ექსკლუზიური ინტერვიუ კახა კალაძესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ კახა კალაძესთან

როგორ აფასებს მთავრობის ორწლიან მუშაობას, რატომ გახშირდა დენის გათიშვა, როგორ შევხვდებით ზამთარს, როგორ დააბალანსა ყაზახი ინვესტორების დავალიანება და რას ითხოვს ხუდონჰესის ინვესტორისგან ენერგეტიკის მინისტრი

ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული გაუგებრობა მალე გაირკვევა. მიაჩნია, რომ მარგველაშვილი- ღარიბაშვილის დაპირისპირება ქვეყნის საგარეო იმიჯს ლახავს, მთავრობის წევრებს კი სამუშაო პროცესში უშლის ხელს. აცხადებს, რომ ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ პრობლემა უკვე მოგვარდა და მალე კომპანია ყაზახ ინვესტორებს დაუბრუნდება. კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ძმების, შარანგიების ლობირებას და აცხადებს, რომ რუსთავის მიკროავტობუსების ტენდერთან არავითარი შეხება არ ჰქონია. როგორ ემზადება ენერგეტიკის სამინისტრო ზამთრი სსეზონისთვის? როდის გაქრება ჩაბნელებული 90-იანებისა და ავადასხსენებელი მე-9 ბლოკის აჩრდილი საქართველოს მოსახლეობის მეხსიერებიდან? ,,ვერსიის’‘ კითხვებს ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს.         
    
- ბატონო კახა, ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს როგორ შეაფასებთ?               
- 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მოსახლეობასთან ერთად შევძელით, წინა ხელისუფლება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილება იყო, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაგვემარცხებინა. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. უამრავი პრობლემა დაგვხვდა, რადგან ყველაფერი, რაც კეთდებოდა, ფასადური და ძირითადად, პიარზე ორიენტირებული იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, წინა ხელისუფლებამ, მნიშვნელოვანი რეფორმებიც გაატარა. ერთი წელი პრეზიდენტ სააკაშვილთან გვიწევდა ურთიერთობა. რთული იყო - გვახსოვს სხვადასხვა კანონპროექტზე ვეტოს დადების ტენდენცია. მაინც მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ: თითოეული მოქალაქე დაზღვეულია, მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ იღებენ, უმაღლეს სასწავლებლებში, დაახლოებით 26 ფაკულტეტზე, სტუდენტები უფასოდ სწავლობენ, ბაგა- ბაღებიც უფასოა... ასევე, უფასოა მიწის დამუშავება. იაფი კრედიტებია გამოყოფილი მათთვის, ვისაც სოფლის მეურნეობაში გარკვეული ინვესტიციების განხორციელება სურს. გულდასაწყვეტია, რომ დღეს საქართველოში საკვები პროდუქტის დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის. შესაძლოა, ადგილობრივმა პროდუქციამ მთლიანად ვერ დააკმაყოფილოს მოსახლეობა, მაგრამ იმპორტის გარკვეულ მოცულობას ჩაანაცვლებს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ენერგეტიკაშიც მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, დენის ტარიფი 21%-დან, 27%-მდე, გაზის ტარიფი კი 5%-ით შევამცირეთ. პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, დახმარებები გაორმაგდა... ეს საკმარისი არ არის, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. ყველა უწყება მუშაობს, რათა უმოკლეს ვადაში, საქართველოს თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს შვება. ყველაზე დიდი პრობლემა, უმუშევრობაა. მის დასაძლევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კარგი პროექტი წამოიწყო - ,,აწარმოე საქართველოში’‘. მის ფარგლებში, საქართველოს ყველა რაიონში შევძლებთ ადგილობრივების დასაქმებას. სახელმწიფო სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის, მაგრამ ბიზნესს უნდა დაეხმაროს და საწარმოების გახსნისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნას. ბანკებთან ვთანამშრომლობთ. თუ ბანკი 12%-13%-იან გრძელვადიან კრედიტს გასცემს, 10% სახელმწიფოს სუბსიდიაა. ეს სერიოზული შეღავათია. წელს ამ მიმართულებით, 140 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი თანხის გაზრდას ვაპირებთ. ჩემი გუნდის საქმიანობის ჩემგან შეფასება, ცოტა უხერხულია. ბევრი უნდა ვიმუშაოთ პიარის მიმართულებით, მაგრამ გადამეტებულად არა. წინასაარჩევნო პერიოდში, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას რომ ვხვდებოდი, ბევრმა არ იცოდა ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. სამწუხაროდ, ისიც კი არ იცოდნენ, რომ დაზღვეულები არიან და ექიმის მომსახურება უფასოა. ჯამში, მთავრობის მუშაობას დადებითად შევაფასებ. უშეცდომო არავინაა. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მთავარია, საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია.       
               
- ინვესტიციების თემა მუდმივად აქტუალურია და ინვესტორებს საქართველოში სწორედ ენერგეტიკა ხიბლავს. ,,ტატა ჯგუფის’‘ გარდა, ამ ორ წელში, რომელი ინვესტორები დაინტერესდნენ ენერგეტიკით?
- ,,ტატა ჯგუფი’‘ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც აჭარაში ჰესების მშენებლობა უკვე დაიწყო. მათ გარდა, თურქული კომპანია ,,ანადოლუ ჯგუფი’‘ 80 მეგავატი სიმძლავრის ფარავანის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. ფარავანჰესს 11 ოქტომბერს ოფიციალურად გავხსნით. ,,ანადოლუ ჯგუფი’‘ მზადაა, ონისა და ცხენისწყლის ჰესებიც ააშენოს. ერთ-ერთი, უდიდესი თურქული კომპანია ,,ნუროლი’‘ ნამახვანის პროექტით დაინტერესდა. მოლაპარაკების პროცესში ვართ. ვფიქრობ, შევთანხმდებით და უახლოეს მომავალში, ამ პროექტის მშენებლობასაც დავიწყებთ. ნენსკრაჰესის პროექტით კორეის ერთ-ერთი, უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია ,,კეი ვოთერი’‘ დაინტერესდა. მათთან მოლაპარაკებას საპარტნიორო ფონდთან ერთად ვაწარმოებთ. ამ ორ წელში, 6 ახალი ჰიდროელექტროსადგური მივიღეთ ექსპლუატაციაში. ამ მიმართულებით, წინა ხელისუფლებამაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, წინსვლაც იყო, თუმცა უამრავი პრობლემაც დაგროვდა და მათ მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, სექტორში არსებული პრობლემა უმოკლეს ვადაში ვერ აღმოიფხვრება და ამის მაგალითია ის, რომ რეგიონებსა და დედაქალაქშიც კი, ელექტროენერგია ითიშება. ხშირად ამის მიზეზი სხვა კომპანიების, მათ შორის ,,თბილწყალკანალისა’‘ და ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ მიერ წარმოებული სამუშაოებია, როცა ელექტროგადამცემი ხაზებიც ზიანდება. რეგიონებში უფრო რთული ვითარებაა - ქსელი ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაცია სჭირდება. ,,ენერგო- პრო ჯორჯიასთან’‘ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს კომპანია, რეგიონების გამრიცხველიანებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ყოველწლიურად 70 000 000 ლარს დახარჯავს.

- ამ ზაფხულს, მთელი საქართველოს ჩაბნელებამ, მოსახლეობას შევარდნაძის ეპოქა გაახსენა. ავარიული გათიშვების ფონზე, ზამთრის სეზონისთვის როგორ ემზადებით?
- ზაფხულში მართლაც დიდი ავარია მოხდა. 500 კვტ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ,,იმერეთი’‘ დაზიანდა. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა სწორედ ამ ხაზით იღებს ელექტროენერგიას, რადგან ჰესები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია. 220 კვტ. ელექტროგადამცემ ხაზებზე დამონტაჟებულია ავტომატური ამომრთველები. ავარიის დროს, 500 კვტ. ხაზი სწორედ 220 კილოვატიანმა უნდა გათიშოს, რათა ხაზები არ გაწყდეს. სამწუხაროდ, ამ სისტემამ არ იმუშავა. დღეს ეს სისტემა, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ დაამონტაჟა, გამართულად მუშაობს. მას შემდეგ ,,იმერეთზე’‘ რამდენიმე ავარია მოხდა, მაგრამ დანარჩენ საქართველოს არ უგრძნია. რაც შეეხება ზამთრის სეზონისთვის მზადებას, სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი პრობლემა არ არის. დენი ხშირად იმიტომ ითიშება, რომ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს ზაფხულში უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გამო, სამუშაოები თვენახევრის დაგვიანებით დავიწყეთ და წლის ბოლომდე დავასრულებთ.

- ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნისთანავე, ,,ყაზტრანსგაზთბილისში’‘ არსებული პრობლემების შესწავლა დაიწყეთ და ამის გამო ყაზახეთშიც ბრძანდებოდით. ორი წელი გავიდა და კომპანიაში თითქმის არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ,,ყაზტრანსგაზთბილისს’‘ დროებითი მმართველი მართავს.
- ფაქტობრივად, ყაზახეთთან მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ. აქ ენერგეტიკის სამინისტროსთან კი არა, ფინანსებსა და ვალებთან დაკავშირებული პრობლემა იყო. ყველაფერი მოგვარდა. შევთანხმდით და ვფიქრობ, ახალ წლამდე ეს კომპანია ყაზახ ინვესტორს დაუბრუნდება. ამ ეტაპზე, ვაზუსტებთ, რა ფორმით დარეგულირდება ეს ყველაფერი, მაგრამ პრობლემა აღარ არსებობს.

