გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, არსებობდა თუ არა რაიმე ორგანიზებული კავშირი იოსებ გიორხელიძის გამტაცებლებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. პრემიერ-მინისტრს გონივრული ეჭვი, რომ ამ გატაცების უკან ორგანიზებული ძალა დგას. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. პრემიერ-მინისტრის საპუსოხოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ დერჟინსკი და ეჟოვიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ისეთ ზნედაცემულ ტყუილს, როგორიც იკადრა პრემიერმა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია კუს-ის ყოფილი თანამშრომლები - დურმიშხან ღვაჩლიანი, ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდება. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მძევლად ხელში ჩაგდების, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაკავებულმა გიორგი ქალდანმა მიუთითა ტყის მასივში ის ადგილი, სადაც ფული და იარაღი დააგდო.
სამართალდამცველებმა ამოიღეს 289 100 აშშ დოლარი, 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 228 ვაზნა, 4 ხელყუმბარა, 1 ხიშტ-დანა, 4 ნიღაბი და 4 წყვილი ხელთათმანი. სამართალდამცველებმა დურმიშხან ღვაჩლიანის პირადი ჩხრეკისას 900 დოლარი და მარიხუანა, ხოლო გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჯემალ შონიამ მიუთითა ის შენობა, სადაც დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღეს.
გიორხელიძის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.
„ოპერაციას პირადად შს მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს.
გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება ეს სისასტიკე, რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე - გონს მოეგონ, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან. ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც მსგავს პროვოკაციას და სიბინძურეს გააკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველი კოალიცია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელსაც ქვეყანაში ქაოსი და არეულობა აწყობს. ხელისუფლებს პირობას დებს, რომ ვინც დააპირებს არეულობების მოწყობას, ყველა სათანადოდ, მაქსიმალური სიმკაცრით იქნება დასჯილი.
ხელისუფლების ბრალდებას ზნედაცემულ ტყუილს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“. ყოფილი მმართველი ძალა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების დამღუპველი პრაქტიკა. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ცინიკურია, რომ მსგავს განცხადებას აკეთებს თამაზაშვილების კლანის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის დროსაც კახეთში ასეულობით ადამიანი გაიტაცეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი.
„საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ვითარებასთან, როდესაც ეს მთავრობა ამ ყმაწვილ-კაცის მეთაურობით, რომლის უკან ბევრი სხვა ჭარმაგი პატარა კაცი დგას, დაკავებულია იმით, რომ მალავს კრიმინალის რეალურ სტატისტიკას, და შუბი ხალთაში მაინც არ იმალება. ეს არის სტილი, რომელიც გამორიცხულია, რომ ავტორიტარული რეჟიმების გარდა ვინმეს ახასიათებდეს, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, მთლიანად ქვეყანას, აუცილებლად ცუდად დაუმთავრდება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი -საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია წინა ხელისუფლება ცდილობდეს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ხელისუფლებამ ეს მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს.
„გამოძიების მასალები და ვერსიები არ ვიცით. ჩვენ არ გვაქვს ის მასალები და მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამოძიებას ჰქონდეს. ზოგადად, ვარაუდი იმისა, რომ შესაძლებელია წინა ხელისუფლება ცდილობდეს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ასეთი ვარაუდი არსებობს, მაგრამ ეს გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. გამოძიებამ უნდა თქვას, არსებობდა თუ არა ორგანიზებული კავშირი ამ ჯგუფსა და ყოფილ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის, თუ ასეთი კვალი არსებობს, ყველა უნდა დაისაჯოს და უნდა დასრულდეს ე.წ. კოაბიტაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესო ალადაშვილი.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამ კონკრეტულ დანაშაულში პოლიტიკურ ხელწერას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დანაშაულიდან არანაირი პოლიტიკური შედეგი არ დგება.
„პოლიტიკური ნიშანი ყოველთვის ჩნდება იქ, როდესაც ეს მუშაობს არა კერძო რაღაც სეგემნტზე, არამედ საზოგადოებაზე. საზოგადოებაში ასეთი დანაშაულის მიმართ, არის ცალმხრივად უარყოფითი დამოკიდებულება. ცოტა სხვაგავარად უნდა შევხედოთ ვითარებას. სოდ-ის და კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა მშვენივრად იციან ვინ რას ფლობს, ვის რა სიმდიდრე აქვს, ვის რა შეუძლია.
გახსოვთ, მერაბიშვილის დროინდელი შსს, როდესაც კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ, იმდენად გადავიდა მსგავსი დანაშაული მათ შინაგან მოთხოვნაში, ჩათვალეს, რომ ეს დანაშაული შეიძლებოდა გაკეთებულიყო და გამორიცხეს, რომ გიორხელიძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ფოთსა და თბილისში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა. ვახგანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრობლემა რეალურად არსებობს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„ახლა მე ვსვამ კითხვას - რატომ არ უნდა გამოიყენოს? სადმე არის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ასეთ ფაქტს არ გამოიყენებს? ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას ელაპარაკოს მუდმივ რეჟიმში. თუ ოპოზიცია ამას აკეთებს, ე.ი. აკეთებს ხელისუფლებაზე უკეთ. გიორხელიძის გატაცებას და მიმდინარე აქციებს ვერანაირად ვერ ვუკავშირებ იმ განცხადებას რაც ბატონმა ჭიკაიძემ განაცხადა.
თუ არსებობს შეიარაღებული ფორმირება, რომელიც გადის კანონიერების ფარგლებიდან, ეს სხვა საკითხია, მაშინ ითქვას ვინ არის და რას აკეთებს. საპროტესტო აქციები დაიწყო, სამწუხაროდ პროგნოზი არის ისეთი, რომ ეს აქციები ინტენსიური გახდება და არა იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ვინმეს სიმპატიები გაუჩნდა, არამედ იმიტომ, რომ არსებობს პრობლემები და მათი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. ამაში ვერანაირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ვერ ხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.