„რუსეთი ნახავს, რომ მისი ფობიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“

„რუსეთი ნახავს, რომ მისი ფობიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე, ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ახლა ყალიბდება. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლაჰაუას განცხადებით, ნატო დახმარებას გაუწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი ცენტრს მოწყობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე აქვს მსგავსი ცენტრი - საჩხერის საწვრთნელი ბაზა, ამიტომ ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთი შეშფოთებულია საქართველოში ნატო-ს საწვრთნელ ცენტრის შექმნით.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს რომ, უმჯობესია რუსეთის ხელისუფლებამ იზრუნოს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების დაუყონებლივ გაყვანაზე, რაც რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას ნამდვილად ხელს შეუწყობდა.

for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

რუსეთის საგარეო უწებაში აცხადებენ, რომ საქართველოში ნატო- ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. ბატონო ალექსი, ნატოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის განთავსება , წარმოდაგენს თუ არა რუსეთისთვის საფრთხეს?

- მე შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის დრამატულმა მოვლენებმა, რუსეთის მიერ განხორციელებულმა ღია აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიამ, ნათლად დაგვანახა ყველას, რომ რუსეთი დემოკრატიის, სტაბილურობის საერთაშორისო ნორმებით აღიარებული განვითარების და გავრცელების წინააღმეგია ჩვენს რეგიონშიც და მის სამეზობლოშიც. მას აქვს შუა საუკუნეების იდეოლოგია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები არის მისი უკანა ეზო, მისი გავლენის სფერო და არც ნატოს, არც ევროკავშირს არავითარი უფლება არ აქვთ, ჰქონდეთ ამ გავლენის სფეროებზე დემოკრატიის გავრცელების მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული არჩევანი.

რუსეთის ხელისუფლებისთვის ის არის უშუალოდ საფრთხის შემცველი, რომ წარმატებული მოდელი საქართველოს სახით, რომელიც დღეს არსებობს ევროკვაშირისკენ და ნატოსკენ მიმავალი ურყევი გზით, შესაძლოა, მომავალში მაგალითი გახდეს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გახდება. ასევე, ეს აუცილებლად იქნება მსჯელობის საგანი და მისაბაძი სამომავლოდ, იგივე, რუსეთში პოლიტიკური ძალებისთვის და საზოგადოებისთვის.

რუსეთში დღეს საზოგადოება უკვე მსჯელობს იმაზე, რომ საქართველომ შეძლო ამის გაკეთება და რატომ არ უნდა შევძლოთ ჩვენ?! შესაბამისად, ეს ზოგადი რიტორიკა ნაცნობია ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთი დღეს უკვე ნატოს და ევროკავშირის წევრია, ბალტიისპირეთის ნატოში გაწევრიანება დღმე უაღრესად უარყოფითად არის შეფასებული რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან. უკრაიანის მოვლენების განვითარების შემდეგ, ექსპერტულ და ასევე ცალკეულ პოლიტიკურ წრეებში ევროპასა და ევროატლატიკურ სივრცეში, ძალიან სერიოზულად განიხილება საკითხი, რომელი რეგიონი შეიძლება იყოს შემდგომი სამიზნე.

რომელი რეგიონი შეიძლება გახდეს რუსეთის შემდეგი სამიზნე?

- მათი მოსაზარებით ეს შესაძლოა იყოს ბალტიისპირეთი და სწორედ ამიტომაც აშშ-მა, ნატომ, ევროკავშირმა და ევროატლანტიკურმა თანამეგობრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებები უელსის სამიტზე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება არ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს რუსეთისთვის. ამ საწვრთნელი ცენტრის ფუნქცია, რეალურად, არის საქართველოსა და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სასწავლო ცენტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას შეუწყობს ხელს. აქ არაა საუბარი რაიმე კონკრეტული ტექნიკის, ან შეიარაღების მოწოდებაზე, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოწვევისთვის მზადყოფნის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება.

რუსეთის ასეთი პოზიციის შემდეგ, შესაძლებელია გადაიხედოს უელსის სამიტის გადაწყვეტილება?

- მარტივი პასუხია - არა. ეს გადახედვას არ ექვემდებარება. აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციას - ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ეს პაკეტი იქნა მიღებული. ახლა მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები, რათა ეს ცენტრი დაფუძნდეს საქართველოში და შეუდგეს ფუნქციონირებას. როდესაც ეს ცენტრი ამუშავდება, მერე ყველა ნახავს, მათ შორის რუსეთიც, რომ ეს არავითარი საფრთხის მატარებელი არაა მისთვის და ის ფობიები რაც აქვს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ, რა სახის საფრთხეებს უნდა ველოდოთ რუსეთისგან?

