„ხელისუფლება აკრიტიკებს ყველას, ვინც მისი კეთილი საქმეების დისტრიბუცია უნდა მოახდინოს“

„ხელისუფლება აკრიტიკებს ყველას, ვინც მისი კეთილი საქმეების დისტრიბუცია უნდა მოახდინოს“

„ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა შეცდომის დაშვების კომპლექსი. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად, ეშინიათ შეცდომის დაშვების. ხელისუფლება მიეჩვია კომფორტულ გარემოში ყოფნას, თუმცა ბევრად უფრო წესიერები და ჰუმანურები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლება ცდილობს რაღაცა გააკეთოს, მაგრამ სისტემურად დიდ პრობლემებს ვერ წყვეტენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, უფლებამოსილების განაწილების სწორი მენეჯმენტი არ ხდება.

for.ge გია ხუხაშვილი.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავრობა აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს და არ აქვს იმის უნარი, რომ ეს მიაწოდოს საზოგადოებას. ამ ხარვეზზე საუბრობს ხელისუფლებაც. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, არაპროფესიონალიზმი თუ საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულება?

- ობიექტურობის ნაწილი ნამდვილად არის ამ განცხადებაში, მაგრამ ძალიან მიამიტური გაგებაა და ძალიან ამბიციურიც. როდესაც შენ ამბობ, რომ ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ ეს სათანადოდ არ შუქდება, მეჩვენება, რომ ზემეტად ამბიციური განცხადებაა. ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. თუ რამე ხარვეზებია, შიგნით, კულისებში უნდა წყდებოდეს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით პრობლემები არის, ხელისუფლება ცდილობს, რომ გააკეთოს კარგი. სააკაშვილის ხელისუფლებასთან ამ ხელისუფლების შედარება არც შეიძლება, ის არაფერს არ აკეთებდა და კეთილდღეობის ვირტუალურ რეალობას ჰქმნიდა. დღევანდელ ხელისუფლებას უჭირს იმის წარმოჩენაც კი რასაც აკეთებს.

რატომ უჭირს ხელისუფლებას იმის წარმოჩენაც კი რასაც აკეთებს, რა არის კომუნიკაციის არარსებობის მიზანი?

- როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ, მაგრამ ეს საზოგადოებამ არ იცისო, კეთილი ინებონ და ამ განცხადებას მოაყოლონ ჩამონათვალი, რა არის ის წარმატებები, რის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის. იგივე ინტერვიუში შეუძლიათ საზოგადოებას მიაწოდონ ჩამონათვალი იმ კეთილი საქმეებისა, რაც გაუკეთებიათ და ამ კეთილ საქმეებს საზოგადოება შეაფასებს. ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, არსებობს პრობლემა, რომ ეს ინფორმაცია არ მიდის საზოგადოებამდე, მაგრამ ობიექტურადაც არსებობს პრობლემები კეთილ საქმეებთან დაკავშირებით.

რეალურად, სისტემური გარღვევა არ გვაქვს არც ერთი მიმართულებით, რითაც შეიძლება თავი მოიწონო. გასაგებია, ხელიუსუფლებას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მიშასავით საწარმოს კარებში ავტობუსებით ხალხი არ შეჰყავს და უკანა კარიდან არ გამოჰყავს, მაგრამ მეორე მხრივ, რეალურად სათქმელიც ბევრი არაფერია.

იგივე, საყოველთა დაზღვევა, ეს არაა სერიოზული მიღწევა ხელისუფლების?

- ნამდვილად კარგი პროექტია, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, მედიისგან, სამოქალაქო სექტორთან, ანუ მოლაპარაკე თავებთან?

ანუ თვლით, რომ ხიდი ჩატეხა ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან ურთიერთობაში?

- ვთვლი, რომ თვითიზოლაცია მოახდინა. კომუნიკაცია დაკარგა. ხელისუფლება აკრიტიკებს ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მათი კეთილი საქმეების დისტრიბუცია უნდა მოახდინოს. არა თუ ურთიერთობა არ აქვთ, არამედ აკრიტიკებენ მუდმივად, კრიტიკით საქმე არ წყდება. შეიძლება ხელისუფლებამ ყველა აკრიტიკოს, მაგრამ გამოსავალიც მისი მოსაძებნია. არ შეიძლება მუდმივად სხვაზე გადაბრალება. როდესაც ამბობენ, რომ მედია ნეგატივზეა ორიენტირებული, დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც შს მინისტრი გამოდის და შეთქმულების თეორიას ანვითრებს, ხან საბურავები და ხან რას ამბობს, აბა რა იქნება?!

