რუსეთი აფხაზეთის საბოლოოდ შემოერთების ახალ ეტაპს იწყებს. საქმე ეხება მიწების დაკანონების პროცესს, რაც ექსპერტთა განცხადებით, გარდამავალი ეტაპი იქნება რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტის შემოერთების. წლის ბოლომდე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის ტექსტი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ სურკოვის განცხადებით, შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს აფხაზეთში მიწების გასხვისების აკრძალვის გაუქმებას.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებს. რუსეთმა სერგეი ბაღაფში „პრეზიდენტობის“ პერიდში მოითხოვა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს შეეძინათ და იურიდიულად გადაეფორმებინათ მიწის ნაკვეთები და სახლები, თუმცა, ბაღაფშმა ამ ინიციატიას ოფიციალური მხარე არ მისცა. მოგვიანებით იგივე მოთხოვა რუსეთმა „პრეზიდენტ“ ალექსანდრე ანქვაბს დაუყენა, თუმცა, ბაღაფშის მსგავსად, ანქვაბმაც უარი თქვა კანონის მიღებაზე, რომელიც აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებს.
დღეს კი, აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი ისევ აქტუალური გახდა. რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, დაიწყო მზადება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ე.წ. სამართლებრივი მოედანი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძენენ მიწის ნაკვეთებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობას წინ უსწრებდა ხაჯინბას კიდევ ერთი ინიციატივა, რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროების გაერთიანება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი მსგავსი სახის ქმედება, რაც ეხება მიწის, თუ უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვას და გასხვისებას, წარმოადგენს არაკანონიერ აქტს, რომელსაც არ ექნება არანაირი სამართლებრივი-იურიდიული საფუძვლები, ეს ეწინააღმდგება საერთაშორისო სამართალის პრინციპებს, რადგან აფხაზეთი მისი დე-ფაქტო სტატუსით არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, ეს ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და იგი არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში უძრავი ქონების და მიწების გასხვისების აკრძალვა გაუქმდება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პროცესი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ცალსახად არ უნდა იყოს აღქმული.
„პროცესი არ არის ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მრავალი ფაქტორია, რომლებიც წინააღმდეგაც მუშაობს და შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენ მიერაც. ამიტომ ჯობია დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სულაც არ არის ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მისასალმებელი. რუსეთის მოქალაქეებს მეტი შანსები ექნებათ შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე და მოგეხსენებათ, რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები არიან“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ რუსეთი თვითონ ეწინააღმდეგება მის მიერვე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იმ რეზოლუციებს, რომელიც ცალსახად აძლევს უფლებას იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს დაბრუნებაზე და იმ საკუთრებაზე, რომელიც მათ დატოვეს კონფლიქტის შემდეგ.
„პირველი, ვინც იქნება დაინტერესებული, რომ აფხაზეთის მიწები „კანონიერად“ შეისყიდოს, რა თქმა უნდა, იქნებიან რუსი გენერლები და ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომლებიც რეალურად დაკავშირებული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს თავისთავად ძალიან რთული პროცესი იქნება თავად აფხაზეთში. როგორც ჩანს, ხდება მოვლენების ფორსირება, რაც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ხელმძღვანელობს პირადი და ვიწრო კლანური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ სურკოვს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ სურკოვი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყირიმის თემებში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ტერიტორიების ანექსიის პროცესში. მისივე თქმით, ყირიმის ოკუპაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთში მიწების უცხოელებზე გასხვისებას ითვალისწინებს, ერთი სცენარია, რომელსაც ორივე შემთხვევაში ხელს უწყობს მარიონეტული მთავრობა.