აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიის გეგმა

აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიის გეგმა

ტოლობის ნიშანი აფხაზეთსა და რუსეთზე თავდასხმას შორის; რუსული მმართველობის ქვეშ გადასული აფხაზეთის ჯარი; რუსული კანონმდებლობის მიხედვით მოწყობილი საბაჟო სისტემა და ე.წ. საზღვრის გაუქმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის - აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. 6 თავისა და 25 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტი რუსულმა მხარემ მოამზადა.

„დე ფაქტო ანექსია“ - ასე აფასებს ხელშეკრულებაში გაწერილ პუნქტებს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. „რუსეთ-აფხაზეთის“ შეთანხმების პროექტის საფრთხეებზე for.ge, სწორედ, მას ესაუბრა.

ქალბატონო ელენე, კონკრეტულად, რას გულისხმობს აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში წარდგენილი რუსეთის მიერ მომზადებული პროექტი და რა საფრთხეებს შეიცავს ეს დოკუმენტი?

- ეს არ არის მხოლოდ ერთიანი ჯარის შექმნის შესახებ პროექტი. ეს არის ყველა ნიშნით და ყველა კომპონენტში აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსია - რუსეთის მიერ აფხაზეთის, აბსოლუტურად, ყველა სფეროში გადაყლაპვა. პროექტის მიხედვით, სამართალდამცავი, საბაჟო, საგადასახადო სისტემები უნდა იყოს მოწყობილი რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო სისტემების მიხედვით, ანუ ეს არის აფხაზეთის აბსოლუტურად დაუფარავი ანექსია. უბრალოდ, ამას არ ჰქვია სათანადო სახელი. ეს არის სამხედრო ვალდებულების აღება, რომ აფხაზეთზე თავდასხმა იქნება რუსეთზე თავდასხმა, ანუ დოკუმენტში ჩადებულია კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია. ეს არის აფხაზეთის ჯარის რუსული სისტემით მოწყობა - სტრუქტურულად, ინფრასტრუქტურულად და სამართლებრივად. ეს არის ე.წ. საზღვრის მოშლა ფსოუზე, მისი გადმოტანა ენგურზე და დროებით ცენტრის შექმნა, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთში შიდა პროცესების სრულ კონტროლს. ეს არის საბაჟოს მოწყობა რუსული კანონმდებლობით.

პროექტში ნახსენსებია „ევრაზიული კავშირი“ , როგორც საბაჟო სისტემა. იქ აგრეთვე არის საუბარი რუსული გუბერნიების, რუსული რეგიონების შექმნაზე. ეს არის ძირითადი, რაც პროექტში წერია, თუმცა, იქ ასევე არის საუბარი სოციალურ პაკეტებზეც.

რუსეთის ეს წინადადება სიახლე არ არის, ამაზე საუბრობდა ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდებოდა პროცესებს აფხაზეთში, იქ მიმდინარე მოვლენებს. მეც ბევრი მისაუბრია ამ საკითხზე, როგორც საფრთხეზე და კარგი იქნებოდა, მაისიდან რომ დაწყებულიყო მის შესახებ ოფიციალური მსჯელობა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება. ასეთ შემთხვევაში დღეს ჩვენ ჟენევაში არ მოგვიწევდა თავის მართლება, რატომ არ ვაწერთ ხელს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

რამდენად შესაძლებელია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში შესულმა კანონპროექტმა ცვლილება განიცადოს, ან საერთოდ ვერ დამტკიცდეს იგი?

- აფხაზეთში არც ისე მარტივად არის სიტუაცია. პროცედურებს ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ. აფხაზი საზოგადოება ამ საკითხს და შესაბამის პროცესებს თავიდანვე საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამდა. თუ არ ვცდები, 17 ივნისს იყო ინტელიგენციის მიმართვა აფხაზეთის ხელისუფლებისადმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ხედავენ რუსეთთან ინტეგრაციის საფრთხეს. ანქვაბის მხრიდანაც იყო ამ საკითხზე გაფრთხილება. ამ თემას ადრე შამბამ „რუსეთთან ასოცირების ხელშეკრულება“ დაარქვა. ამის გათვალისწინებით აზრი და პოზიცია აფხაზეთში ერთმნიშვნელოვანი არ არის. ერთი პერიოდი იმაზეც იყო საუბარი, რომ შესაბამისი ხელშეკრულება ფარულად უნდა გაფორმებულიყო და აფხაზეთს საიდუმლოდ უნდა მოეწერა ხელი. ამგვარი შიშები არსებობდა ადგილობრივ მოსახლეობაში.

დღეს, როდესაც პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი დე-ფაქტო პარლამენტში, უკვე იწერება იმის შესახებაც, რომ აფხაზეთის მხრიდან მას საერთოდ არ უნდა მოეწეროს ხელი. ამის გათვალისწინებით, მგონია, რომ რაღაცეები შეიცვლება, მაგრამ ხელშეკრულების ტექსტში დევს ისეთი დებულებები, რომ ბევრი რამის შეცვლაც კი არსებითად არაფერს შეცვლის.

რაც შეეხება სავარუდო ცვლილებებს, შესაძლოა, ისაუბრონ იმაზე, რომ რუსეთმა აიღოს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აფხაზეთის მიმართ, იმიტომ რომ ეს, პრაქტიკულად, მინიმუმამდეა იქ დაყვანილი. ეს თემა, შეიძლება, განგებ იყოს დატოვებული, როგორც „სავაჭრო სივრცე“. მაგრამ, საზღვრის გაერთიანება, ჯარის გაერთიანება, შინაგანი საქმეების კონტროლი და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ეს არის პუნქტები, რომელსაც რუსეთი არ დათმობს.