როდესაც ასეთ ნიუსს უშვებ, რომ რაღაცა შეთქმულება მზადდება და ხელისუფლება თვითონ კულტივირებს მუდმივად დაძაბულობის თემას, რა უნდა ჰქნას მედიამ? ნეგატივს აქვს ის თვისება, რომ ყოველთვის გადაფარავს პოზიტივს, მაგრამ სამწუხაროდ, პოზიტივიც ბევრი არაა. ხელისუფლება ცდილობს საქმე გააკეთოს, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხრივ ამას ნაკლები ყურადღება ეთმობა. დღევანდელი მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის რგოლი იმაზე დიდია, ვიდრე სააკაშვილის ჰქონდა. სპიკერები უნდა ჰყავდეს ხელისუფლებას, რომლებიც კეთილი საქმეების დისტრიბუციას მოახდენენ.

ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა შეცდომის დაშვების კომპლექსი. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად, ეშინიათ შეცდომის დაშვების. ხელისუფლება მიეჩვია კომფორტულ გარემოში ყოფნას, თუმცა ბევრად უფრო წესიერები და ჰუმანურები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლება ცდილობს რაღაცა გააკეთოს, მაგრამ სისტემურად დიდ პრობლემებს ვერ წყვეტენ.

ბატონო გიას, თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ჩამოუყალიბდა შეცდომის დაშვების კომპლექსი, ამიტომ გახდა ჩაკეტილი?

- ჩაკეტვა უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა უწყებების მენეჯმენტი არ ხდება. არის მცდელობა, რომ ეს იყოს ცენტრალიზებული და ერთი წერტილიდან ხდებოდეს საჯარო სექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა, რაც წარმოუდგენელია. თუ არ მიეცი უწყებვრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის რგოლს ინიციატივის გამოვლენისა და საკუთარი კომუნიკაციების აწყობის საშუალება საზოგადოებასთან და მედიასთან, ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია, რომ რაღაცა ამ მხრივ გაკეთდეს. სამწუხაროდ, არ მიესალმებიან ადგილებზე ინიციატივებს. რაღაცა მოუქნელი სისტემაა შექმნილი. ხელისუფლების წევრები ჩემი მეგობრები არიან, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ შეზღუდულები არიან ინიციატივებში.

ვინ უზღუდავს ხელისუფლებას ინიციატივებს?

- იცით, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკური პროცესი მიდიოდა ერთი ადამიანის ნიშნით, ერთმა ადამიანმა აიღო ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა. ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა ცენტრალიზებულად. ამ პერიოდში მთელმა ხელისუფლებამ იმდენად კომფორტულად იგრძნო თავი, აგერ მინისტრები იყვნენ, ჯიპებით დადიოდნენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ნული ჰქონდათ. როგორც ჩანს, იმ პერიოდში მოხდა ამ ადამიანებს დაკომპლექსება და დღემდე იქიდან ვერ გამოსულან. უფლებამოსილების განაწილების სწორი მენეჯმენტი არ ხდება. პრეზიდენტიც კი, რომელიც ცდილობს შეასრულოს თავისი მოვალეობა, არის მცდელობა, რომ ისიც შეუზღუდონ, მიჩნიათ, რომ ეს არასწორია.

კალსიკური გაგებით ეს არის ავტორიტარიზმი?

- ავტორიტარიზმიც თავისებურად ეფექტურია. რაც არ უნდა ვთქვათ, მიშა ეფექტური იყო გადაწყვეტილებებში. დღეს ესეც არ ჩანს. გადაწყვეტილება საერთოდ აღარ მიიღება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ იყავი თავისუფალი და რატომღაც თვითონ უარს ამბობენ ნებაყოფლობით თავისუფლებაზე. სისტემა შესაცვლელია, ანუ მეტი ინიციატივა, მეტი დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება უნდა მიეცეთ ადამიანებს, უფრო სწორედ, უნდა აიძულონ ეს ადამაინები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და პასუხიც აგონ ამ გადაწყვეტილების სისწორეზე.

ადამიანებს ინიციატივას კი არ უნდა ართმევდნენ, არამედ უნდა აძლევდნენ. ეს, რომ პირიქით არის პრეზიდენტის მაგალითიც ადასტურებს. დღეს პოპულარული არ არის ინიციატივების გამოვლენა. არავინ არ იტკივებს თავს, იმიტომ, რომ ინიციატივა დასჯადია. როგორც ჩანს, ასე მიაჩნია უმრავლესობას.