- ,,ყაზტრანსგაზთბილისში’‘ პრობლემები წინა ხელისუფლების პირობებში დაგროვდა. ყაზახი ინვესტორების განმარტებით, სახელმწიფომ ვალი არასწორად დააკისრა. პრობლემა როგორ მოაგვარეთ, ვალი ჩამოუწერეთ?
- ამ კომპანიაში ფინანსური დავალიანება მართლაც არასწორად დაგროვდა, მაგრამ ვალი არ ჩამოგვიწერია. ძირი თანხა, დაახლოებით 76 000 000 ლარი, გამოვქვითეთ. ,,ყაზტრანსგაზთბილისს’‘ ფინანსთა სამინისტროს დავალიანება ჰქონდა. საგარეო ვალის სახით, საქართველოს, ყაზახეთის ვალიც აქვს, საგარეო ვალს კი ფინანსთა სამინისტრო ემსახურება. ეს ორი ვალი დავაბალანსეთ, რადგან ყაზახური კომპანია, რომელიც ,,ყაზტრანსგაზთბილისს’‘ მართავს, სახელმწიფო კომპანიაა.

- ხუდონჰესთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უკვე ჩაცხრა? 
- აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ინვესტორ ,,ტრანს ელექტრიკასთან’‘. გვინდა დავინახოთ, რამდენად შესწევს ძალა ამ კომპანიას, ეს პროექტი განახორციელოს. ხუდონჰესის სამშენებლო ღირებულება 750 000 000 აშშ დოლარია, ამას დაუმატეთ საბანკო მომსახურებაც და ჯამში, მთლიანი ღირებულება მილიარდ დოლარამდე ადის. ,,ტრანს ელექტრიკას’‘ მოვთხოვეთ, წარმოადგინოს დამფუძნებლების სია, რადგან ეს კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული. გვინდა, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. თუ კომპანია დოკუმენტაციას წარმოადგენს, სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.

- როგორც ვიცე- პრემიერი, როგორ შეაფასებთ მთავრობის წევრების ახალ შემადგენლობას, კონკრეტულად ეკონომიკური პროფილის - სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. ეფექტურად გაართვეს თავი სამუშაოს?
- ვფიქრობ, ნორმალურად მუშაობენ. ისინი ძალიან მნიშვნელოვან დარგებს ხელმძღვანელობენ, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტია, როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე ინფრასტრუქტურა. ამ სამინისტროების გამართული მუშაობა და იმ თანხების ათვისება, რომელიც გამოყოფილია, მნიშვნელოვანია. ჩვენ უცხოურ გრანტებსაც ვიღებთ და მათი სწრაფად ათვისება აუცილებელია, რადგან ეს ყველაფერი, ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის წინსვლაზე მოქმედებს. შესაძლოა, მათი დანიშვნიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ამ კონკრეტული მინისტრების მუშაობას დადებითად ვაფასებ. პირადად მეც და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს, ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ქვეყანა განვითარდეს.

- თქვენი აზრით, რა ხდება პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის, მარგველაშვილი- ღარიბაშვილის ,,დუელი’‘ რას ნიშნავს?
- ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა დალაგდეს, რადგან პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯისთვისაა ცუდი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს წვლილი ამაში, რადგან ასეთი დამოკიდებულება და გაუგებრობა, სამუშაო პროცესში ხელს გვიშლის. თუმცა ეს ყველაფერი ახალმა კონსტიტუციამ გამოიწვია... ნახევრად საპარლამენტო ქვეყანა ვართ. თუ ადრე ერთ კაცზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, ახლა ძალაუფლება გადანაწილებულია. ეს საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება და მოგვარდება, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, საგარეო პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია.
- წინა ხელისუფლების პირობებში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ძირითადად, პრეზიდენტი დადიოდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ დავოსში მაინცდამაინც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წავიდეს?
- იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურია. პრეზიდენტისგან განსხვავებით, მთავრობის წევრებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს პრემიერთან ურთიერთობა. დავოსში ეკონომიკური ფორუმი იმართება. როცა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო, სწორედ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდა ,,ტატა ჯგუფის’‘ წარმომადგენლებს. იქვე შეთანხმდნენ, რომ ეს უმსხვილესი კომპანია საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს განახორციელებდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციას პრემიერმა უნდა უხელმძღვანელოს - იქ კონკრეტული საკითხები იქნება განსახილველი, რაც ეკონომიკაში განსახორციელებელ ინვესტიციებს ეხება. გიორგი მარგველაშვილმაც ეს კარგად იცის და განაცხადა კიდეც, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს სწორედ პრემიერ- მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოსო.    
                 