- საქართველო ისეთ რეგიონში იმყოფება, რომ საქართველოს ყველანაირი ტიპის საფრთხის ანალიზის გაკეთება ესაჭიროება, მაგრამ ამაზე გაცილებით მთავარი და მნიშვნელოვანია ის განცხადება, რაც მთავრობის სხვა წევრებმა და მათ შორის მეც გავაკეთე - ჩვენი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ვითარება გაქვს ქვეყანაში, ყველა ტიპის საფრთხე უნდა იყოს გაანალიზებული, სწორად შეფასებული და შესაძლო რეაგირების ზომები უნდა იქნეს მიღებული. მაგრამ, ჩვენი ყველაზე მთავარი იარაღი არის სიმშვიდე, თანმიმდევრულობა და ჩვენი პრიორიტეტებისადმი ერთგულება.

საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, საქართველო ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომლის ძალიან დიდი ნაწილი უკვე ამოქმედებულია. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, კეთილმეზობლური ურთიერთობები აღსდგეს რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის პატივიცემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს დეოკუპაციის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ვერანაირი ტიპის სავაჭრო, კულტურული, ჰუმანიტარული ურთიერთობები ვერ იქნება იმის საპირწონე, რაც არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზება.

თქვენ ამბობთ, რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უქმნის მეზობელ სახელმწიფოს, თუმცა, რუსეთი პოტენციურ საფრთხეებზე მაინც საუბრობს. თქვენ აღნიშნეთ, რომ უმჯობესია რუსეთმა საქართველოდან საკუთარი ჯარების გაყვანაზე იზრუნოს. შესაძლებელია ამ საკითხზე დაიწყოს საუბარი, მაშინ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟენევაში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსულ პროექტზე იმსჯელეს?

- დავით ზალკანიანმა ზედმიწვენით ზუსტი აღწერა მოახდინა იმ პროცესის, რაც მიმდინარეობდა ჟენევის ბოლო რაუნდზე. ჩვენს მიერ არა-ერთ რაუნდზე იქნა დაყენებული საკითხი რუსეთის მიერ ამ ვალედებულების აღების თაობაზე. რუსეთი გაურბის ცეცხლის არგანახლების დებულებას, მაშინ როდესაც საქართველომ ცალმხრივად ასეთი ტიპის ვალდებულება ორჯერ ცალმხრივად აიღო. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი აიღებს პასუხისმგებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ინიცირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ დოკუმენტზე, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ეს პროექტი განვიხილოთ და საკითხი დადებითად გადავწყვიტოთ.

ის, რომ რაღაცა განცხადებაში ჩაიწერა, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის გამართვით, ეს მათი ცნობილი რიტორიკაა. ამას უნდა ვუპასუხოთ ისევ და ისევ, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან აქტიური მუშაობით და დაუღალავი შრომით, როგორც ჟენევის ფორმატაში, ისე ნატოში და ევროკავშირში. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ სხვა არსებული არხებიც რუსეთთან ურთიერთობის, ის კონკრეტული პროექტები, რომელიც სავაჭრო სფეროში ხორციელდება, ეს ამ ეტაპზე არავითარი ზიანის მომტანი არაა, პირიქით, საქართველო გარკვეულ სარგებელს იღებს, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელობის.

როგორ ფიქრობთ, არ დადგა ის პოლიტიკური დრო, რომ რუსეთმაც აიღოს ვალდებულება და შეასრულოს 12 აგვისტოს ხელშეკრულება?

- რუსეთის ხელისუფლებაში ამგვარი პოლიტიკური ნება არ იკვეთება. გულწრფელად, რომ გითხრათ, რთულად წარმომიდგენია უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ამგვარი აზრი და ნება ჩამოყალიბდეს. მაგრამ, ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. შეიძლება იყოს პიკები მოლაპარაკებებში, შეიძლება იყოს ჩიხური მდგომარეობებიც, მაგრამ რეალურად არასდროს არ უნდა გადავუხვიოთ დიალოგს, ვინაიდან სხვანაირად პრობლემის გადაწყვეტა ნამდვილად დამაზიანებელი და ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის.