გოჩა ჯოჯუა: „მიშა დამთავრდა“

გოჩა ჯოჯუა: „მიშა დამთავრდა“

23 მარტი - გადამწყვეტი საარჩევნო რაუნდი “რვიანისა” და დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის. 23 მარტი - გადადგამს თუ არა ნაბიჯს რევოლუციისკენ მმართველი ძალა? მოკლედ, ყოველგვარი ზედმეტი შესავლის გარეშე, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, ვინ რისთვის ემზადება ხელისუფლებაში და რას ინაწილებენ ოპოზიციაში...

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გოჩა ჯოჯუა: „მოდით, პროცესებს, რომელიც ახლა მიდის - საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლების თვალით შევხედოთ, რათ უფრო კარგად გავარკვიოთ, რა არის მათთვის მომგებიანი და რას უნდა ფიქრობდნენ ისინი. აქ, შეიძლება, ორი მდგომა არსებობდეს.

პირველი, როცა ხელისუფლება ვერ ხედავს რევოლუციური სიტუაციის განვითარების საფრთხეს და ამისათვის მას აქვს თავისი არგუმენტები, რომლებიც შეიძლება, სადაო იყოს, თუმცა, მათ არსებობის უფლება აქვთ. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, შეთანხმებაზე წავიდეს ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც სურს საარჩევნო გზით აიძულოს „ნაციონალური მოძრაობა“ - დათმოს ხელისუფლება.  აქედან გამომდინარე, მათ ინტერესში არ შედის, წავიდეს ისეთ დათმობაზე, რაც რეალურ შედეგს მოიტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ცვლილება მხოლოდ გარე მოხმარებისთვის სჭირდებათ.  ამ დროს მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, რას იტყვის შეერთებული შტატები და დასავლეთი ამ ცვლილებებზე და არა ის - რას ფიქრობს საზოგადოება ქვეყნის შიგნით.

საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თავადვე შექმნეს ისეთი პოლიტიკა, რომ მაგალითად - დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, მსოფლიო სავალუტო ფონდის გამოკითხვებში რა ადგილს დაიკავებენ.  მათთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომა: „აი, გარეთ კარგად გვაფასებენ“. შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან მიმართებაშიც გარე შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია „ნაციონალებისთვის“.

რაც წარმოადგინეს 9 მარტს, იმ პროექტით, თქვენი აზრით, დადებით შეფასებას მიიღებენ?

- აი, საქმეც ისაა, როგორ მოახერხებს ამას ხელისუფლება და როგორ შეუშლის მას ამაში ხელს ოპოზიცია, ანუ ვინ უფრო უკეთესად წარმოაჩენს და დაიცავს თავის პოზიციას. ეს იქნება გადამწყვეტი.

განვიხილოთ მეორე ვარიანტიც: ხელისუფლება ხედავს, რომ ვთქვათ, რევოლუციური საფრთხე შეიძლება, მართლაც წარმოიშვას. ხელისუფლებაშიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ორივე ვარიანტს განიხილავენ. ორივე მიდგომას ჰყავს მომხრეებიც და მოწინაღმდეგეებიც, იმის მიხედვით, ვინ რომელ ბანაკშია გადანაწილებული.

ისმის კითხვა, თუ არსებობს საფრთხე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს იმას, დასთმობს თუ არა რაიმეს  საარჩვენო გარემოსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა, როცა ეს ფართხე მაინც არ იხსნება? ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამგვარ საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას მიაღწევენ „რვიანი“ და დანარჩენები ამ მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობას ასე უდგება საკითხი - რატომ უნდა შეცვალოს მან რეალურად  რაიმე, გარდა იმისა, რაც გარე თვალის დასანახად არის საჭირო და რატომ უნდა დათმოს ხელისუფლება?