- ოპონენტები ბრალს გდებენ, რომ რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსების ტენდერით იყავით დაინტერესებული, ასეა?
- ეს საკითხი უკვე გაირკვა და ყველამ დაინახა, რომ ამ ტენდერთან არანაირი კავშირი არ მქონია. თემა იმიტომ აგორდა, რომ კონკრეტული ადამიანები, მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ჩემი სახელისთვის შავი ლაქა მოეცხოთ. არ გამოუვიდათ, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველამ ყველაფერი იცის. ახლა თავს შევიკავებ გვარების დასახელებისგან, ვისი ინტერესიც გამოიკვეთა ამ ტენდერში. თუ რამე მიკეთებია საქართველოში, ყველაფერს ღიად ვაკეთებდი და შეიძლება ითქვას, ყველა ჩემი პროექტის ზედმეტ აფიშირებასაც კი არ ვერიდებოდი. ისე ნამდვილად არ მიჭირს, ვიღაცას რაღაც წავართვა ან წილში ჩავუჯდე. ღმერთმა იმის საშუალება მომცა, ჩემი მქონდეს. ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე და ღმერთმა დამიფაროს, მსგავსი რამ გავაკეთო.

- იმასაც ამბობენ, სააკაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, შარანგიებს, ,,ქართულ ოცნებაში’‘ ლობირებს და ,,კავკასუს ონლაინი’‘ ყოფილ პატრონს იმიტომ არ დაუბრუნეს, შარანგიებთან მეგობრობის გამო, საკითხი კალაძემ დაბლოკაო... ,,კავკასუს ონლაინის’‘ ყოფილი მფლობელი, მამია სანადირაძეც იგივეს აცხადებს... 
- ესეც დიდი აბსურდი და სისულელეა. ,,კავკასუს ონლაინთან’‘ არასდროს არანაირი შეხება არ მქონია. როდესაც მამია სანადირაძემ ჩემ წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო, გავარკვიე, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციაში წაუგია საქმე და როდესაც ,,კავკასუს ონლაინი’‘ შარანგიებს გადაუფორმა, მათგან გარკვეული თანხაც მიიღო. თუ ამ ადამიანს მიაჩნია, რომ რაღაც არასწორად მოხდა, სასამართლოში გაარკვიოს. თუ არ ვცდები, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო საქმე, მაგრამ კიდევ ერთხელ იჩივლოს, ვინ უშლის? გგონიათ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ვინმეს ლობირება შემიძლია? მეეჭვება, ისეთი კავშირები მქონდეს, ეს მოვახერხო. ეს მიზანმიმართული ჭორია. ერთი თაღლითი, ორ თაღლით ძმას ედავება და მტყუან- მართალიც ერთმანეთში გაარკვიონ.      
           
- არც ,,გუდვილში’‘ გექნებათ წილი... ამბობენ, ამ კომპანიით იტალიელი ინვესტორები დაინტერესდნენ, რომლებსაც თქვენ გაუწიეთ რეკომენდაცია.
- არა, არ ვარ დაინტერესებული. საკუთარი ბიზნესი მაქვს, რაზეც ყოველთვის ღიად ვსაუბრობ. ნორმალური შემოსავალი მაქვს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც...                
- იმდენად ნორმალური, რომ ერთადერთი მინისტრი ხართ, ვისაც პრემია არ აუღია?
- დიახ, არც პრემიას ვიღებ და არც ხელფასს.

- ენერგეტიკას დავუბრუნდეთ. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ენერგეტიკის სამინისტროსთვის 135 000 000 ლარია გამოყოფილი. ეს საკმარისია დასახული მიზნების მისაღწევად?
- უფრო მეტი დაფინანსება კარგი იქნებოდა, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მდგომარეობაშიც ყნადადა შევიდეთ. ყველა მინისტრს სურს, რაც შეიძლება მეტი თანხა მიიღოს, რომ მეტი პროექტი განახორციელოს, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტს ამის მეტი საშუალება არ აქვს. ამ 135 000 000 ლარით, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გაზიფიცირებისთვის 20 000 000 ლარია გამოყოფილი, გარდა ამისა, ,,სოკარიც’‘ ახორციელებს გაზიფიცირების სამუშაოებს. ასევე, ვიწყებთ ჯვარი- ხორგას 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, რისთვისაც თანხა ბიუჯეტიდანაცაა გამოყოფილი.