თითქმის ყველა მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი გაფრთხილებულია, რომ სექტემბრიდან საბავშვო ბაღები ფასიანი ხდება. რომ არა საკრებულოს ოპოზიცია, დედაქალაქის ბაღებს უკვე თებერვლიდან გააფასიანებდნენ, მაგრამ თბილისის საკრებულოს ნაციონალურმა ფრთამ საკმარისი “სიმტკიცე” ვერ გამოიჩინა. ასე რომ, უმრავლესობა ახლა ხელსაყრელ მომენტს ელოდება და ეს მომენტი ზაფხულში დადგება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადების შემოღება მერიამ სექტემბრისთვის გადადო. უგულავას უწყება აღნიშნულს არ ადასტურებს, ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე მშობელმა დაადასტურა, რომ ბაღებში მათ პირდაპირ განუცხადეს - სექტებრიდან გადასახადი დაწესდება. თანაც, ის ბავშვი, რომელიც ბაღში არ ივლის, სკოლაში შესასვლელად დახასიათებას ვერ მიიღებს.
“საბავშვო ბაღები თითქოს ფასიანი რომ ხდება, ამაზე ოფიციალური დოკუმენტი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერჯერობით არ მინახავს. ეს საკითხები როცა დავსვით, მერიიდან გვითხრეს, რომ ისეთ რაღაცეებზე საუბრობთ, რაც ბუნებაში არ არსებობსო. ანუ, საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს არაოფიციალური ინფორმაციები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ჭორის დონეზეა”, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშია.
“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, საკრებლოს დეპუტატ თინა ხიდაშელის ცნობით, საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღება დიფერენცირებულად მოხდება.
“როგორც ვიცი, ყველა საბავშვო ბაღში ერთნაირი გადასახადი არ იქნება. 30, 50 ან 80-ლარიანი გადასახადი იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად კომფორტულია ესა თუ ის საბავშვო ბაღი. ეს ყველაფერი იანვრიდან იგეგმებოდა. მაშინ გადასახადების შემოღების ყველა პირობა არსებობდა და საამისო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, მაშინ ჩემმა ხმაურმა გააჩერა, ვინაიდან იანვარ-თებერვალი სწორედ ის თვეებია, როცა კომუნალური გადასახადები გაიზარდა და ტრანსპორტიც გაძვირდა. სწორედ ამიტომ, ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღებას მერია მოერიდა”, - აცხადებს ხიდაშელი.
ეს ”უკეთესი მომენტი” ზაფხულია. “ზაფხულში, როცა ხალხი პოლიტიკურად არ არის აქტიური და ისვენებს, დაიწყებენ ამ საკითხის “მოწესრიგებას”. სექტემბერში კი ბავშვებსა და მათ მშობლებს ახალი პირობები დახვდებათ”, - ამბობს ხიდაშელი.
საგულისხმოა, რომ მერიამ 107-ე ბაგა-ბაღი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, საპილოტედ გადააქცია. პილოტირება იმას ითვალისწინებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან მყოფ ბავშვებს მოემსახურება. სწორედ ამის გამო გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან ბაგა-ბაღი უფასო მხოლოდ ასეთი ბავშვებისთვის იქნება, დანარჩენებისთვის კი - ფასიანი.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებს რომ დიფერენცირებულად მიიღებენ, ამას მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.
“სექტემბრიდან, პირველ რიგში, საბავშვო ბაღში მიიღებენ იმ ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან, შემდეგ კი - დანარჩენებს. თუმცა, ამგვარი დიფერენციაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დანარჩენებისთვის საბავშვო ბაღში სიარულისთვის რაიმე ტიპის გადასახადი დაწესდება”, - აცხადებს თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა ზაქარეიშვილი.
საბავშვო ბაღებში 2011 წლიდან გადასახადის შემოღებაზე დედაქალაქში ხმები ნოემბერ-დეკემბერში გავრცელდა. ამ ხმებს საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აბსოლუტურად საფუძვლიანს უწოდებდა.
ბაგა-ბაღებში გადასახადის შემოღება განპირობებული იყო 2010 წლის ნოემბერში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის წყალობით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ბიუჯეტი 14 მილიონით არის შემცირებული.
სხვათა შორის, რეგიონებში უკვე დაიწყო საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება, ხოლო სადაც უკვე არსებობდა, იქ ტარიფებს მოუმატეს. დარჩენილია მხოლოდ დედაქალაქი და საშემოდგომოდ თბილისელი ბავშვებიც “დაფასებულ” ბაღებში ივლიან.