და თაობები დასჭირდეს“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
პრაღაში გამართულ შეხვედრას სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ დღესაც არ შეცვლილა და უალტრენატივოა.
„რითი დაიმსახურა თედო ჯაფარიძემ თქვენი უზრდელი საჯარო გამოსვლა? ერთხელ, სიმბოლურად, შეხვედრის გაუქმების მოწოდება რატომ არის ასე წარმოუდგენელი და მიუღებელი? შეილება დაეთანხმო ან არა, მაგრამ მაშინ უნდა ალტერნატიულ ზომებს მიუთითო რასაც მივმართავდით ასეთ პროვოკაციული ნაბიჯის საპასუხოდ. მაგრამ ესოდენ გაღიზიანებას არ იმსახურებდა გამოთქმული მოსაზრება. მეტადრე, რომ, როგორც ჩანს, ამ საკითხზე აბაშიძე-კარასინის შეუთანხმებლობა რუსეთში დიდად არავის აღელვებს. ამ დროს რუსეთი თავის გეგმებს ახორციელებს ნაბიჯ-ნაბიჯ და ჩვენ კი მეორე ლოყას ვუშვერთ. ესეც პოლიტიკაა, მაგრამ ამ პოლიტიკას სახელიც აქვს - დათმობის და შეგუების. ერთი რამეც არის - რუსეთი არასოდეს არ ცემს პატივს დაჩოქილს და უხერხემლოს . ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დღესაც არ შეცვლილა და ულატრენატივოა - არც უშედეგო დათმობა! არც უაზრო დაპირისპირება! მეზობლური ურთიერთობა არათანაბარ და დამამცირებელ პირობებში ვერ აეწყობა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, უმჯობესი იქნებოდა ქართულ მხარეს კარასინთან მორიგ რაუნდში მონაწილეობა არ მიეღო.
„მე რომ ვყოფილიყავი ქართული მხარის ადგილზე, თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უარი ვთქვათ ფორმატზე“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.