„ნატო-ს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით ყველა მოსამზადებელი სამუშაო ნატო-ს შტაბ-ბინას უკვე გადაეგზავნა“

„ნატო-ს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით ყველა მოსამზადებელი სამუშაო ნატო-ს შტაბ-ბინას უკვე გადაეგზავნა“

რუსეთის საგარეო უწებაში აცხადებენ, რომნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

რუსეთის საგარეო უწყებას დღესვე უპასუხა თავდაცვის მინიტრმა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატო-ს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია და ორშაბათს, უკვე, ნატო-ს შტაბ-ბინას გადაეგზავნა. როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, საქართველოს შეიარაღებული ძალები აანალიზებს ყველა გადაადგილებას ინფრასტრუქტურულს თუ სამხედროს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, აქედან გამომდინარე, შესაბამის ოპერატიულ გეგმებს ამუშავებს.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე განამარტავს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. როგორც აბაშიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონულ უსაფრთხოებას უპირველესად აზარალებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოუგვარებელი კონფლიქტები. 

„სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ რუსეთის როლს, თუკი მას აქვს სურვილი, პოლიტიკური ნება, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

აბაშიძის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი არ არის მისი და კარასინის შეხვედრის ფორმატის დღის წესრიგის თემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი რუსი კოლეგები ამ საკითხს შეეხებიან, მისი პასუხი მეტ-ნაკლებად ასეთივე იქნება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს და ნატო-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში შეიქმნება, ვინაიდან ეს არის ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება.

„საქართველო-ნატო-ს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატო-ს ინფრასტურქტურა, ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები და ამით ავამაღლოთ შეკავების ფაქტორი იმ აგრესიის, რომელიც რუსეთიდან მოდის, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას გაამყარებს. ძლიერი საქართველო არის იგივე კონტრიბუტორი ძლიერი სტაბილურობისთვის რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება საფრთხეებს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთადერთი ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონისთვის არის რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენს ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელსაც ისინი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ახორციელებენ. 

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდება, თავისივე აღებული ვალდებულებები შეასრულოს. დღეს ამის ილუზიები არ გვაქვს. ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება საქართველომ არაერთხელ უმაღლეს, პოლიტიკურ დონეზე დააფიქსირა. ერთადერთი, რაც სჭირდება სტაბილურობის გამყარებას, არის რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულება საბრძოლო ქმედებების განუახლებლობაზე.

2008 წელსაც და მიმდინარე მოვლენებშიც უკრაინაში, მთავარი აგრესიული მხარე და ნაბიჯები გადაიდგა რუსეთის მხრიდან. რუსეთი წარმოადგენს რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ხელს შეუწყობდა საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა. მისივე განცხადებით, არც ერთი ინფრასტრუქტურა საქართველოში რომელიც იქმნება თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, არ უქმნის საფრთხეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს რუსეთს და არ არის მიმართული მის წინააღმდეგ.

„პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა, წვრთნები და ვარჯიში არის სწორედ მიმართული იქეთკენ, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა. რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას ნამდვილად შეუწყობდა ხელს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანა, მოლდოვადან რუსული ბაზების გაყვანა და უკრაინიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა. უმჯობესია რუსეთის ხელისუფლებამ ამაზე იზრუნოს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, რუსეთიდან პოტენციურად მომავალ საფრთხეებზე სერიოზული ანალიზი კეთდება.

„ის რაც ახლა უკრაინაში ხდება ბევრად ადრე დაიწყო საქართველოში. ამჟამად მნიშვნელოვან შეიარაღებასთან ერთად, ათასობით რუსი სამხედროა ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და მიმდინარეობს მილიტარიზაცია. საქართველო ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ამავე დროს, სერიოზული ანალიზი კეთდება რუსეთის ფედერაციიდან პოტენციურად მომავალ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საფრთხეებზე“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.