რუსეთის საპასუხოდ უმცირესობა რეზოლუციას ამზადებს, უმრავლესობა უსუფაშვილს ელოდება

რუსეთის საპასუხოდ უმცირესობა რეზოლუციას ამზადებს, უმრავლესობა უსუფაშვილს ელოდება

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთის გეგმის საპასუხოდ ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს, მეორე მხრივ კი, კარასინი-აბაშიძის ფორმატი შეწყვიტოს და „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ დოკუმენტის თაობაზე მკაცრი შინაარსის რეზოლიცია მიიღოს. მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ჩამოსვლას ელოდებიან.

უმცირესობა რეზოლუციის ტექსტზე უკვე მუშაობს და პროექტი მზად დღეს იქნება, უმრავლესობა კი, რუსეთის მიერ მომზადებულ პროექტსა და საპასუხო ნაბიჯებზე კოალიციის დახურულ შეხვედრაზე იმსჯელებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რუსეთთან მიმართებაში აფხაზური საზოგადოება გაცილებით უფრო ღირსეულად იქცევა, ვიდრე ხელისუფლება.

დეპუტატის ვარაუდით, აფხაზები რუსეთის მიერ შეთავაზებულ პროექტს იმ ვერსიით არ მიიღებენ, რაც მათ რუსულმა მხარემ შესთავაზა.

ბობოხიძის შეფასებით, რუსეთი კავკასიასთან და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში თავის განზრახვას მიზანმიმართულად ახორციელებს.

„სამწუხაროდ, ჭკუას მწარე გამოცდილებითაც ვერ ვსწავლობთ. სახელმწიფოებს შორის თბილი ან ცუდი ურთიერთობები არ არსებობს, რადგან გადამწყვეტ როლს სახელმწიფოთა ინტერესები თამაშობს. რუსეთის განზრახვა, რომ იმპერია აღადგინოს თავის თავში, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას არ გულისხმობს“, - აცხადებს დეპუტატი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობა რაც არ უნდა დაათბოს, შედეგს ვერ მიაღწევს და ამასობაში ქვეყანა ვეშაპის წინაშე მარტო დარჩება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ ბრძოლაში დამარცხდება. შეგვიძლია გამარჯვება თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად მოვიპოვოთ. ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ, დანარჩენ მსოფლიოს რაში ვჭირდებით და რაში შეიძლება მათი მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, - დასძენს კანონმდებელი.

თანაგუნდელის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ე.წ. დათბობის პოლიტიკის წარმოების გამო აკრიტიკებს გოკა გაბაშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი უნდა შეწყდეს და „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ დოკუმენტის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს.

მისი მოსაზრებით, რუსეთთან ხელისუფლების ე.წ. დალაგების პოლიტიკამ კატასტროფული შედეგი მოიტანა.

„იმის მაგივრად, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო, რუსულმა მხარემ ფაქტქობრივად აფხაზეთის ანექსიის თაობაზე პროექტი მოამზადა. დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ აწარმოებს, ფაქტქობრივად დასკვნით ფაზაში შედის - აფხაზეთის ანექსია ხდება. სანამ მთავრობა ოპოზიციასთან ურთიერთობის გარკვევით არის დაკავებული, ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესისადმი კი არანაირი საერთაშორიო ყურადღება არ არის მიპყრობილი“, - აცხადებს გაბაშვილი, რომლის პოზიციაზეა ნუგზარ წიკლაური.

for.ge-სთან საუბარში წიკლაური აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში ქართული მხარის პოზიცია მაქსიალურად აქტიური და ადეკვატური უნდა იყოს. კანონმდებელის განცხადებით, თავის დროზე, რუსეთმა დე-ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც სინამდვილეში ფიქცია იყო, ახლა კი ანექსირების პროცესი მიმდინარეობს, რაც შემდგომში რუსეთთან მიერთებაში გადაიზრდება.

