„მივმართავ პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება“

„მივმართავ პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება“

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების შესახებ რუსულ და აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ პროექტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება და საქართველოს პარლამენტს ფაქტის შეფასებასა და შესაბამისი პოზიციის შემუშავებას სთხოვს.

საუბარია „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების სამუშაო ვარიანტზე, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მსჯელობის საგანია და აფხაზეთის სამართალდამცავი, საბაჟო და საგადასახადო სისტემების რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს სამხედრო ვალდებულებას, რომ აფხაზეთზე თავდასხმა იქნება რუსეთზე თავდასხმა, თავად აფხაზეთის ჯარი კი სტრუქტურულად, ინფრასტრუქტურულად და სამართლებრივად რუსული სისტემით მოეწყობა.

გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ ხელშეკრულების პროექტში მოყვანილი მუხლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯია და აფხაზეთის მხრიდან მისი ხელმოწერის შემთხვევაში, უსაფრთხოების კუთხით, ვითარება მთელს რეგიონში გაუარესდება.

„ხელშეკრულება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატსა და სულისკვეთებას. ეს ხელშეკრულება, უშუალოდ, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. მისი ამოქმედების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა რეგიონში. რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის, თვითდამკვიდრება და მომავალი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ ჩვენს პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს“,- განაცხადა ავლაბრის სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ შესაბამისი თხოვნა პარლამენტში უკვე გადაგზავნა.

ბრიფინგს ჟურნალისტების გარდა გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების ხელშეკრულების ტექსტი საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

„ყირიმის სცენართან შედარებით, აფხაზეთის შემთხვევაში არის ვითომდა სახელმწიოფოებრიობის შენარჩუნების „ატრიბუტები“ , მაგრამ, რეალურად, ეს არ ცვლის შინაარსს, რადგან ხელშეკრულებაში საუბარია ერთიან შეიარაღებულ ძალებზე, ერთიან თავდაცვაზე, ერთიან საფინანსო და საბაჟო ინსტიტუტებზე, რაც, პრინციპში, შესაძლებელია შეფასდეს როგორც საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ხელყოფისა და მცოცავი ოკუპაციის ნაირსახეობა“,- აცხადებს თენგიზ ფხალაძე და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საბოლოო შეფასება საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს.

„იმ რეალობაში, როდესაც ასე დრამატულად იცვლება უსაფრთხოების გარემო, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა შეაფასოს მიმდინარე მოვლენები, შეიმუშავოს ის ზოგადი ხედვები, რომლის იმპლემენტაციაც მოხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში... ასე რომ, აქ სრულად არის დაცული ხელისუფლების ყველა შტოს უფლებამოსილება და ბალანსი“, - განმარტავს პრეზიდენტის მრჩეველი.

 აფხაზეთთან რუსეთის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო ხელშეკრულების“ გაფორმების გადაწყვეტილებას ანექსისტური პოლიტიკის გაგრძელებას უწოდებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

„რუსეთის ეს ნაბიჯი ცალსახად მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ეს არის მისი ანექსისტური პოლიტიკის გაგრძელება. თუმცაღა ერთგვარი მოდერნიზებული ფორმით, ვინაიდან აფხაზეთს ამ ხელშეკრულებით „სახელმწიფოებრიობას“ უნარჩუნებენ. თუმცა, ცხადია, ეს არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. კონსტიტუციით, სწორედ, საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მან მიმართა პარლამენტს, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შემმუშავებელი უწყებაა“,- განმარტავს ირინე იმერლიშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ, სწორედ, პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი გახდება უშიშროების საბჭოს მოწვევის საფუძველი და ერთგვარი სახელმძღვანელო.

ირინა იმერლიშვილი for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ერთგვარ დავასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კორექტულად საუბრობდა და არც დიპლომატიის წესები დაურღვევია.

საუბარია ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მან კოლეგებს ურჩია შექმნილ ვითარებაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინთან შეხვედრაზე კონკრეტული მიზნით მიდის და „მის მეგობარ თედო ჯაფარიძეს, შესაძლოა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა“.

„თედო ჯაფარიძე გახლავთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეს საკითხები შედის მის უშუალო კომპეტენციაში. იგი იყო ძალიან კორექტული ბატონი ზურაბ აბაშიძისგან განსხვავებით, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან კარგ დიპლომატს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მისი საუბარი ნამდვილად არ იყო დიპლომატიური ენა. შესაბამისად, მე ამ საკითხში თედო ჯაფარიძეს დავეთანხმებოდი და, ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკებების დროს, ამ ფონზე, ამ თემას განხილვის საგნად ვაქცევდი კულტურულ ასპექტში“,- აცხადებს ირინე იმერლიშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივანი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრისგან განსაკუთრებული მოლოდინი არც აქვს, რადგან ამ ფორმატში მხარეები, ძირითადად, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სავაჭრო საკითხებს განიხილავენ. რუსეთ-აფახაზეთის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მსჯელობა კი ჟენევის ფორმატში გაიმართება, თუ მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირა.

რუსეთის მიერ შემუშავებული 25-მუხლიანი დოკუმენტი ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში წარდგენილი ე.წ. „სამოკავშირეო ხელშეკრულების“ ტექსტი ამ დრომდე საკუთარ ვებ-გვერდებზე მხოლოდ რუსულმა და აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს.