”ჩვენ ერთად ავაგებდით ამ მეჩეთს (მუსულმანები და ქრისტიანები), შეგროვებული თანხით და არა თურქეთიდან წამოსული ულტიმატუმით”

”ჩვენ ერთად ავაგებდით ამ მეჩეთს (მუსულმანები და ქრისტიანები), შეგროვებული თანხით და არა თურქეთიდან წამოსული ულტიმატუმით”

თურქეთის მიერ ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მწერლები, მხატვრები და მსახიობებიც გამოდიან. თეატრის უკან, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის წინ, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, კაკო ძნელაძეს შევხვდით და ვესაუბრეთ.

როგორ მოგიხსენიოთ?

- მხატვარი კაკო ძნელაძე.

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი აღარ ხართ?
- ვარ, მაგრამ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, არასწორად მიმაჩნია და ამავე პარტიის დანარჩენი წევრების მსგავსად, თავს ვიკავებ.

რისგან იკავებთ თავს?

- იმისგან, რომ ჩემდა გასაოცრად, პარტიის შიგნით ისეთი პრობლემები წარმოიშვა, როგორიც ამ 20 წლის მანძილზე არ ყოფილა. ჩემთვის ეს ცივი წყლის გადასხმაა, უფრო შიდა დაპირისპირების, ადამიანური ფსიქოლოგიის მომენტებია და არა პარტიული, ან ეროვნული. მიხვდით რას ვამბობ?! უფრო სხვა კონტექსტია, რასაც სამზარეულოს ეფექტი აქვს.

მურმან დუმბაძის პარტიიდან  გარიცხვას გულისხმობთ?

- დიახ და ვიმეორებ, რომ ეს უფრო სააშკარაოზე გამოტანილი სამზარეულოს მომენტებია, რაც არის ძალიან ცუდი. აი, ამიტომ ვიკავებთ თავს...

 იმის თქმა გინდათ, რომ პარტიაში ხართ, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ იცით?!

- დიახ, ზუსტად ასეა.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ, თუ რიგითი მონაწილე?

- რიგითი მონაწილე გახლავართ. ამგვარი აქციის ჩატარებას ბათუმის საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა და ამით მიეცა ძალა ამ აქციის ორგანიზატორს, მურმან დუმბაძეს.

რით არის მიუღებელი ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც იგეგმება?

- ორი აზრი არ არსებობს, რომ ისტორიულ ტაოში ჩვენი სულიერი და კულტურული ძეგლების დაცვის და აღდგენის სურვილი მაქვს, მაგრამ ამის სანაცვლოდ აჭარაში, ბათუმში ადამიანთა სულიერება სასწორზე თუ დაიდება, ტაოში ქართული ძეგლების რესტავრაციისგან თავს შევიკავებ. მირჩევნია აქ, ამას დავუდგე გვერდით, რომ არ დაგვეკარგოს, იმიტომ რომ ჩვენ ასე უნიათობით, ბოდიში ამ სიტყვისთვის და დოყლაპიობით, გეოგრაფიულად, ფიზიკურად დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მივივიწყეთ.

ახლა მხოლოდ ტრაფარეტულად ჟღერს - დავკარგეთ აფხაზეთი, დავკარგეთ ცხინვალის რეგიონი! ოდესღაც ვიღაცის სულებში შეიძლება რაღაცამ გამოანათოს. მე არ მინდა აჭარასაც ეს დღე ეწვიოს და ამიტომ წავალ და დავდგები 23 მარტს, თეატრის უკან, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე.

იქნებ უფრო დააკონკრეტოთ ის საფრთხეები, რასაც თქვენ ხედავთ, ხელშეკრულებასთან მიმართებაში?

- საფრთხე ისაა, რომ ამ ხელშეკრულების უკან პოლიტიკური მომენტი დგას.

თქვენთვის რით არის მიუღებელი ეს პოლიტიკური მომენტი?

- ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. რუსეთთან მიმართებაში ამ ინტერესს საქართველოს მიწები შეეწირა და ახლა სხვა სახელმწიფოს ინტერესებს შეიძლება შეეწიროს აქაურობა. ეს ჩემი შიშია, რომელსაც დიდი თვალები აქვს, მაგრამ ასეთ დროს შიშს უნდა სძლიო, გამოსავალი ეძებო და დაინახო კიდეც.

ანუ, აჭარის დაკარგვის საფრთხეზე მიანიშნებთ?

- აჭარის დაკარგვის საფრთხე რეალურია.

რატომ?

- შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოხდეს - დღეს, ან ხვალ,  ერთი ქართველი ორ თურქს შეიძლება წაეჩხუბოს; შემდეგ ხუთი თურქი - სამ ქართველს. ამას, დასაშვებია, რომელიმეს სიკვდილი მოჰყვეს. ეს უკვე პროვოკაცია და ასეთ შემთხვევაში თურქეთი რას გააკეთებს, ეს ჩვენ არ ვიცით.

რას იტყვით იმაზე, რომ ხელშეკრულება თუ არ გაფორმდება, ოშკი შეიძლება დაინგრეს? ამას ხელისუფლების წევრები და მათი მომხრეები ამბობენ.

- აქეთ სულიერება ინგრევა, მთელი ბათუმი ინგრევა. ნუ იფიქრებთ, რომ მე რაიმეს ვამუქებ. მოდით ჩავიხედოთ ყველა ბათუმელის და არა მარტო ბათუმელის სულში - უმრავლესობა ასეთი კაბალური ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგია. მე მაქვს ამგვარი განცხადების გაკეთების პრეტენზია, გნებავთ უფლება, რადგან ქალაქს ვიცნობ. ოშკს რესტავრაცია აუცილებლად უნდა გაუკეთდეს, მაგრამ არა თურქეთის ულტიმატუმით - თქვენ მოგწონთ თუ არა, სანაცვლოდ აქ, ამ ქალაქში აზიზიეს მეჩეთი უნდა აგიშენოთო.

თქვენ რას გააკეთებდით ამ პრობლემის მოგვარება, რომ შეგეძლოთ?

- პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ პოლიტიკა ლავირების მომენტია. რას გავაკეთებდი?! რას და თუ მეჩეთის აგებაზე მიდგება საქმე და ამის გაკეთება უნდათ  ქართველ მუსლიმებს, ჩვენ ერთად ავაგებდით ამ მეჩეთს (მუსულმანები და ქრისტიანები), შეგროვებული თანხით და არა თურქეთიდან წამოსული ულტიმატუმით. ეს ძალიან მარტივია. ამის ლავირებით გაკეთება შეიძლებოდა და ასეთ შემთხვევაში ყველა კმაყოფილი იქნებოდა.