[როზი ჯღამაია]
„ოპოზიციურმა რვიანმა“ ხელისუფლებისგან გუშინ მკაფიო მესიჯი მიიღო – მიხეილ სააკაშვილი დანებებას არ აპირებს – ჯერ. თუმცა, ალბათ, არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ეს სააკაშვილმაც იცის, მაგრამ, მთავარია როგორი იქნება სააკაშვილის მმართველობის დასასრული, უფრო სწორად, თავად სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია საკუთარი მმართველობის დასასრული?
საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის გუშინდელი სხდომა ჩაიშალა, რის მიზეზად პარლამენტში მინიტრების კვირეული დასახელდა. თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეხვედრის ჩაშლის ტვირთი „ქრისტიან დემოკრატებს“ აჰკიდა და თავად განზე გადგა.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, „დღევანდელი სხდომის წამყვანი „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან „ქრისტიან-დემოკრატები“ და ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ, როგორიც მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში დებატებია, შეუძლებელი იყო „ქრისტიან-დემოკრატებს“ ამ სხდომის ორგანიზება განეხორციელებინათ“.
მოგვიანებით კი კუბლაშვილის განცხადებაზე ლევან ვეფხვაძემ გააკეთა განმარტება: „ჩვენ კონსულტაციების მოდერატორ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს“ (IFES) მივმართეთ და ვუთხარით, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ დღევანდელ შეხვედრაზე მისვლა გაგვიჭირდებოდა და სხვა წევრებთანაც გაერკვიათ, მივიდოდნენ თუ არა კონსულტაციაზე დაგეგმილ დროს.
მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ესაუბრნენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომელთაც დღევანდელი დღის გამო, ასევე აქვთ გარკვეული პრობლემები. შესაბამისად, დადგა საკითხი შეხვედრის გადაწევის და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის“.
ამის შემდეგ, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია: „ლევან ვეფხვაძეს დღის პირველ ნახევარშიც დავუკავშირდით, რა დროსაც გავრცელდა ინფორმაცია შეხვედრის შესაძლო გადადების შესახებ. პირველ კომენტარში დეპუტატმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც აქვს და სავარაუდოდ, შეხვედრა გადაიდება. „ხელისუფლების წარმომადგენლები სავარაუდოდ არ მოვლენ და მაშინ ვის უნდა ველაპარაკოთ?“, - თქვა ვეფხვაძემ.“
მოგვიანებით, ვეფხვაძემ კვლავ მორიგი განცხადება გააკეთა: „რვიანის“ პროცესი არ ჩაშლილა, არამედ პროცესი „გაიჭედა“, რაც ხელისუფლების არაკონსტრუქციულ მიდგომებს უკავშირდება. ჩვენ, ფაქტობრივად, არც ერთ შეთავაზებაზე არანაირი კონტრუქციული პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“.
ყველა ამ კომენტარიდან გამომდინარე, ეჭვი ჩნდება, რომ „ქრისტიან დემოკრატების“ შეხვედრაზე მიუსვლელობას ერთი მიზეზი ჰქონდა – „ნაციონალები“. გიორგი თარგამაძის გუნდი რომ არჩევანში თავისუფალი ვერ იქნება ამას დიდი ბჭობა არ სჭირდება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი ლავირებისთვის სივრცეს მაინც მოძებნიან.
ჯერ ერთი, მათ მოლაპარაკებების პროცესში „რვიანის“ წინააღმდეგ წასვლა საერთოდ მოუღებს ბოლოს, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას. მეორე – „ნაციონალები“ ახლა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და იმის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, რომ „ქრისტიან დემოკრატებზე“ იზრუნონ, რაც მათ აიძულებს „რვიანთან“ გამონახონ საერთო ენა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობას დიდი დღე არ უწერია და მომაკვდავ რეჟიმს რომ საფლავში ჩაყვნენ ეს, „ქრისტიან დემოკრატების“ გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე შეხვედრა ჩაიშალა და „რვიანს“ საშუალება მიეცა სათქმელი, რომელსაც აქამდე გულში იკლავდა, ხმამაღლა ეთქვა:
„ჩვენ ვალდებულნი ვართ მივმართოთ ადეკვატურ ზომებს და განვაცხადოთ: ოპოზიციასთან, პირველ რიგში „რვიანთან“, შეთანხმების გარეშე ხელისუფლება არჩევნებს ვერ ჩაატარებს, ხოლო თუ ჩაატარებს, ეს იქნება არა არჩევნები, არამედ ხალხის ბრძოლა უზურპატორ ხელისუფლებასთან.
ჩვენ არ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პროცესი მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის შემთხვევაში. ხელისუფლების ადეკვატური დამოკიდებულების მანიშნებელი იქნებოდა, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება მთელ ქვეყანაში ამომრჩეველთა ბიომეტრიულ რეგისტრაციაზე და საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ძალებს შორის საპარლამენტო ადგილების განაწილებას მიღებული ხმების პროპორციულად.
ჩვენ გვჯერა ჩვენი პოზიციების სისწორის, ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენს ნაბიჯებზე და საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად დავძლევთ ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილ საარჩევნო ნიჰილიზმს. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს ვითარება და დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევანის შენარჩუნებაში.
„ოპოზიციური რვიანი“ დარწმუნებულია, რომ საქართველო გზის გასაყართან იმყოფება და, ან მოახერხებენ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებებს, ან ქვეყნის მართვის სადავეები აღმოჩნდება უზურპატორის - ნეობოლშევიზმის გზაზე დამდგარი მოქმედი ხელისუფლების ან მისი დამამხობლის ხელში.
აშკარაა, რომ საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება იყენებს არა საარჩევნო პრობლემებში უკეთ გასარკვევად, არგუმენტირებული, რაციონალური ინიციატივების მოსასმენად და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, არამედ დროის გასაჭიანურებლად, მთავარი ოპონენტის („რვიანის“) მოთმინებიდან გამოსაყვანად, მოლაპარაკებების ჩაშლის სხვისთვის გადასაბრალებლად და დასავლეთის დედაქალაქებში ნაცნობი მესიჯის გასაგზავნად - „რა ვქნა, ვის შევუთანხმდე, ხომ იცით, ვისთან მაქვს საქმე“.
„რვიანის“ ამ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან რაც მოყვებოდა გასაგებია, მაგრამ მთავარია, რომ „რვიანმა“ ბოლოს და ბოლოს ისწავლა მიხეილ სააკაშვილთან სალაპარაკო ენა.
დღეს ხელისუფლების შეცვლის ორი გზა განიხილება – არჩევნები და რევოლუცია. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ საარჩევნო გარემო შეიცვლება და არა მხოლოდ კოსმეტიკურად. გარემოს შეცვლის სურვილი, ამ ეტაპზე,
სააკაშვილს არ აქვს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. სააკაშვილმა თავისი მმართველობის სტილით სრულად გარყვნა პოლიტიკური სპექტრი და დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავის მძევალია.
ვანო მერაბიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას ალბათ, იმის წარმოდგენაც კი შიშის ზარს სცემს, რა შეიძლება მოხდეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, და ამიტომაც ყველაფერზეა წამსვლელი სააკაშვილისთვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილს რაიმე გავლენა აქვს პროცესებზე, ისევე, როგორც ზურაბ ადეიშვილს.
პროცესებს ჯერ კიდევ სააკაშვილი მართავს და ჯერჯერობით, მითების სფეროს განეკუთვნება იმის მტკიცება, რომ მერაბიშვილი და ადეიშვილი საკუთარ თამაშს თამაშობენ. ის პროცესბი, რაც გარე თვალისთვის შესაჩნევია, წვრილმანი შიდაპარტიული დაპირისპირებებია. სინამდვილეში, მერაბიშვილიც და ადეიშვილიც, ჯერჯერობით, სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. მერე რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ საზოგადოებამ თუ საკუთარ თავში იპოვა ძალა თავად გააკონტროლებს მერაბიიშვილს, ადეიშვილს და თვით სააკაშვილსაც.
სხვათა შორის, 9 მარტს, ცესკოში, ბოლო სხდომაზე პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა თავად აღიარეს, რომ „ნაციონალური“ მოძრაობა 9–დან 6 საკითხზე ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული. ვერც ჩამოყალიბდებიან, რადგან მათ არავინ ეკითხება აზრის ჩამოყალიბებას. აზრები ახლა სააკაშვილის თავში იხარშება და იგი სულაც არ ემთხვევა არც „ნაციონალების“ უმეტესი ნაწილის და არც „რვიანის“ აზრს.
სააკაშვილი კატა–თაგვობანას ერთდროულად ეთამაშება საარჩევნო გარემოზე მომუშავე ოპოზიციას და საკუთარ გუნდსაც.
სააკაშვილმა კარგად იცის, რომ თუ იგი ამ ეტაპზევე, საარჩევნო გარემოს ცვლილებას მხარს დაუჭერს, ამით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს და არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაასრულებს პრეზიდენტობას, რადგან ჩამოეშლება მთელი ვერტიკალი.
რაც შეეხება ოპოზიციას, დროის გაყვანის ტაქტიკით სააკაშვილი ცდილობს „ოპოზიციური რვიანის“ დისკრედიტაცია მოახდინოს.
საზოგადოების დიდ ნაწილში საკმაოდ მაღალია სკეპტიციზმის ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და თუ სააკაშვილი მოახერხებს, რომ დრო გაწელოს, არჩევნების მოსურნე ოპოზიცია იმ მხარდამჭერებსაც დაკარგავს, რაც ყავს.
ამიტომ, ახლა თავად „რვიანზეა“ დამოკიდებული რამდენად პრინციპული იქნება.
ოპოზიციამ, ალბათ, შეცდომა დაუშვა, როცა მოლაპარაკებების დაწყებისთანავე
გამოაცხადა, რომ მოთმინებით მოისმენდა ხელისუფლების ყველა კაპრიზს, არ იქნებოდა ულტიმატუმის ენა და არ მისცემდა საშუალებას, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებები ამ საბაბით ჩაეშალა.