მთელი ტრაგედიაც ამაშია: ჩვენ ვერ ჩამოგვიყალიბდა ისეთი პოლიტიკური კულტურა, მმართველმა ძალამ დაინახოს, რომ სინამდვილეში ეს ცვლილებაენ თავადვე სჭირდება. ანუ ვერ შევძელით ისეთი გარემოს შექმნა, რომ რაღაც გარკვეული ვადის შემდეგ მმართველ ძალას შეეძლოს ხელისუფლებიდან  წასვლა. თუ ამას ვერ ახერხებ, მაშინ, ართუ ქვეყნისთვის, არამედ იმ დასავლეთისთვისაც ეს ტრაგედიაა. ხელისუფლებას უნდა თუ არა ძალაუფლების დათმობა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი რამ არ ხდება, რომ ვინმე თავისივე დიდი სურვილით თმობდეს  თავისივე კეთილდღეობას. იქაც იძულებულები ხდებიან, რომ რაღაცის ხარჯზე მოხდეს დათმობა.

რის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს ჩვენთან - იმისთვის, რომ არ მოხდეს რევოლუცია, თუ მიიღონ კარგი საერთაშორისო შეფასება?

- რეალურად, ორივე მომენტი უნისონშია. თუმცა, ოპოზიციაშიც რთული პროცესი მიდის. თუ ოპოზიციის ორივე მხარე, ასე ვთქვათ, თავს არ დაანებებს არმოგებული მოგების გაყოფას, ეს ორივე მხარეს დაღუპავს და სააკაშვილს გაუხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას.

რა მოგებაზე საუბრობთ და რას გულისხმობთ  გაყოფაში?

- მათ იციან, რომ მიშა დამთავრდა. ეს ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის არის გასაგები როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში. ცალსახაა მათთვის, რომ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობას  ვეღარ დაიკავებს, თუ ამას ხელი არ შეუწყო ოპოზიციის უნიათობამ. სხვათაშორის, არა მარტო საარჩევნო გარემოზე მუშაობის პროცესმა შეიძლება გაზარდოს მისი ხელისუფლებაში დარჩენის შანსი, შესაძლოა, ეს პროცესი ოპოზიციის რადიკალიზმმაც კი გამოიწვიოს.

გეტყვით, რატომაც. როცა აფრიკის ქვეყნებში ასეთი მდგომარეობაა, საერთაშორისო საზოგადოებას აღარ სურს კიდევ ერთი ცხელი წერტილის მიღება კავკასიაში. ამიტომ, მსოფლიოს სჭირდება ერთი რამ, რომ საქართველოში გარკვეული ფორმით მაინც შენარჩუნებული იყოს  სტაბილურობა. ვინ იქნება სტაბილურობის გარანტი, საკითხავი ესაა. თუ ოპოზიციამ ვერ  მოახერხა  და  ვერ გამოძებნა საერთო ენა ერთმანეთთან, ვიდრე სააკაშვილი არ წავა, ანუ ცეცხლს გაუხნიან ერთმანეთს, მაშინ მიშას, მართლაც შეიძლება, ნომინალური, მაგრამ მაინც შანსი გაუჩნდეს იმისი, რომ მომავალში რომელიმე პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს. იცით, რატომ? უბრალოდ, მსოფლიოს ეტყვის, შეხედეთ, ჩემს გარეშე აქ საგიჟეთია, მე ვარ ერთადერთი, ვისაც თქვენთვის გარანტიის მოცემა შეუძლია.

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ თქვა საინტერესო მოსაზრება, რომ დასავლეთმა ყველა თავის მოკავშირეს უთხრა ნათლად - უნდა გახდნენ უფრო მოქნილები, რათა მუბარაქის ბედი არ გაიზიარონ. პარლამენტში სამთავრობო მოსმენებია და  რაც ადრე არასდროს მომხდარა, ანუ რა ხდება „მოქნილი პროცესი“ იწყება?

