„რუსეთი ფიქრობს ყირიმის მსგავსი მოდელი შექმნას აფხაზეთშიც“

„რუსეთი ფიქრობს ყირიმის მსგავსი მოდელი შექმნას აფხაზეთშიც“

„მინდა მივუსამძიმრო ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს ის პრესპექტივა, რომელიც მათ ელოდებათ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. როდესაც სრულიად „დაკანონებული“ გზით და ხაჯინბას დამსახურებით, აფხაზეთის მიწის მეპატრონე გახდება რუსული ოლიგარქიული კაპიტალი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. მისივე განცხადებით, აფხაზეთის საკითხი უნდა გახდეს უპირველესი და ეროვნული პრიორიტეტი, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტ განხილვა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საპასუხო ნაბიჯია რუსეთის მხრიდან?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა მოსკოვში გასულ კვირას არ გაჩენილა. ვირდე მოხდებოდა აფხაზეთის ოკუპაცია, ეს გეგმა უკვე არსებობდა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ტერმინი ოკუპირებული აფხაზეთი თანდათან დაუახლოვდება რეალობას. საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მეგობრები დღემდე გაუგებრობაში იყვნენ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ოკუპირებულ აფხაზეთზე. არც ერთ მოსახლეს ამის გამო რაიმე ხინჯი გულში არ ჰქონია. მშვიდად, კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი ქვეყნის ოკუპირების გამო. ეს მუდმივად იწვევდა გამოუთქმელ ეჭვს ჩვენს პარტნიორებში, რომ აფხაზეთი არაა ოკუპირებული ტერიტორია, მას შეიძლება რაიმე სხვა სტატუსი ჰქონოდა.

როგორც წესი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები მშვიდად არ იძინებენ და არ იღვიძებენ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა აფხაზეთში. ჩვენს მიერ ოკუპანტად წოდებულმა რუსეთმა ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ცდილობს, რომ უკვე დოკუმენტალურად გააფორმოს საკუთარი უფლება-მოსილება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს იმ კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ და გავიხსენოთ ფილმი „ზოგი ჭირი მარგებელია.“ უკვე აღარავის დარჩება კითხვა მსოფლიოს მასშტაბით, თუ რა მიდრეკილებები ედო საფუძვლად რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპირებას.

ამ ჭირის მარგებლობაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ დღევანდელ აფხაზურ პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირებიც ღიად საუბრობენ ასეთი დოქტრინის მიუღებლობაზე. მინდა მივუსამძიმრო ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს ის პრესპექტივა, რომელიც მათ ელოდებათ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. როდესაც სრულიად „დაკანონებული“ გზით და ხაჯინბას დამსახურებით, აფხაზეთის მიწის მეპატრონე გახდება რუსული ოლიგარქიული კაპიტალი.

ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი, ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიული ქმედების რეალური საფრთხის წინაშე დგას?

- რასაკვირევლია. ის, რომ საფრთხე რეალური იყო, ამაზე საუბარი არაერთხელ ყოფილა. დღევანდელ ხელისუფლებას მეტი ვალდებულებები ეკისრება. გარკვეული დუმილის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემაზე ალაპარაკება, შეიძლება იყოს გარკვეული კატალიზატორი ასეთი განაჩენისა, რომელიც კრემლმა აფხაზეთს გამოუტანა. ქართველებს გვმართებს მეტი გონიერება, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ აფხაზური პატრიოტიზმი და რუსული აგრესია. საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ იმის ძალა, რომ აფხაზებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ დაეკარგოთ. დადგა დრო, როდესაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა გააგრძელონ ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ.

კრემლის ეს ნაბიჯი, არის გარკვეული მცდელობა, ან თუნდაც შანტაჟი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ევროპულ არჩევანზე?

- ამის საფუძველი რუსეთს არ გააჩნია. ქართველი ერის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი დიდწილად სათავეს იღებს კრემლის ვერაგული ქმედებების გამო. თუ ვინმე ცდილობდა, რომ მათ წიაღს საკუთარი ქმედებით დავშორებოდით, ეს სწორედ რუსეთი და მისი ლიდერები იყვნენ. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ რუსეთთან სიახლოვე არის მთავარი საფრთხე საქართველოს პერსპექტივისთვის. კრემლის ბოლო ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მოსაზრებას.

დღეს უკვე მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ვექტორის ცვლილების გარეშე, რუსეთმა მონახა დრო, როდესაც ისედაც მიჭირხვნილია დასავლეთის მიერ და ბარემ რატომაც არაო და ფიქრობს ყირიმის მსგავსი მოდელი შექმნას აფხაზეთშიც. თუ გახსოვთ, სწორედ, ასეთი მოდელის არდაუშვებლობის განცხადების შემდეგ დასრულდა ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკური კარიერა.

