უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პროგნოზირებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ახალი აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის პირობებში გაძლიერდება. ყოფილი დეპუტატის შეფასებით, ჯანყარაშვილი პარტიას მეტ ორგანიზებულობას და პარტიულ საქმიანობაში მეტ ჩართულობას მისცემს. მისი მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯანყარაშვილს თავს იმის გამო ესხმის, რომ ისინი შიშობენ, პარტია არ გაძლიერდეს.
რუსეთის განცხადებებსა და პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, for.ge ირინე იმერლიშვილს ესაუბრა:
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება კავკასიის რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. რუსულ მხარეს რას უპასუხებთ?
- რუსეთის ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, არაერთხელ გვითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა ერთი მხრივ, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ არის მიმართული, მეორე მხრივ კი, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და გაძლიერებისთვის.
საქართველოში ნატო-ს ბაზების განთავსება და წვრთნების ჩატარება, ქვეყანას რას მისცემს? ამასთანავე, ამ ფონზე, რუსეთის გააქტიურებას არ ელით?
- ქვეყანაში ბაზების განთავსება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს. აქ ნატო-ს ინსტრუქტორები იქნებიან და ეს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. ეს იმ პროქტის ნაწილია, რომელსაც თავის დროზე, ჯეიმს აპარტურაიმ უწოდა „მეტი ნატო საქართველოში“. წვრთნები და ბაზების განთავსება ზუსტად ამ განცხადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილო მეზობელი ძალიან ნერვიულობს თუნდაც მის გარშემო განლაგებული ქვეყნების ურთიერთობაზე ნატოსთან, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზიდან ოდნავ მაინც უნდა გადავუხვიოთ. ქვეყნის სურვილი, რომ ევროპის ნაწილი გახდეს, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ ქართველი ხალხის ნებაა, რომელიც არა მხოლოდ რეფერენდუმით არის გამყარებული, არამედ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ საქართველოში დიდი უპირატესობა პროდასავლურ ძალებს აქვთ და ძალიან მცირეა იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც პრორუსულ ძალებს უჭერს მხარს.
ჟენევის ფორმატში რუსეთმა მოითხოვა, რომ ქართულმა მხარემ დე-ფაქტო აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის გაუხსნელობის თაობაზე შეთანხმება გააფორმოს. განიხილავთ მსგავს იდეას?
- აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთს აქვს ოკუპირებული. უელსის სამიტზე რეზოლუციაში იქნა ჩაწერილი, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს და ე.წ. აღიარების პოლიტიკა უკან წაიღოს. ამასთანავე, რუსეთს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, რომელსაც არ იცავს და ძალიან კარგი იქნება, თუ რუსული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის პუტინი საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. მისი თქმით, პუტინს პირადად არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ის არის რაციონალური, რაციონალური პოლიტიკის მომხრე და ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტში, შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების აგება. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებთ?
- პუტინის რაციონალური პოლიტიკა თავის ქვეყანასთან მიმართებაში გამოიყენება, მაგრამ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება იმას, რომ პუტინი არის ადამიანი, რომელსაც რეალურად შეუძლია ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, ამ აზრს ნამდვილად ვიზიარებ.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება არ ეზრდება. უწყება ფინანსების დამატებას ითხოვს. ეთანხმებით ალასანიას მოთხოვნას?
- როგორც წესი, საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას ყველა უწყება ითხოვს და ეს მისასალმებელია. როგორც ჩანს, უწყებებს დიდი გეგმები აქვთ და ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე მოთხოვნას ასაბუთებენ. თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი არ მცირდება, უბრალოდ „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, რომელსაც ცხადია, ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხები გაჰყვა. თავდაცვის ბიუჯეტი არ მცირდება, მაგრამ სამწუხაროდ, არც იზრდება. ნატოს წინაშე კი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რომელსაც შესრულება სჭირდება. კარგი იქნება თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდოს. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი ცოტათი მაინც გაიზრდება.
იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით არის წარმოდგენილი, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარით, სხვაობას როგორ ახსნით?
- გასულ წელთან შედარებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ გაზრდილა, მაგრამ არც შემცირებულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულთან მიმართებაში პრობლემა არც პრეზიდენტს არ აქვს. იქედან გამომდინარე, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი მიმართულია სტიქიური უბედურებების დასაფინანსებლად, ფონდის ზრდა ამით არის განპირობებული.
რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა, რომლის თაობაზეც „ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტს ჯანყარაშვილის შენახვა 130 603 ლარი დაუჯდა. რა ნიშნით შეარჩიეთ, ჯანყარაშვილი?
- სხვა პრეცედენტი არ მახსენდება, როდესაც რომელიმე პარტია სხვა პარტიაში ადამიანის დაწინაურებას აპროტესტებდა. ეს საკითხი ნაციონალებს ძალიან აინტერესებთ. ზვიად ჯანყარაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ. მასთან ერთად 1-ელი ოქტომბრის საარჩევნო შტაბში ვმუშაობდი და მისი შესაძლებლობები ვიცი. იმედი მაქვს, პარტია საკმაოდ გაძლიერდება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აღაშფოთებს.
პარტიას ჯანყარაშვილი რას მისცემს ?
- მეტ ორგანიზებულობას და პარტიულ საქმიანობაში მეტ ჩართულობას, რადგან ვინც პოლიტსაბჭოს წევრები ვართ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამდებობის პირები ვართ და პარტიისთვის ნაკლები დრო გვრჩება. ზვიადი ის ადამიანი გახლავს, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან კარგად ერკვევა პარტიულ საქმიანობაში და მეორე მხრივ, ის ამ ეტაპზე სხვა საქმიანობისგან გამოთავსუფლებული ადამიანია, რომელიც თავის ენერგიას პარტიას მთლიანად მოახმარს.
ჯანყარაშვილს თქვენი ოპონენტები ნეპოტიზმში ადანაშაულებენ...
- პარტიაში ვიღაცის ნათესავი რომ აირჩიონ, ეს ნეპოტიზმი არ არის. როდესაც, ის სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ნეპოტიზმის ნიშნებს არც მაშინ ვხედავდი მაინცდამიანც. ზედმეტი ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო, პოსტიდან თვითონ ზვიადი გადადგა.
თქვენს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანი მართავს. ოპონენტების პოზიციას იზიარებთ?
- მათი მხრიდან ამაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია. ქართულ პოლიტიკაში ახალი პრეცედენტია, როდესაც სხვის პარტიაში დასაქმებულ ადამიანებზე ოპონენტები ღიზიანდებიან. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ისინი შიშობენ, რომ პარტია ამით საკმაოდ გაძლიერდება.