რუსულ დოკუმენტსდე-ფაქტო ანექსიადაფასებთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ის მექანიზმი, რამაც აფხაზეთში შესაბამისი პროცესი შეიძლება შეაფერხოს? რა ბერკეტები არსებობს დღეს საამისოდ?

- საბოლოოდ, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია თუ არა, ეს რთული საკითხია. გავიხსენოთ, რომ ვერ მოხერხდა, თუნდაც, იმავე ყირიმის აგრესიის შეჩერება. თუმცა, ერთადერთი მექანიზმი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც პროცესებზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, შესაძლოა, იყოს ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლების გაძლიერება. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რისი საშუალებაც სამართლებრივად გვაქვს. ეს უნდა გაკეთდეს დღეს მოქმედ ფორმატებში - ევროკავშირისა და ჟენევის, ასევე ეუთოს ფორმატში. ეს საკითხი განსაკუთრებით ევროკავშირთან უნდა დაისვას ძალიან მწვავედ. ჯერ კიდევ მაისში, ბერლინში ვიზიტის დროს უნდა დასმულიყო პრემიერ ღარიბაშვილის მიერ. ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა კი იყო გაეროს ტრიბუნის გამოყენება.

ცალკე საკითხია, რამდენად ახერხებს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მსგავსი გეგემების და საკითხების ჩაშლას - რაღაც ნაწილში ახერხებს, რაღაც ნაწილში - ვერ ახერხებს. მაგრამ, ეს არის ის გზები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. სხვა შემთხვევაში, გამოდის, ეს საკითხი საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შექმნილ ვითარებაში, როცა რუსულ დოკუმენტზე აფხაზეთის .. საკანონმდებლო ორგანო უკვე მსჯელობს, რა იქნება ოფიციალური თბილისის ოპტიმალური ნაბიჯი?

- არსებობს დიპლომატიური და სამართლებრივი საერთაშორისო ბერკეტების ვრცელი სია. დაწყებული საერთაშორისო ფორმატებში ამ საკითხის დაყენებით, დიპლომატიური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პრესის გამოყენებით, რაც გამოიწვევდა რუსეთზე თუნდაც ყირიმთან მიახლოებულ ზეწოლას. ფაქტია, ყირიმის ანექსიამ რუსეთი იქამდე მიიყვანა, რომ სრულ იზოლაციაში მოექცა. შესაძლოა, ბოლომდე პრობლემა არ არის მოგვარებული, მაგრამ რუსეთს ეს „ფასი“ დაუჯდა.

თუ რუსეთს, უხეშად რომ ვთქვათ, გაუვიდა აფხაზეთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, მოსალოდნელია, თუ არა უახლოეს პერიოდში მსგავსი პროექტი ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც მომზადდეს?

- ცხინვალი რუსეთისთვის აფხაზეთისგან განსხვავებით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. შეგიძლიათ წაიკითხოთ რუსი ექსპერტის მარკედონოვის სტატია, რომელიც ამ ხელშეკრულებას ეხება. ავტორი იქ პირდაპირ წერს, რომ თუ აფხაზეთში რაღაც ტიპის ტერმინოლოგიურ სენსიტურობას კიდევ ინარჩუნებენ, ოსეთთან მიმართებაში ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, შესაბამისი განცდაც კი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხინვალში ეს პროცესი კიდევ უფრო უხეში ფორმებით წარიმართება. მაგრამ, აქ მთავარია არა ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ვკარგავთ, სადაც კონტროლი ისეც არ გვაქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ბერკეტი. კომპლექსში თუ განვიხილავთ ამ თემას, მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ, რას საუბრობენ აბაშიძე და კარასინი, როგორ ვარქმევთ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას „პოზიტიურ დინამიკას“, როგორ განვიხილავთ და როგორ ვრეაგირებთ საფრთხის შემცველი დაღესტანი-კახეთის გზის შესაძლო მშენებლობაზე, ეს, ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, არის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვის, ჩვენი საერთაშორისო თავისუფალი არჩევანის სერიოზული საფრთხის ქვეშ დაყენება.

რუსეთის ეს ბერკეტები კი, შესაძლოა, რაღაც მომენტში წარმატებული აღმოჩნდეს და ჩვენს მთავრობაზე იქონიოს გავლენა - უარი გვათქმევინონ ნატო-სა და ევროკავშირზე, ან დაგვაძალონ იმავე ევრაზიულ კავშირში შესვლა. ეს არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოს სუვერენიტეტის შესალახად.

ახლახან გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება - იგი ევროკავშირისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე -რიან თუ არა რუსეთი და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები თუ გეოპოლიტიკურ მეტოქეებად რჩებიან. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ლავროვის ეს განცხადება? 

- რუსეთი აგრძელებს ტაქტიკურ თამაშს - როდესაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და შექმნის ახალ რეალობას, პასუხსიმგებლობის ნაცვლად გამოდის „ინიციატივით“ - მოდი, ახლა შევრიგდეთ. რუსეთი ამას ყოველთვის აკეთებდა და, სწორედ, ამის საშუალება აღარ უნდა მიეცეს. ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, არის თემა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქროთ საერთაშორისო თანამეგობრობა, უნდა ავუხსნათ მათ, რომ ყირიმი არ იყო იზოლირებული შემთხვევა და რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, შესაძლოა, განმეორდეს სხვა ქვეყნებშიც, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა. რუსეთმა ამ განცახდებამდე აბსოლუტურად გადათელა რეგიონში საერთაშორისო სამართალი, ამიტომ, არ უნდა მიეცეს მას ილუზორული დინამიკის შემოტანის საშუალება. დასავლეთმა უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ვიდრე რუსეთი რეგიონის მიმართ მიდგომებს ფუნდამენტურად არ შეცვლის.