თბილისის მერია წელსაც გააგრძელებს თბილისის მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების ვაუჩერების დარიგებას, თუმცა უცნობია, თუ რა თანხა დაერიცხებათ აბონენტებს ყოველთვიურად. ჯერჯერობით მარტოოდენ ზოგადი განცხადებები ისმის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სოციალურად დაუცველ ფენას დახმარების ოდენობა გაეზრდება. დავით ნარმანიას უწყებაბში ამბობენ, რომ ვაუჩერები „გაუმჯობესებული იქნება“.
„2014 წლის ბიუჯეტით რაც იყო გათვალისწინებული, ის თანხა ჩვეულებრივ, როგორც პროგრამით არის გათვალისწინებული, დაერიცხება ყველა იმ აბონენტს, რომელიც ამ პროგრამის მონაწილეა“, - განაცხადა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა. თუ რა გაუმჯობებსება მოხდება 2015 წლის ვაუჩერებში, ეს 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაირკვევა.
„პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რომელშიც ყველა პირობა იქნება. ვისაც ყველაზე მეტი საჭიროება აქვს, ის მიიღებს უფრომეტ თანხას, ვისაც ნაკლები საჭიროება აქვს, ის მიიღებს ნაკლებ თანხას. ეს არის პირობები და რაც შეეხება კონკრეტულად თანხებს და ერთეულ განფასებებს, ეს ჯერჯერობით მიმდინარე პროცესშია და ბიუჯეტის დამტკიცების დროს იქნება ცნობილი“ - დასძინა ჩივიაშვილმა.
მისი თქმით, კომუნალური შეღავათი საჭიროებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, და, შესაბამისად, ის იქნება მეტი სოციალურად დაუცველებისთვის და ნაკლები სხვა დანარჩენებისთვის.
მერია იხელმძღვანელებს დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებებით, სადაც ის უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისთვის ვაუჩერების თანხის გაორმაგების პირობას იძლევა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის მოცულობა 500 ლარს მიაღწევს.
თბილისის მერიამ წინა წელს დედაქალაქში რეგისტრირებულ თითოეულ აბონენტს 100-ლარიანი კომუნალურ ვაუჩერი დაურიგა. 5 თვის (ნოემბერ-მარტი) განმავლობაში თითოეულ ოჯახს ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, 250-ლარიან ვაუჩერს იღებდნენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის სიტყვებით, ვაუჩერების დარიგება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან დაიწყო და ამ პრაქტიკის გაგრძელებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა მერია არამიზნობრივ ხარჯებს რომ არ სწევდეს, სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერის თანხის გაორმაგებაც მოხერხდებოდა:
„მაგალითად, ასეთი არამიზნობრივი ხარჯია კანცელარიის შენობის მხატვრული განათებისთვის 450 ათასი ლარის დახარჯვა და ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისთვის 460 ათასი ლარის განათების დაყენება. ამის ნაცვლად, ეს კომუნალური ვაუჩერი უნდა დარიგებულიყო გაორმაგებული ოდენობით. რასაც ესენი საკუთარ და მინისტრების ფუფუნებაზე ხარჯავენ, იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი, რომ დაახლოებით 40 ათასამდე თბილისელ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიეღო გაორმაგებული კომუნალური ვაუჩერი და ამას წლევანდელ ბიუჯეტში სულ, დამატებით, 2 მილიონი ლარის მობილიზება დასჭირდებოდა“, - ამბობს აბესაძე.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების გაორმაგება ზედმეტი ხარჯია, რომელიც ეკონომიკასა და დედაქალაქის განვითარებას აკლდება.
„მესმის, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ბიუჯეტი ისედაც დატვირთულია ამგვარი პროექტებით. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება სოციალური მიმართულებით. ამიტომ, დამატებით პროექტებს ორმაგ დაფინანსებამდე მივყავართ“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია და დასძენს, რომ მერიას ეს ფული დედაქალაქში ბიზნესის მხარდასაჭერად უნდა გამოეყენებინა.