„რუსეთს ხელიდან ეცლებოდა აფხაზეთი და შეცვალა ხელისუფლება, ეს პროექტიც იმავე ჯაჭვის რგოლია“

„რუსეთს ხელიდან ეცლებოდა აფხაზეთი და შეცვალა ხელისუფლება, ეს პროექტიც იმავე ჯაჭვის რგოლია“

პრაღის შემდეგ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტზე, ლუქსემბურში იმსჯელებენ. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. რუსეთი უარს არ ამბობს აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. კარასინის აზრით, ხელშეკრულება აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნის.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხელმოსაწერად წარუდგინა, ორშაბათს, ლუქსემბურგში იმსჯელებენ, სადაც 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი იქნება არაღიარებული ხელისუფლების მიერ, არ იქნება აღიარებული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ და მას არ ექნება იურიდიული ძალა. ფანჯიკიძე ამბობს, რომ ქართული მხარე მუშაობს ბევრი მიმართულებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია იყოს ადეკვატური ამ ახალ გამოწვევაზე, რომელიც არის გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ რუსეთის მიერ მომზადებული პროექტი, არ შეიძლება მხოლოდ საქართველოსკენ იყოს მიმართული. მისი თქმით, ამ ხელშეკრულების სამიზნე შეიძლება თვითონ აფხაზები იყვნენ, რადგან აშკარაა, რომ ამ შეთხვევაში რუსეთი ებრძვის აფხაზებს, თუმცა უარს არ იტყვის იმაზე, რომ ამ ბრძოლოდან დარტყმის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსაც მიაყენოს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების პროექტს თავად აფხაზები არ იზიარებენ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარ ვალერი ბგანბა ამბობს, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. როგორ ფიქრობთ, ეს კანონპროექტი არის თუ არა საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, რათა აიძულოს ხელისუფლება უარი თქვას ევროპულ არჩევანზე?

- ვერ ვიყტოდი, რომ დღევანდელი ვითარება რაიმე თვალსაზრისით განსხვადებოდეს წარსული პერიოდებისგან. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში კონფლიქტის არა თუ მოგვარება, არამედ გაღვივება ხდებოდა. სააკაშვილს სურდა გამწვავების ხარჯზე მიეღო რაიმე. რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, მის პერიოდში მოხდა ეს კონფლიქტები. ამ კონფლიქტების გაღვივებაში თავისი წილი შეიტანა წინა ორმა ხელისუფლებამ.

თითქოს, ახალი ხელისულება თავისი პასიურობით ხელს უწყობს ამ კონფლიქტის გაღვივებას, ამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება. შეიძლება ხელისუფლების ქმედება სულაც არ იყოს პასიური და შეიძლება ჩვენ არ ვიცით რაღაცა პროცესების შესახებ. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ისე მოვაწერეთ, რომ რუსეთისგან რეაქცია არ ყოფილა, მაშინ, როდესაც ანალოგიურ მოვლენაზე უკრაინას რეაქცია მისცა. ისეთი წვრილმანი პროცესებიც კი, როგორიც არის საზღვარზე უსიამოვნებების შექმნა, ფაქტია, რომ იკლო. ამიტომ, მაინც ვფიქრობ, რომ კულუარულად რაღაცა პროცესები მიდის ისე, რომ ეს საჯარო აფიშირების საგანი არაა, ყოველ შემთხვევაში -ჯერჯერობით.

თუ პროცესები ფარულად მიმდინარეობს, მაშინ ჩნდება კითხვა, ეს ხელშეკრულება რა არის?

- გეთანხმებით, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება მარტო ჩვენსკენ არ იყოს მომართული. ამ ხელშეკრულების სამიზნე შეიძლება თვითონ აფხაზები იყვნენ. თქვენ უკვე ახენეთ, რომ აფხაზები ცუდად შეხვდნენ ამ ხელშეკრულებას. სწორედ იმიტომ, რომ აფხაზები ცუდად შეხვდნენ ამ ხელშეკრულებას, დაიდო ამ ხელშეკრულების პროექტი მათ წინაშე, რომელიც აშკარად ზღუდავს მათ სუვერენიტეტს. ამ შეთხვევაში რუსეთი ებრძვის აფხაზებს, თუმცა უარს არ იტყვის იმაზე, რომ ამ ბრძოლოდან დარტყმის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსაც მიაყენოს.

ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა აფხაზების ინტერესები არის უგულებელყოფილი. თუ დავაკვირდებით პროცესებს, ამ შემთხვევაში, ჩვენი და აფხაზების ინტერესები ერთმანეთს ემთხევა. როდესაც ვსაუბრობთ ანექსიაზე, ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ უკვე ვართ ანექსირებული. რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში არიან. ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. ასე რომ, ქვეყანამ, რომელმაც უკრაინაში გააკეთა ის, რაც ყველამ ვანახეთ, საქართველოს ხელების გადაგრეხვისთვის, ამგვარი ხელშეკრულება არ სჭირდება.

ცოტა რთულად რომ შევხედოთ პროცესებს, მე მგონია, რომ სხვა მნიშვნელობა შეიძლება ამოვიკითხოთ. პირველი - აფხაზების მოტეხვა, მეორე - გარკვეული თვალსაზრისით, იქ ყოფნის იურიდიულად დაკანონება. ფაქტია, რომ ანაქვაბის მმართველობის დროს რუსეთს ხელიდან ეცლებოდა აფხაზეთი. ამისთვის მოისურვა სასწრაფოდ ხელისუფლების შეცვლა. მგონია, რომ ეს პროექტიც იმავე ჯაჭვის რგოლია, ეს არის აფხაზეთის დასაკუთრების მორიგი რაუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებაში არის გარკვეული განსხვავება კონკრეტულად ყირიმის სცენართან შედარებით, იმ კუთხით, რომ .. სახელმწიფოებრიობის ატრიბუტები შენარჩუნებულია, მაგრამ რეალურად ეს არ ცვლის შინაარს. როგორ ფიქრობთ, რუსეთის გეგმის ნაწილი არის თუ არა, აფხაზეთის რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება?

- მე მგონია, რომ ამაზე რუსეთი უარს იტყვის და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, საქართველოში ყირიმის გეგმის განმეორება, ძალიან ცუდი ფონი იქნება, კიდევ უფრო გამძაფრდება რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება და მეორე, აფხაზები არ წამოვლენ ამაზე, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში ყირიმისა და აფხაზეთის მოსახლეობის პოზიცია ერთნაირი არ იქნება.

ამის ფონზე, როგორ აფასებთ სააკაშილის განცხადებას, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ყოფილი პრემიერი მტრულად განწყობილი ქვეყნის სამსახურშია...

- რუსეთის ინტერესების წისქვილზე იმდენი წყალი არავის დაუსხამს, რამდენიც სააკაშვილმა დაასახა. გარდა ამისა, როგორ მოახერხებს ყოფილი პრეზიდენტი იმის ახსნას, რომ ივანაშვილის ხელიუფლებამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს რუსეთის ინტერესებში შედის? სააკაშვილის ლოგიკით ეს რუსეთის ინტერესებში შედის, ამ დროს ბურჯანაძე ხელისუფლებას სწორედ იმას საყვედურობს, რომ დასავლეთისკენ ძაან ნუ მიიწევთ, რუსეთი ბრაზდებაო. ამ შემთხვევაში სააკაშვილის პოზიცია ძალიან არალოგიკურია, რბილად რომ ვთქვათ, ნამუსმოკლებულია.

სააკაშვილისა და მისი გუნდის მოქმედებაში ვერ ვიპოვე ის ფრაგმენტი, რომელიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ყოფილიყოს. მაშინც კი, როდესაც სააკაშვილი სხვადასხვა ტრიბუნებიდან რუსეთს აგინებდა, ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა. იმ განცხადებით და ფონით, რომ საქართველო ებრძვის რუსეთს, რომ ომი აქვს რუსეთთან, საქართველოში სერიოზული უცხოური ინვესტიციები არ შემოდიოდა. შემოდიოდა მარტო რუსული ინვესტიციები. ასე რომ, მაგ განცხადებებითაც კი, ისევ რუსეთის საქმეს აკეთებდა სააკაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ ომზე, სავაჭრო ურთიერთობებში კარების გაღებაზე და ა.შ.