- კი, მაგრამ ხელისუფლება ამას არ იმჩნევს. ეს მათი ტაქტიკაა,  არ შეიმჩნიონ, რომ ისინი რეალურად რაღაც საფრთხეებს აფასებენ. შესაბამისად, სხვების დასანახად, პროცესებს ნიველირებას უკეთებენ. მინისტრების პარლამენტში მისვლა და დებატებიც სინამდვილეში, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება - გარეთ, შეიძლება, ბუნტის პრობლემა იყოს. იმიტომაც წამოიწია წინ პენსიებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებმა. გარკვეულწილად, პარლამენტში ხდება შეტანა უკმაყოფილების მუხტისა, რომ პროცესები გარეთ არ განვითარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება რეალურად აფასებს არსებულ სიტუაციას, უბრალოდ, არ გაგვრძნობინებს ამას. მათ კარგად იციან, რომ თუ მოსახლეობამ შეატყო, რომ ხელისუფლებამ უკან დახევა დაიწყო, მაშინვე იქნება ბუნტი. არადა, ამ ეტაპზე, ხელისუფლებამ უკან რომ დაიხიოს, მას, უბრალოდ - გატყეპავენ. შესაბამისად,  არ უნდა შეეტყოს, რომ ეშინია საკუთარი მოსახლეობის.

ეს შიში ასევე არ ემჩნევა თავად პრეზიდენტს, რომელზეც ამბობთ, რომ დამთავრდა...

- არც უნდა შეიმჩნიოს. სააკაშვილმა თუ ეს შეიმჩნია, ეს არასახელმწიფოებრივი საქციელიც კი იქნება მისი მხრიდან. ის სავსებით სწორად იქცევა. თუ  გამოავლენს, რომ  წავიდა პოლიტიკიდან, ანუ მომავალში პოლიტიკურ თანამდებობას - პრემიერის თუ პარლამენტის თავმჯდომარის - აღარ დაიკავებს, რასაკვირველია, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის შექმნის დიდი შანსი ჩნდება. ამიტომ მან ეს არ უნდა შეიმჩნიოს და არ უნდა გააკეთოს, არცერთ შემთხვევაში. მისი დღევანდელი ქმედება სწორია და გამართლებული.

ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, აი, ვის დატოვებს თავის მემკვიდრედ. არც ერთი პოლიტიკოსი, თუ ნამდვილად პოლიტიკოსია, სინამდვილეში არავის ტოვებს. პოლიტიკური სიტუაცია თავად წარმოშობს იმ ადამიანს, ვინც დარჩება. იმიტომ, რომ ჰიბრიდს, რომელსაც  სათათბურე პირობებში გამოიყვან,  რაც არ უნდა გიყვარდეს, შემცვლელად  დატოვებ, ერთი შემთხვევაში - თუ დიქტატორი ხარ. ასეთი მაგალითები ბევრია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს მეზობლადაც.

სააკაშვილი არ არის დიქტატორი?

- სააკაშვილი დიქტატურასთან ძალიან ახლოს მდგომი პიროვნებაა, ავტორიტარიზმი ნამდვილად არის სქართველოში. თუმცა, დიქტატურის კლასიკური გაგება, რასაკვირველია, არ ჩანს და უფრო მეტიც - მმართველობის რა მოდელიც მან შექმნა, საერთოდ ახალი ფორმაა. სააკაშვილმა აჩვენა მსოფლიოს, როგორ შეიძლება დემოკრატიის ნიღაბის ქვეშ, მაქსიმალურად აკონტროლებდე ბიზნესსა და თავისუფალ აზრს. ასეთი ფორმის მმართველობა, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ ყოფილა.

და ამას არ ხვდებიან, ან ვერ ხვდებიან მისი სტრატეგიული მფარველები ოკეანის გადაღმა?

- დღეს ამერიკელებმა ყველას უთხრეს, რომ თავისუფლება არის მთავარი და დიქტატურები არ უნდა მართავდნენ ქვეყნებს. მათ ახლო აღმოსავლეთში გავლენებიც კი გაწირეს. არავინ იცის, რა მოხდება იმ ქვეყნებში, სადაც ახლა რევოლუციური პროცესები მიდის. იქ შეიძლება, გარკვეული რელიგიური და ეთნიკური ნიშნებით, ახალი სუვერენის ფორმებიც კი წარმოიშვას და ამ რეგიონებში სახელმწიფო  საზღვრების გადახედვაც მოხდეს. ეს არის ერაყი, ეგვიპტე და ა.შ.ანუ იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატორები ახერხებდნენ ხელში ჭეროდათ მთელი პროცესები, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით ძალიან ფეთქებადია. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ამერიკაც და დასავლეთიც ამ რისკზე წავიდა, ანუ არ დაუჭირეს მხარი დიქტატურას და თქვეს, რომ სინამდვილეში ყველაზე დიდი ღირებულება - თავისუფლებაა.