„ამ ვითარებაში საქართველოს პოზიცია მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს. ამ პროცესში დიპლომატიური არხების ჩარვთა უნდა მოხდეს და კარასინ-აბაშიძის ფორმატი შეწყდეს, რომელსაც აზრი არ აქვს და მხოლოდ ზიანის მომტანია. სჯობს, მსოფლიო თანამეგობრობას მივმართოთ და საქართველო გახდეს ნაწილი იმ სანქციების, რომელიც დასავლეთმა რუსეთის მიმართ შეინარჩუნა“, - აღნიშნავს წიკლაური.

რუსეთის ქმედებების შეფასებისას, უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობა შედარებით თავშეკავებულია და ერთპიროვნული პასუხი არ აქვს, შეწყდება თუ არა კარასინ-აბაშიძის შეხვედრა და ასევე, პარლამენტი მიიღებს თუ არა რეზოლუციას.

როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, კარასინ-აბაშიძის ფორმატი გაგრძელდება თუ არა, გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მისი თქმით, ჟენევის ფორმატისგან განსხვავებით, კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებები სხვა ფორმატია და ის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ეხება.

„ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების წინადადებით პრეზიდენტმაც მოგვმართა. ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და იმაზეც, თუ რა განცხადებას გავაკეთებთ. არ მინდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური კინკლაობის მიზეზი გახდეს, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა პარტიულობაზე მაღლა დგას“, - აცხადებს აბაშიძე.

კანონმდებელის მოსაზრებით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვა და სერიოზულ პოზიციას დავაფიქსირებთ. საერთაშორისო თანამეგობრობაზე სერიოზული მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომ ყველა დედაქალაქში ეს საკითხი განიხილებოდეს და რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა განხორციელდეს. იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის ის ნაწილი, რომელიც თავისი თვითმყოფადობის საკითხზე ფიქრობს, ამ პროექტის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად გამოვა“, - დასძენს აბაშიძე, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის პარლამენტისამდი მიმართვას დადებითად აფასებს უმრავლესობის ლიდერი.

for.ge-სთან საუბარში დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა ამ თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა საჭიროდ ჩათვალა. მისი ცნობით, პრეზიდენტის მიმართვასა და რუსეთის გეგმაზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე მოხდება, რომელიც დღეს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.

„ნაციონალები გვეუბნებიან, რომ რეზოლუცია მივიღოთ და მკაცრი შინაარსის განცხადება მოვამზადოთ. მათ საქართველოს რა უქნეს და რა მდგომარეობაში ჩააგდეს, ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. საქართველომ გულზე ხელის ბრახუნი და კუნთებზე ყურებით რას შეიძლება მიაღწიოს, ამას ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. პარლამენტი მიიღებს თუ არა რეზოლუციას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს“, - აცხადებს საგანელიძე.

პარლამენტის წევრი კარასინ-აბაშიძის ფორმატს და თედო ჯაფარიძის განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც მიიჩნევს, რომ პრაღაში დღეს ეს შეხვედრა არ უნდა გაიმართოს.

საგანელიძის განცხადებით, ის კარასინ-აბაშიძის ფორმატის წინააღმდეგი არ არის, რადგან ეს რუსეთან სალაპარაკოდ ერთადერთი ფორმატია, მაგრამ როცა ასეთი საგანგაშო ხმა ისმის, შეიძლება რაუნდი იქნეს გამოტოვებული.

„შეიძლება ეს ოპტიმალური ვარიანტი იყოს, მაგრამ რუსეთთან სიტუაცია არ უნდა დავძაბოთ. რადიკალური განცხადებებით ვის ესაუბრები, რუსეთს? დადებითი შედეგი ამით ვის მიუღია, რომ ჩვენ მივიღოთ?!“, - დასძენს საგანელიძე.

მიიღებს თუ არა პარლამენტი რეზოლუციას და თუ რა შინაარსის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, ეს ცნობილი დღეს გახდება, მაგრამ ერთიანი პოზიციის მიღებას დეპუტატებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილიც სთხოვს.

ქვეყნის პირველი პირი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, პარლამენტს მოუწოდებს პოზიცია შეიმუშაოს, რის შემდეგაც ის უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

პრეზიდენტის შეფასებით, ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი და ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში.