სერჟ სარგსიანი და ილხამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ

სერჟ სარგსიანი და ილხამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ

სერჟ სარგსიანი და ილხამ ალიევი დსთ-ს გაძლიერებას მხარს უჭერენ. სერჟ სარგსიანის მხრიდან პუტინის რუსეთის მაამებლური განცხადებები უცხო არ არის, თუმცა ბოლო დროს ილხამ ალიევის ხმასაც პუტინის მიმართ რბილი ტონი შეერია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან 5 მარტს დიმიტრი მედვედევის მიწვევით, სოჭში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ამბობენ, შესაძლოა, პუტინისგან ალიევმა კონფიდენციალური გარანტიები მიიღო და დსთ-ს მიმართ მისი სიტყვებიც მაამებლური ამიტომ გახდა.

„დსთ-მ თავისი პოტენციალი არ ამოწურა. ეს არის თანამშრომლობის, ურთიერთქმედებების, საერთაშორისო და რეგიონული აქტუალური საკითხების განხილვის მოედანი“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა.

რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს, დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა სხდომაზე მან აღნიშნა, რომ სომხეთი დსთ-ს შემდგომ გაძლიერებას მხარს უჭერს. 10 ოქტომბერს კი სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამ ხელმოწერის პარალელურად, ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა და მომიტინგეებმა სომხეთის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

რა პროცესები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში და რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოსთის სომხეთ-აზერბაიჯანის ვექტორის დაახლოება რუსეთთან, განსხვავებით, ბალტიისპირა ქვეყნებისგან, სადაც ლატვა, ლიტვა და ესტონეთი ანტირუსული განწყობის მხრივ ერთმანეთის იდენტურ პოზიციას მყარად ინარჩუნებენ?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენთვის არც ილხამ ალიევის განცხადებაა საჩუქარი და არც სერჟ სარგსიანის მიერ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის კავშირის გაძლიერება, რომელიც არავის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული. დღეს კი ეს შეუძლებელია და თანდათან ვხედავთ, რომ ძველი მემკვიდრეობიდან შენარჩუნებული რამდენიმე დიდი პროექტი (შაჰდენიზი და სხვა) თუ აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს.

რაც შეხება სომხეთს, პოლიტოლოგის თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთმა ხელი მოაწერა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას, სომხეთი სულ უფრო სცილდება ევროპულ ვექტორს და კიდევ უფრო დასცილდება. დასავლურ პრესაში უკვე გაჩნდა წერილები იმის თაობაზე, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს ისეთივე პროცესები მოაწყოს სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ, როგორც - უკრაინაში, როცა არ დაუშვა უკრაინის მოქცევა რუსეთის ორბიტაში. ეს მართალია თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ პოლიტოლოგის აზრით, ასეთი ხმები ხელს არ შეუწყობს საქართველო-სომხეთის ან საქართველო-აზერბაიჯანის კავშირების გაძლიერებას. მეტიც, სომხეთისთვის ძალზე გაუმართლებელი და დაუშვებელი ფუფუნება იქნებოდა, საქართველოსთან კონფრონტაციაზე წასულიყო, ამას ვერ გააკეთებს ვერც აზერბაიჯანი, მაგრამ ურთიერთობათა გაცივება არ არის ჩვენთვის ხელსაყრელი.

„ბოლო დროს რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელი ცვლილებები მოხდა, ბაროზო წავიდა, კეტრინ ეშტონიც წავიდა და იგი ჩაანაცვლა პრორუსულად განწყობილმა ფედერიკა მოგერინიმ, რასმუსენიც წავიდა, მისი შემცვლელი სტოლტენბერგი კი ისე ანტირუსულად არ არის განწყობილი. ერთი კვირის წინ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რომ წლის ბოლომდე არ გამორიცხავს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლებას. სწორედ ასე იწყებოდა რუსეთისა და დასავლეთის კავშირის აღდგენა საქართველოსთან ომის შემდეგ. მაშინაც შეჩერდა ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, შემდეგ კი კუნძულ კორფუზე შეხვედრის შემდეგ აღდგა ეს პროცესი. თუმცა ალიევის განცხადებების მიუხედავად, ყარაბაღის პრობლემა ასე იოლად არ მოგვარდება.

პუტინ-ალიევ-სარგსიანის სოჭის შეხვედრის შემდეგ ალიევისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ერთი-ერთზე არავინ მიუშვებს სომხეთზე. ელემენტარულად, რუსეთი არ მიუშვებს. არ ვიცი, რა გარანტიები მიიღო რუსეთისგან, მაგრამ ალიევი ცდილობს, რუსეთის დახმარება გამოიყენოს. თვითონ რუსეთშიც ხვდებიან, რომ გაყინული კონფლიქტების გაჭიანურების პოლიტიკით ბევრს ვერაფერს მიაღწევენ. საბოლოო ჯამში, საქართველო დაკარგეს, მოლდავეთი პრაქტიკულად დაკარგეს, ახლა დარჩა ერთი ყარაბაღი. შეიძლება, რუსებმა უკვე აზერბაიჯანიც დაკარგონ, 10-15 წელი გაყინული კონფლიქტი არ შეიძლება. თანაც, აზერბაიჯანი საქართველო არ არის. რასაც ითმენს საქართველო 20 წლის განმავლობაში, ალიევი ამას არ მოითმენს, რადგან, ელემენტარულად, ალიევს მეტი შესაძლებლობა აქვს - ნავთობი და მეტი ფული აქვს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რუსეთმაც პატარა კონფიდენციალური გარანტიები მისცა ალიევს. ყველაფერს სჭირდება ჩვენი ადეკვატური რეაგირება და არა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის დამამშვიდებელ-დამაწყნარებელი განცხადებები, რომ ჩვენ ისევ სტრატეგიული მოკავშირეები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანთან. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე კარგად არ არის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მეტ გამწვავებაზე პუტინი აღარ წავა.

მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, აფხაზეთი დღითიდღე გვშორდება. ასევე, ცხინვალის რეგიონში კიდევ მოსალოდნელია მავთულხლართების გადმოწევა. პუტინი პრაგმატული გამოდგა და ახლა ელოდება საქართველოდან გადამწყვეტ ნაბიჯებს, რადგან არ შეიძლება, ათი წელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის იმედზე ყოფნა. ამ ფორმატმა ამოწურა თავისი რესურსი.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როცა სარგსიანი ამბობს, რომ დსთ-ს არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები, ეს გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, გასაგებია ილჰამ ალიევის მსგავსი განცხადებებიც. რა თქმა უნდა, ალიევი ეთამაშება რუსეთს, იგი ცდილობს, არ გაამწვავოს ურთიერთობები და რაღაცნაირად ბალანსირებული პოლიტიკა ჰქონდეს. სავარაუდოდ, ალიევს იმედი არ აქვს, რომ რუსეთი დაუბრუნებს ყარაბახს, მაგრამ ხომ შეუძლია რუსეთს, უფრო მეტი პრობლემები შეუქმნას აზერბაიჯანს? ამიტომ ალიევი ცდილობს, არ ჩამორჩეს თავის სომეხ კოლეგას და რაღაცნაირად აჩვენოს, რომ ის რუსეთის პროექტებს არ ეწინააღმდეგება.

„აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ევროკავშირთან მჭიდროდ დაახლოება ნიშნავს, რომ შესაძლოა, ილხამ ალიევის რეჟიმს მოუწიოს გადადგომა. ყოველ შემთხვევაში, მას მოუწევს თავისი პოლიტიკის შეცვლა, რაც მოგვიანებით აუცილებლად გამოიწვევს მის გადადგომას. ამიტომ ის ცდილობს, ევროკავშირი მაინცდამაინც არ შემოუშვას თავის პოლიტიკაში. მეორე მხრივ, დასავლეთი სჭირდება იმისთვის, რომ თავისი ენერგოპროექტები განავითაროს. აზერბაიჯანს დიდი შემოსავლები აქვს, რადგან ის ყიდის თავის ნავთობს და გაზს თურქეთის გავლით დასავლეთში. მესამე ფაქტორია თურქეთი, რომელიც არ უნდა იყოს იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი სრულიად მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. თვითონ ილხამ ალიევისთვის რუსეთი მიმზიდველია იმ თვალსაზრისით, რომ იქ არავინ სთხოვს ადამიანის უფლებების დაცვას. იქ გინდა, თურქმენეთი მოაწყოს, გინდა -ბელორუსი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, იყოს ლოიალური რუსეთის მიმართ. აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ერთად რომ იყვნენ, ყველანი დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ მიდიოდნენ და ერთმანეთში არ ომობდნენ, რუსეთთან სხვანაირად საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთმა მოახერხა ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამხელა გადაულახავი პრობლემა შექმნა, ასევე, თურქეთ-სომხეთის პრობლემაა გადაულახავი. საბოლოო ჯამში, რუსეთი მართავს ამ ორ ქვეყანას“, - აცხადებს კახა გოგოლაშილი.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება აისახება საქართველოზე, რადგან საქართველოს პოზიციები სუსტდება რეგიონში. მას არ ჰყავს მყარი პარტნიორები, როგორც ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღიდან და მანამდეც ერთობლივად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკას შორის არ არის განსხვავებული შეხედულებები და ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვთ. რა თქმა უნდა, პრეტენზიები აქვთ, მაგრამ ისინი ხედავენ, სტრატეგიულად რა არის მნიშვნელოვანი და სწორად იქცევიან.