რა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ყრიმის ანალოგი არ შეიქმნას აფხაზეთში? კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფორმატი არის ადეკვატური ამ პრობლემის მოგვარებისთვის?

- კარასინი-აბაშიძის ფორმატი არაა ადეკვატური იმ პრობლემებისა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. პრაქტიკულად, ისინი ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში საქმიანობენ. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ის, რომ ბატონი აბაშიძე ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს სახელმწიფოს, ის არის საქართველოს მთავრობის მეთაურის პირადი წარმომადგენელი. კარასინი ვის და რას წარმოადგენს, ეს დღემდე უცნობია. მგონია, რომ დადგა დრო, საქართველოს პარლამენტმა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილების საკითხი დააყენოს.

ამდენ-წლიანი უშედეგო ძალისხმევა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა შეფასდეს?! ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჟენევის ფორმატი არის შესანიშნავი თავშესაფარი კრემლის სურვილების. მისი მუდმივი სწრაფვაა, რომ არანაირი შედეგი არ დადგეს კონფლიქტის დასრულების სახით. ნამდვილად ვფლობ დამაჯერებელ ინფორმაციას, რომ ყარაბახის კონფლიქტი დაიწყო სწორედ რუსეთის გეგმით, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებს ერთმანეთს ახოცინებდნენ სომხებისა და აზერბაიჯანლების სახელით და შემდგომ ასე განაგრძნეს ამ ორი ერის დაპირისპირება წლების განმავლობაში, ვიდრე რეალურ კონფლიქტში არ გადაიზარდა.

ჩვენ, რუსეთის ეს გეგმა თავიდან უნდა ავიცილოთ, რადგან ასეთი ჩანაფიქრი რუსეთს აფხაზეთთან მიმართებაში ექნება. არ უნდა დავუშვათ აზრი იმისა, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთის სროლას დაუწყებენ. ასეთი რეპერტუარი კრემლს საკუთარ სცენარში გააჩნია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ისტორიული სიბრძნე მოგცემს საშუალებას, ადეკვატურნი ვიყოთ ასეთი დაპირისპირების პირობებში.

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის საკითხი უნდა გახდეს უპირველესი და ეროვნული პრიორიტეტი, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის. არ შეიძლება გულზე ხელდაკრეფილებმა საღამოობით ვუყუროთ ახალ ამბებს და ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ოპოზიცია.

საკმარისი ძალისხმევა არაა მიმართული კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით?

- არა და ეს აისახება კიდევაც იმ გამოკითხვებშიც, რომელსაც დაუზარებლად ატარებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. როცა ჩვენი უცხოელი პარტნიორები აკვირდებიან ამ გამოკითხვის შედეგებს, აცნობიერებენ, რომ დაკარგული ტერიტორიები, ოკუპირებული აფხაზეთი მოსახლეობის პრობლემების პირველ ხუთეულში არ ჩანს. რასაკვირველია, მათ აქვთ საფუძველი,  იფიქრონ პირველ ხუთ პრობლემაზე.

ამიტომ, ვეცადოთ, რომ ეს საკითხი გახდეს უპირატესი, ყველა ჩვენს სხვა სირთულესთან ერთად. ამას არ სჭირდება ძალიან გონივრული ნაბიჯების გადადგმა, სადაც ქართული საზოგადოება უნდა იყოს კატალიზატორი ხელისუფლების ქმედებისა. ჩვენ ვართ მილიონები, ხელისუფლება კი რამდენიმე ათეული კაცისგან შედგება. თუ აფხაზეთი მართლა არის ერის სატკივარი, მოდით, ჯერ, საკუთარი თავი დავარწმუნოთ ამაში.

როგორ ფიქრობთ, რატომ არაა უმთავრესი და პრინციპული საკითხი ხელისუფლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიები, ისევე როგორც წინა ხელისუფლება, ახალი ხელისუფლებაც ამ მიმართულებით არაა აქტიური. რა არის მიზეზი, პოლიტიკური ნების არარსებობა, თუ ხელისუფლება ცდილობს, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი?

- საქართველოს ორმა უკანასკნელმა ხელისუფლებამ დიამეტრალურად სხვა და სხვა რეცეპტი გამოიყენა რუსეთთან საურთიერთოდ. ერთი მუდმივად ცდილობდა მის გაღიზიანებას და დადგა კიდევაც ის შედეგი, რაც გვაქვს. ხოლო მეორე, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო, არჩევს უფრო მშვიდობიანი თანაარსებობის გზას. ვფიქრობ, რომ მეორე გზა უფრო მომგებიანია, თუ იგი გათვლილია პერსპექტივის იმ სიღრმეებამდე, რასაც ჰქვია კონფლიქტების მოგვარება და არა მხოლოდ თავის გადარჩენა.