რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება. შეთანხმების პროექტის მე-5, „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ მუხლი, გაეროს წესდების 51 მუხლის თანახმად, აგრესიის მოსაგერიებლად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის, გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას. ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს. დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტს ნეგატიურად აფასებს. ვალერი ბგანბას განცხადებით, ხელშეკრულების პროექტთან მიმართებაში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი. მისი თქმით, ბევრ ადგილას საუბარი ეხება სუვერენიტეტის დაკარგვას, ამიტომ, არ შეიძლება, პროექტზე აფხაზი დეპუტატების რეაქცია დადებითი ყოფილიყო.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ არაღიარებული ქვეყნის მიღებულ აქტს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ აქვს. „არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება, არანაირ აქტს, რომელსაც მიიღებს არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი, ჩვენთვის არ აქვს. საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი ისევე, როგორც ცხინვალი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ჩვენ დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. მაია ფანჯიკიძის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას.
ამის ფონზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კოლეგებს ურჩია, თავი შეიკავონ აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან. ჯაფარაიძე ფიქრობს, რომ შეხვედრის ეს რაუნდი არ უნდა ჩატარდეს.
„როდესაც ერთი მხარე უტიფრად აქვეყნებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტს, ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ აფხაზებს ეს თუ არა და ამგვარ სიტუაციებში მე პირადად ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი არმიის შექმნა იქნება აბაშიძე-კარასინისის პრაღის არაფორმალური შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე თედო ჯაფარიძეს განცხადებას უწუნებს.
„ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ... პოლიტიკოსებსაც მოსდით ასეთი შეცდომები, არა უშავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ჩვენი განსჯის საგანი, ამ საკითხს ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ვერანაირად. უნდა მოვისმინოთ რა არის რუსეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ მოსალაპარაკებლად ყველა ფორმატი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საპარალმენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც ვოლკსიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თედო ჯაფარიძის განცხადება ამ შემთხვევაში რადიკალური იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქროს.
პროცესები რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში საკმაოდ სტაბილურია და შეუქცევადი სახე მიიღო. აქედან გამომდინარე, როდესაც ვიცით, რომ რუსეთზე ზეგავლენისთვის რესურსი არსებობს და მუშაობს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებებს, ასე თუ ისე, ალტერნატივა არ გააჩნია. არა მგონია, მოლაპარაკებების შეწყვეტით რუსეთი პოზიციას იცვლიდეს. მოლაპარაკების რესურსი ვიდრე არის, იქამდე უნდა გამოიყენო, თუმცა ეს თეორიაა“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ექსპერტები კი თვლიან, რომ რუსულ-აფხაზური ახალი შეთანხმება აფხაზეთის ანექსიის დოკუმენტია. ექსპეტრი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ საქართველო ღიად შეძლებს განაცხადოს, რომ ეს შეთანხმება არის ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან მიერთება, მაშინ ასეთ შეხვედრას აზრი აქვს. მისივე თქმით, ეს ხელშეკრულება შედეგობრივად ყირიმის მიერთებას უტოლდება.
„გასაგებია, რომ იქ არის საუბარი გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნაზე, რომლის მეთაურიც კრიზისულ სიტუაციებში ინიშნება რუსეთისგან და გარდა ამისა, აფხაზეთის მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, გაიარონ სამხედრო სამსახური რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა, ასევე, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი - აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კურირებას გაუწევს რუსეთის შს სამინისტრო, ანუ შიდა საქმეების და სამართალწარმოების ფუნქციასაც რუსეთი იღებს - ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ აფხაზეთი, როგორც ე.წ. დამოუკიდებელი წარმონაქმნი რუსეთისთვის, აბსოლუტურად უქმდება და ის ხდება რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, ანუ დე ფაქტო სტატუსსაც ვეღარ ინარჩუნებს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ „ნებისმიერი ფორმატი სადაც საქართველო შეძლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, აუცილებლად გამოსაყენებელია. „ვფიქრობ, საქართველომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, რათა მოვლენებს დაარქვას თავისი სახელი, მათ შორის, რუსეთთან არსებული ფორმატები“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
„ეს არის მცოცავი ანექსიის გაგრძელება“, - ასე აფასებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების პროექტს აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, რომლის განცხადებით, რუსეთის საბოლოო მიზანია აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიერთება.
„რუსეთის პოლიტიკა ამ რეგიონში ნათელია, მათ გააჩნიათ, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე სამხედრო სტრატეგიული ინტერესები. რუსეთისთვის მთავარია ეს ტერირორია და არა ადგილობრივი მოსახლეობის ბედი, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ე.წ. ხელშეკრულებით. რუსეთის მიზანი არის საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, აფხაზეთის ანექსია.
აქამდე თუ პროცესი ფარულად მიდიოდა, ახლა ეს პროცესი ღიად მიმდინარებს. მათი მთავარი ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ რეგიონის რუსიფიკაცია, აფხაზეთი ჩამოაცილონ საქართველოს და შეუერთონ რუსეთის ფედერაციას. ამის მცდელობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც დღეს სამწუხაროდ, სეპარატისტების ხელით ახორციელებენ“,- აცხადებს გიორგი ბარამია.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატს, ბარამია იზიარებს ხათუნა ლაგაზიძის პოზიციას და ვფიქრობს, რომ ეს არ იქნება შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა.
„ეს იქნება შეხვედრა, შეხვედრისთვის. წარსულის მაგალითი გვიჩვენებს როგორ არღვევდა რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის პრინციპეპიდან გამომდინარე ყველა ხელშეკრულებას. იგივე გრძელდება დღესაც. სახეზეა პირდაპირი ღია ანექსია, რაც საკმაოდ სახიფათოა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისათვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის“, - აცხადებს გიორგი ბარამია.