ეს მაშინ, როცა მსოფლიო ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილი, რაც იგივე დასავლეთისა და აშშ-თვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამ ქვეყნებშია თავმოყრილი...

- რასაკვირველია, სწორედ ამიტომ შეძლეს დიქტატორებმა ამდენი ხანი არსებობა, რომ  იყო მხარდაჭერა დანარჩენი მსოფლიოსგან თქვენს მიერ დასახელებული მიზეზის გამო. დღეს არაბულ სამყაროში სხვა სიტუაციაა, რომელიც მსოფლიოზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ეს უკვე მოხდა და არაბული სამყაროს ამ რევოლუციურმა ტალღამაც შეცვალა მსოფლიო. იგივე შეიძლება მოხდეს  ევროპაშიც და ბევრგანაც.

ეს მუხტი საქართველოშიც ტრიალებს. კი, ჩვენ გავუსწარით ყველას და რაც ახლა ეგვიპტეში მოხდა მუბარაქის გარშემო, ის 1992 წელს ვნახეთ. ჩვენ გავუსწარით ტუნისსაც, რადგან ნანახი გვაქვს ეს ყველაფერი „ვარდების რევოლუციის“ სახით. 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია, სხვათაშორის,  მსოფლიოს პირველი სოციალისტური კონსტიტუცია იყო. ბევრ რაღაცაში ვასწრებთ სხვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი არ ტრიალებს და ისევ არ შეიძლება მოხდეს ის, რაც უკვე მოხდა. მუხტი ჰაერშია. არცერთმა პოლიტიკოსმა რომც არ ამოიღოს ხმა, ამ მუხტს ვერ გავექცევით, რადგან არაბული სამყაროს მოვლენების იმპორტირება თავისთავად ხდება ჩვენთან მედიით. სიტუაცია ნამდვილად დაძაბულია და ხელისუფლება ამას ანგარიშს უწევს. იციან, რომ მუხტი უნდა განეიტრალდეს.

ჯერი ახლა ოპოზიციაზეა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია შესძლებს დროზე ადრე არ ჩაშალის პროცესს, რომელიც მას გამარჯვებამდე მიიყვანს. სხვათაშორის, უკვე გაყოფა მიდის, ვინ რა ნიშას დაიკავებს სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში, ვინ მოვა ხელისუფლებაში. თანაც ეს გაყოფა დაიწყო იმან, ვისაც ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა და რესურსი გააჩნია, ანუ ოპოზიციაში ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე - ხელისუფლებაში.

უკვე კონკურენტებს ხედავენ ერთმანეთში. ერთმანეთთან მიდის ჭიდაობა და არა - ხელისუფლებასთან. ვიდრე ეს პროცესი იქნება, მანამდე, მიშას აქვს ნომინალური შანსი, რომ პოლიტიკური თანამდებობა მომავალშიც შეინარჩუნოს - რაღაცა სახით, მაგრამ ოპოზიციაში დაწყებულმა პროცესმა შეიძლება, ეს შანსი გაუზარდოს.

ხელისუფლების შიგნით რა ხდება?

- მოდით, თავი დავანებოთ გამოცანებსა თუ მკითხაობებს და რეალურად შევხედოთ, ვინ რა რესურსებს ფლობს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ინტერესთა მიხედვით, ძირითადად მაინც ორ ჯგუფი შეიძლება,  გამოიკვეთოს. „ნაცმოძრაობის“ ერთი ჯგუფი, რომელიც ითვლებოდა, რომ უფრო კონსერვატიული იყო თავისი აზროვნებით და არ იყო ლიბერალურ ღირებულებებზე გადართული. მათ გარე ურთიერთობებს უგვარებდნენ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ის წარმომადგენლები, რომლებიც მერე „ნაცმოძრაობაში“ აღმოჩნდნენ. იგივე ბოკერია, რამიშვილი, „კმარას“ წევრები. თავიდან ესენი დამხმარეები იყვნენ და პარტიის შიგნით ისინი არ მოიაზრებოდნენ.

