აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა უახლოეს პერიოდში კოდორის ხეობის, როგორც აფხაზეთის განვითარების შემადგენელი ნაწილის, განვითარების პროგრამის შემუშავებას გეგმავს.
ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუტბა კოდორის ხეობის დასახლებულ პუნქტებს ეწვია, სადაც მწუხარებით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კოდორის ხეობას სათანადო ყურადღება ვერ ეთმობოდა. ეს მაშინ, როცა ეს ხეობა არა მხოლოდ ისტორიული ძეგლების კერაა, არამედ რეგიონია, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ პოტენციალს ატარებს სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ტურიზმის დარგებში.
სწორედ ამიტომ, ბესლან ბუტბას ინიციატივით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს, უახლოეს პერიოდში შეიმუშავოს კოდორის განვითარების პროგრამა და ეს პროგრამა გახდეს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ძირითადი შემადგენელი ნაწილი.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის შესაბამის სამსახურებს დაევალათ, მოამზადონ წინადადებები კოდორის ხეობაში ტელე-რადიომაუწყებლობის ორგანიზების შესახებ.
რას ნიშნავს დე ფაქტო ხელისუფლების განსაკუთრებული „მზრუნველობა“ კოდორის ხეობის მიმართ? რა პრობლემებს შეუქმნის ეს ქართულ მხარეს, რადგან მას შემდეგ, რაც დალის ისტორიული ხეობა დავკარგეთ, მასზე „მეურვეობა“ აიღო აფხაზურმა მხარემ. არადა, კოდორის ხეობის ზემო ნაწილი აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო, რომელსაც 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა.
„ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნების შემდეგ მოსული ყოველი ახალი ხელისუფლება, როგორც წესი, იწყებს კოდორის ხეობაზე ლაპარაკს, მაგრამ დღემდე ხეობისთვის არაფერი გაკეთებულა. დღესაც, მაქსიმუმ, რასაც აფხაზები გააკეთებენ, შესაძლოა, ერთი დასასვენებელი სახლი ააშენონ, როგორც ადრე იყო, საბჭოთა კავშირის დროს. კერძოდ, „იუჟნი პრიუტ“ - იყო ასეთი დასასვენებელი კომპლექსი. სავარაუდოდ, გახსნიან, ასევე, კოდორიდან რუსეთის მიმართულებით გადასასვლელს და ამ ყველაფერს გააკეთებენ რუსული ინვესტიციებით, რომლის მიღების ძალიან დიდი სურვილიც გააჩნიათ.
„პირველ რიგში, დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ეს განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი თანხები გამოღლიტონ რუსეთს კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. მათ სურთ, რუსეთმა სხვადასხვა სფეროში გარკვეული თანხები გამოყოს. უფრო ადრე, ბაღაფშის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთიდან გადმოსასვლელი გზა უნდა გახსნილიყო პირდაპირ კოდორის ხეობაზე. არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი დე ფაქტო მთავრობა ამ პროექტს მოერევა და ამაზე წავა. მით უმეტეს, აფხაზური საზოგადოება ამის წინააღმდეგია. მაქსიმუმ, რაც შეუძლია დღეს გააკეთონ, ეს ერთი ტურისტული ზონის გაკეთებაა. შესაბამისად, უფრო მეტ რუს ტურისტს დაასვენებენ კოდორის ხეობაში. რა თქმა უნდა, დე ფაქტო ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხდება ეკონომიკური ზონებისა და გავლენების ახლებური გადანაწილება და ახალი ხელისუფლების ნათესავების თუ ახლობლების ხელში აღმოჩნდება ეს ახალი ტურისტული ბაზებიც“, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი და კოდორის ხეობის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რადგან, ვინც აკონტროლებს ამ ხეობას, მას აქვს კონტროლი აფხაზეთის მთელ აღმოსავლეთ ნაწილზე. დღეს ჩვენ ეს კონტროლი არ გაგვაჩნია და ამ მხრივ რუსებისთვის ყველაზე მომგებიანია კოდორის გადაკეტვა.
უფრო მეტიც, დღეს იქ ბაზაა განთავსებული და ამ მხრივ აფხაზები დაცული ჰყავთ რუსებს. ამის საპასუხოდ, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. თუკი კოდორის ხეობაში აფხაზები მართლაც გახსნიან ტურისტულ ბაზას და მოიწვევენ რუს ტურისტებს, ამაზე შეიძლება ქართული მხარის მხრიდან მორიგი განცხადებები გაკეთდეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ირაკლი ცქიტიშვილის აზრით, მთავარია, აფხაზეთის პრობლემაზე იყოს ორიენტირებული ჩვენი თვალთახედვა და, როგორც კი მთლიანი პრობლემა მოგვარდება, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. მათ შორის, ყველას დაავიწყდება, კოდორის ხეობაში აფხაზების ტურისტული ბაზები თუ სხვა ობიექტები.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის და, ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არც აფხაზების და არც რუსების დანაშაული არაფერია იმასთან შედარებით, რა პროვოკაციებიც ჩაიდინეს ნაციონალებმა. კვიციანის თქმით, „ეს იყო ყველაზე დიდი ღალატი, თორემ რუსი, რომელიც იდგა ჯვართან, ვერ ბედავდა ვერცერთი სამხედრო ფორმიანის შეყვანას კოდორის ხეობაში მანამ, სანამ ნაციონალებმა მოლაპარაკების შედეგად არ ჩააბარეს კოდორი, სანამ არ გაყიდეს თითოეული იქ მცხოვრები ადამიანი“. ამიტომაც დღეს გასაკვირი არ არის, რომ აფხაზები კოდორის ხეობის განვითარების პროგრამაზე მუშაობენ.