თუ ოპოზიცია მოლაპარაკებებს იმავე რეჟიმში განაგრძობს, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ სააკაშვილი სწორედ რომ მათ „ამტანობას“ გამოიყენებს სათავისოდ. ხელისუფლებამ უკვე ორჯერ ჩაშალა მოლაპარაკებები, ერთხელ თებერვალში, როცა პავლე კუბლაშვილმა სინგაპურში ვიზიტის გამო, ოპოზიცია დაითანხმა, რომ ორი კვირით გადადებულიყო შეხვედრა. ბოლოს კი, როცა ნანი–ნანატრი შეხვედრა შედგა, ხელისუფლება ცარიელი ხელებით მოვიდა და გაწბილებული ოპოზიცია მორიგ შეხვედრას დაელოდა. მორიგი შეხვედრა კი გუშინ ისევ არ შედგა.
ამ შემთხვევაშიც, კუბლაშვილისთვის და მინაშვილისთვის, როგორც ჩანს, საარჩევნო გარემოზე მუშაობაზე მნიშვნელოვანი მინისტრების პარლამენტში მისვლა აღმოჩნდა.
მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ ორივე შემთხვევაში დაამტკიცა, რომ მისთვის ეს შეხვედრა თამაშია, თუმცა ოპოზიციამ, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაბედა და საყვედურ აკადრა ხელისუფლებას, პასუხად მიიღო ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაურბოდა.
„ოპოზიციის დამოკიდებულებიდან, ტონიდან, საქციელიდან და დღევანდელი ისტერიკიდან გამომდინარე, ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არ არის. ხელისუფლება მზადაა იმ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რაც ორი კვირის წინ წარადგინეს, მუშაობა გააგრძელოს. ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე გვესაუბროს იმ ენით, რომელიც დიალოგის პროცესს არანაირად არ წაადგება. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით ულტიმატუმების ენით საუბრის“, – ეს განცხადება კუბლაშვილმა „რვიანის“ განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ამის შემდეგ მაინც, „რვიანმა“ იქნებ, მეტი გაბედულება გამოიჩინოს, რადგან ხელისუფლება მოლაპარაკებების ჩიხში შესაყვანად საბაბს ყოველთვის მონახავს. მათ არავინ სთხოვს მოლაპარაკებების მაგიდიდან პირველი ადგნენ, მაგრამ დროა, სააკაშვილის იგივე იარაღით თავად შეებრძოლონ, რითაც მათ ებრძვიან.
სააკაშვილს თუ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა, იგი საამისოდ მიზეზს ყოველთვის იპოვის, მაგრამ საბოლოოდ, რაში უნდა აწყობდეს სააკაშვილს ამ მოლაპარაკებების ჩაშლა? ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც უარს ამბობს ხელისუფლებასთან დიალოგზე, დიდი ხანია ქუჩისკენ უჭირავს თვალი. ერთია თავად მათ რამდენად შეუძლიათ ხალხის მობილიზება და აყოლიება, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი და უსამართლობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ ერთმა პატარა, უმნიშვნელო ბიძგმა ქვეყანა ქაოსამდე მიიყვანოს.
ქაოსი და არეულობა არც ქვეყანას წადგება, არც ოპოზიციას და მითუმეტეს, არც სააკაშვილს. სააკაშვილმა ძალადობით რომც მოახერხოს ბუნტის ჩახშობა, ესეც დროებითი იქნება, რადგან უკვალოდ არაფერი ქრება – მუხტი, რომელიც საზოგადოებაშია კვლავ ამოხეთქავს და მაინც შეიწირავს სააკაშვილის მმართველობას.
„სააკაშვილი ხდება ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი და ამიტომაც, „ოპოზიციური რვიანი“ მოითხოვს, ხელისუფლება სერიოზულად მოეკიდოს იმ საკითხებს, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესში იქნა წარდგენილი. ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ხალხის მოთმინებასაც. მიხეილ სააკაშვილმა ან უნდა დათმოს საარჩევნო გარემო, ან ვითარება ქვეყანაში ძალიან დაიძაბება“, – დიახ, მოსალოდნელ საშიშროებაზე, ბოლო დროს, ერთ–ერთი ყველაზე კონსტრუქციული ირაკლი ალასანიაც კი ალაპარაკდა.
სააკაშვილი კი, ალბათ, ამას უნდა აცნობიერებდეს და ალბათ, მმართველობის ასეთი დასასრულისკენ არც თავად უნდა ისწრაფვოდეს. სააკაშვილი მუდმივად იმას ამბობს, რომ 2003 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში ყველაფერი პირველად ხდება და ალბათ, მოინდომებს, რომ თავად გახდეს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნებით დატოვა პრეზიდენტის პოსტი და ამით, მომავალში, პოლიტიკაში მოსასვლელ გზას დაიტოვებს. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი დათანხმდება საარჩევნო გარემოს შეცვლას, რადგან მას სხვა უკეთესი გამოსავალი არ დარჩენია.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი და არც მისი გამორიცხვა შეიძლება – ქართული საზოგადოება უნდა ჩაკვდეს, – ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არა თუ პრეზიდენტად დარჩება, გვირგვინსაც კი დაიდგამს თავზე.