არიან ასევე ზურაბ ჟვანიას ყოფილი „დემოკრატები“, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებთან უფრო ახლოსმდგომი გუნდია. ეს ორი გუნდი ყოფილი „დემოკრატები“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“ დარჩა. თანაც შეიძლება, ერთ გუნდადაც მოვიაზროთ. რასაკვირველია, ეს არ არის მექანიკური ერთობა. 

ჟვანიას გუნდი, როგორც ასეთი, დღესდღეობით, საარჩევენო ადმინისტრაციაზე მომუშავე გუნდად შეიძლება ჩავთვალოთ. ეს არის გუნდი, რომელიც ლავირებს, რადგან მან დაკარგა სხვა პოზიციები. ნოღაიდელი იყო ამ ჯგუფში, როგორც პრემიერ-მინისტრი, ტყეშელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი. ანუ ამ გუნდს, თავის დროზე, ეკონომიკური ბერკეტებიც ეჭირა ხელში და მერე ნელ-ნელა შემოაკლდათ გავლენა. დღესდღეობით, ამ გუნდში დარჩა იგივე მაჭავარიანი, გოგორიშვილი, წერეთელი. ეს ჯგუფი მაინც არსებობს და აქვს რაღაც თავისი გარკვეული გავლენა. თუმცა, ყველაზე სუსტი ჯგუფია.

ახლა, რაც შეეხება „თავისუფლების ინსტიტუტს“ თავისი თბილისის მერით. ამ ჯგუფის გული, ტვინი და ძრავი მაინც არის გიგა ბოკერია. მათ აქვთ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეოლოგია. ესენი პოლიტიკოსები არიან და ჩინოვნიკის რანგშიც კი პოლიტიკოსებად რჩებიან. განსხვავებით იმ გუნდის „ნაციონალებისგან“, რომლებიც შეიძლება ითქვას, მხოლოდ კარგი ჩინოვნიკები არიან.

იგივე ვანო მერაბიშვილი. ის კარგი ჩინოვნიკია. პოლიტიკოსი კი არის, მაგრამ მინისტრის პოსტზე უფრო მეტად გახდა ჩინოვნიკი, რომელიც  ყოველდღიურ სახელისუფლებო რუტინაშია ჩართული. რეალური პრემიერ-მინისტრია, რომლის კისერზეც დგას სახელმწიფო. გინდათ იუმორით ვთქვათ, გინდათ სრული სერიოზულობით, მერაბიშვილი მართლაც არის ხერხემალი. მას აქვს უდიდესი რესურსი, აქვს ინფორმაციისა და კომპრომატების დიდი მარაგი. რეალურად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას სხვა ჯგუფი კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ...

რა მაგრამ - ვინმეს აწყობს მერაბიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან?

- მერაბიშვილის ჩამოცილება? არ დგას ასე საკითხი. მის შესუსტებაზეც კი არ არის ლაპარაკი. აქ საუბარია იმაზე, რა პოზიციას შეინარჩუნებს ის შემდგომში. მე ვფიქრობ, როგორც ოპოზიციაში, თუ იქ არსებულ ძალებს შორის  რაღაც გარიგება არ მოხდა, სიტუაცია შეიძლება, უმართავ პროცესებში გადავიდეს, ასევეა ხელისუფლებაშიც. მათაც იგივე ამოცანა უდგათ დღის წესრიგში. მათაც უნდა მოახერხონ ერთმანეთთან გარიგება.

ამ ბრძოლების გამოაშკარავების  ლაკმუსი იქნება საარჩევნო სისტემა?

- თუ საარჩვენო სისტემაში პარტიული სიები გაიზრდება 100 კაცამდე, ეს ნიშნავს, რომ იქ უფრო მეტი ადგილები უნდა დარჩეს სწორედ ბოკერიასა და მის გუნდს. მაჟორიტარების ნაწილში მას ნაკლებად ექნება პრეტენზია. მაჟორიტარების სია  მერაბიშვილის გუნდის მიერ იქნება დაკომპლექტებული, რადგან რეალურად, პოლიციის კისერზე გადადის  საარჩევნო პროცესები. ის ტიპები, რომლებიც მაჟორიტარობის არჩევნებისთვის შეირჩევიან (ანუ ფულიანი ტიპები, რომლებსაც უკვე დამოუკიდებელი მაჟორიტარები ერქმევათ და არა - „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარები), სწორედ ვანოს კადრები იქნებიან.

ამავე დროს მერაბიშვილს პარტიულ სიაშიც ექნება თავისი ადგილები: ქვემო ქართლი მისია. კირკიტაძე, მიუხედავად იმისა, რომ გაჟონა ინფორმაციამ ბოკერიასთან მისი დაახლოების თაობაზე, ქვემო ქართლის გუბერნატორი მაინც ჩინოვნიკია და მერაბიშვილთან უფრო ახლოს დგას თავისი ბუნებით. შესაბამისად, საერთო მათ ბევრი აქვთ. ქვემო ქართლში კი ხმების ის რაოდენობაა, რომ შეიძლება, ბეღელად ჩაითვალოს.

სამცხე-ჯავახეთიც ვანოსია...

- კი. ამ რეგიონის ხმებიც არ იყოფა და ისინიც ასევე ვანო მერაბიშვილისაა. ანუ ვანოს პრეტენზია საკმაოდ არგუმენტირებულად აქვს - მისი ხალხი სიებშიც უნდა იყოს. საერთოდ კი, ჩვენთან ავადმყოფური მიდგომაა, აი, ვიღაცა ვიღაცას შეეკრა და ა.შ მიდის ხოლმე დიდი მითქმა-მოთქმა, გაკიცხვა. არავინ არავის არ ეკვრება, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ყველა თავის თამაშს თამაშობს გარკვეულ ეტაპზე, რომ მერე მოუგოს სხვას.

თქვენი ლიდერი, სხვათაშორის, გამოირჩევა ამ თვისებით.

- ის ყოველთვის თავის თამაშს თამაშობს. წინ მიდის გეგმაზომიერად. არასდროს  არავისი  ყოფილა. იმიტომ არის სულ ამაზე საუბარი - უღალატა ერთს, უღალატა მეორეს. კი არ უღალატა, თავის ადგილსა და თავის პოლიტიკურ ნიშას იკავებდა ყოველთვის. თანმიმდევრულად მიდის, ხომ? მას თავისუფლად შეუძლია, როგორც ერთ გუნდთან დალაპარაკება, ისე მეორესთანაც, იმიტომ, რომ მას ამის დიდი რეზერვი აქვს, როგორც ხელისუფლებაში, სხვათაშორის - ასევე ოპოზიციაშიც.

გარკვეული საუბრების დროს ისიც კი გვითხრეს, ეს „რვიანი“ თქვენ, ფაქტობრივად, ხელოვნურად შექმენით, რაში გჭირდებოდათ,  ის პოლიტიკური პარტიები გააცოცხლეთ, რომლებიც თითქმის ქრებოდნენ და პოლიტიკური თამაშების მიღმა რჩებოდნენო? საჭირო იყო, რადგან პოლიტიკური პროცესი წავიდა სრულიად სხვა მიმართულებით. შეიძლება, მართლაც გაცოცხლდა რომელიმე პოლიტიკური პარტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი რამით დაზიანდა. პირიქით, რაღაც ნაწილში გაჩნდა იმედი, რომ ხელისუფლებას შეიძლება, ამ ფორმატშიც მოუგო. ეს არ არის პატარა რამე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ე.წ რადიკალურ ფრთას გაუჩნდეს შიში, რომ ჩვენს ნამუშევარს და შედეგს საბოლოო ჯამში მიიღებენ  ისინი, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედანო...

(გაგრძელება იქნება)