პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული უშიშროების საბჭოს ძირითადი ფუნქცია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის, ანუ მცირდება უშიშროების საბჭოს ფუნქციები. ამის მიზეზი კი, ის კანონპროექტია, რომლის ავტორიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილია.
მაშ ასე, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტმა უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხი და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვა დაიწყო. სესიაშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა განხილვის პროცესი მთელი რიგი საკითხების გარშემო პოზიციების შეუჯერებლობის გამო შეაჩერეს.
დაგეგმილი ცვლილებით, პრეზიდენტთან არსებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასთან და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. მოქმედი კანონიდან ამოდის ნორმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის მიზნებს შორის, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, პრემიერის დაქვემდებარებული კრიზისების მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში გადადის.
უშიშროების საბჭოს ფუნქციების შემცირებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ უმრავლესობის წევრები. კონსტიტუციონალისტები კი თვლიან, რომ ეს ცვლილება სხვა ფაქტორებით არის მოტივირებული, ვიდრე 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილების დახვეწა. ვინაიდან, სანამ უშიშროების საბჭოს კანონმდელობა შეიცვლებოდა, შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭო, რომელმაც დაიწყო უშიშროების საბჭოს ფუნქციების შესრულება.
იურისტი, ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ ახალ კონსტიტუციურ რეალობაში უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა დაეფუძნოს თანამონაწილეობის პრონციპს, სადაც მთავრობაც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც ინაწილებენ პასუხისმგებლობას. მისივე განცხადებით, კანონპროექტის განახლების პროცესი ხარვეზებით მიმდინარებს, შესაბამისად, მისი თქმით, ამ პირობებეში უმჯობესი იქნებოდა ახალი კანონპროექტის ინიცირება მომხდარიყო.
როგორც ალაფიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, ინაუგურაციის შემდეგ, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებში, არასწორი წარმოდგენა არის შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი, ძალიან ვიწრო გაგებით კითხულობენ ამ ყველაფერს.
„მნიშვნელოვანია, რომ საღ გონებაზე გავიაზროთ უსაფრთხოების არქიტექტურა. თუ კი, აქამდე პრეზიდენტი იმავდროულად იყო აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, რომელსაც ჰქონდათ როგორც სამთავრობო ფორმატი მსჯელობისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ასევე ჰქონდა უშიშროების საბჭოს ფორმატი. დღეს პრეზიდენტს დარჩენილი აქვს ერთადერთი ფორმატი. ამ პირობებში მნიშვნელოვანია უსაფრთხოების არქიტექტურა და ინსტიტუციების კომპეტენციები დაეფუძნოს თანამონაწილოების პრინციპს და არა სეპარაციას. ეს გეზი, რაც კანონპროექტითაა გაცხადებული სეპარაციაა“, - აცხადებს ალაფიშვილი.
მისივე თქმით, ამავე დროს ეს ცვლილება შესაძლებელია საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს კონკრეტული კრიზისული სუტუაციის დროს, როდესაც წესით, პრეზიდენტს სჭირდება გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ თანამდებობის პირებთან ერთად.
„ამ შემთხვევაში, კანონმდებლები მას ამის საშუალებას არ უტოვებენ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს მარტივი რამ, პარლამენტი, მთავრობა ეს პოლიტიკური ინსტიტუციებია, სახელმწიფოს მეთაური და უსაფრთხოება არის სახელმწიფო. აქ სახელმწიფოებრივი საკითხები წყდება“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაც. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება ფინანსთა მინისტრი, თუმცა საბჭოს ეყოლება ახალი მუდმივი წევრები პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სახით.
პროექტის გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა პირები მოიწვიოს. თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოწვეული იქნება მთავრობის წარმომადგენელი, მას ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრთან შეთანხმება დასჭირდება, ხოლო პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოწვევის შემთხვევაში შეთანხმება - პარლამენტის თავმჯდომარესთან.