ავტობუსზე დაჯახების გამო მძღოლს, შესაძლოა, 70 000 ლარის გადახდა დააკისრონ

ავტობუსზე დაჯახების გამო მძღოლს, შესაძლოა, 70 000 ლარის გადახდა დააკისრონ

ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისშესახებ კანონპროექტი მზადაა. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით ონოფრიშვილი ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი კანონპროექტს ნამდვილად განიხილავს. ყველაზე სადავო საკითხი, ალბათ, ტარიფი იქნება. წლიური გადასახადი მძღოლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ონოფრიშვილი არ აკონკრეტებს, რას ითვალისწინებს პროექტი, თუმცა ადასტურებს, რომ წლების წინ წარმოდგენილ ვერსიასთან შედარებით ცვლილებები არის.

ბევრი რამ არის შეცვლილი, მაგრამ დაველოდოთ ჯერ კანონპროექტს, რომელიც საბოლოო ვარიანტით იქნება წარდგენილი. ფუნდამენტური ცვლილებები არ არის, მაგრამ მცირე ცვლილება, რა თქმა უნდა, არის. ყველა ერთად გავიგებთ რა იქნება, როცა კანონპროექტი შევა პარლამენტში, - განუცხადა დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რას მოუტანს ბაზარს და მომხმარებლებს ცვლილებები, ონოფრიშვილის ამბობს, რომ დაზღვევის სავალდებულო ხასიათი ბაზარს გაზრდის და მომხმარებლებისთვის კი მეტ დაცვას უზრუნველყოფს.

სავალდებულო დაზღვევა ბაზარს ზრდის თავისთავად. მომხმარებელს მოუტანს იმას, რომ ამაზე უკეთესი მიდგომა ჯერ მსოფლიოში არ გამოგონებულა. როდესაც სხვადასხვა შემთხვევის დროს შენ არ ხარ დამნაშავე და ინციდენტში მოხვდები, მანქანა დაიმტვრევა ან სხვადასხვა ზომის დაზიანებას მიიღებს, შენ ამაში თავისთავად არ იხდი თანხას და არც ის იხდის, ვინც დაგაზიანა, თუ გადაცდომა არ იყო მისი მხრიდან. ანუ მთლიანობაში ყველა დაცულია, - განმარტა ონოფრიშვილმა.

კანონპროექტს აფასებენ სპრეციალისტებიც. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს, თუმცა კომპანიების მიერ შემოთავაზებული პაკეტები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

დაზღვევაში ერთი მთავარი ნიუანსია, უნდა მოქმედებდეს რეალურად და არა ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში: ცოტაა თავისი ნებით დაზღვეული, როცა შემთხვევა დგება, სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ ზარალს და შემდეგ მიდის ძალიან დიდი პრესინგი იმაზე, რომელი მხარე იყო დამნაშავე, რომ ეს თანხა მისგან ამოიღონ, რადგან სადაზღვევო პრემია საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს არასწორია და არსებული მოდელები, რომლებიც წლების განმავლობაში დაიხვეწა და გაიფილტრა, აქაც უნდა დაინერგოს, რომ ავტომობილს ვერ მართავ დაზღვევის გარეშე, თუ მართავ, მაშინ პოლიცია რომ გაგაჩერებს, დიდი ჯარიმა უნდა იყოს.

სავალდებულო დაზღვევა არ უნდა იყოს ძვირი, უნდა არსებობდეს იაფიანი პაკეტები. შენი დაზღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევას რა ზარალიც მოჰყვება, შენსას არავინ არაფერს გიკეთებს,

აკეთებენ დაზარალებული მძღოლის მანქანას, რადგან შენი პასუხისმგებლობაა, - განაცხადა BMGDrive-ის ეთერში მელაძემ.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სადაზღვევო ინდუსტრიის პრობლემებზეც გაამხვილა ყურადღება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაზიანების ფაქტებს შეეხო. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტობუსი დაზღვეულია, ათობით ათასი ლარის ზარალის ანაზღაურება ავტომობილის მძღოლს უწევს, რაც რიგით მოქალაქეს უმძიმეს ტვირთად აწვება.

არის შემთხვევები, როდესაც ამ თანამედროვე ავტობუსებს ეჯახებიან. ეს ავტობუსები ძალიან ძვირია, ახალია და მათი აღდგენა კატასტროფულად ძვირი ჯდება. ავტობუსები დაზღვეულია, მაგრამ დაზღვევის იგივე მოდელი მოქმედებს, თუ ვიღაც დაეჯახება ამ ავტობუსს, სადაზღვევო მას აკეთებს, მაგრამ შემდეგ 70-80 ათასის გადახდის ვალდებულება იმ კონკრეტულ მძღოლს ეკიდება, რომელიც შეეჯახა ავტობუსს. მძღოლს, რომელიც მოძრაობს სულ რაღაც 1500-ლარიანი ავტომობილით, ამხელა პასუხისმგებლობას თუ ჩამოკიდებ, ჩათვალე, რომ ის დაღუპულია.

თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რომ სავალდებულო დაზღვევა შემოიღოს, რიგი მიზეზების გამო, მაშინ ვფიქრობ, რომ ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც უნდა იყოს ორმხრივად დაზღვეული, რომ თუ ვიღაცა მას ეჯახება, ვინც ეჯახება, მას მაინც არ დაეკისროს ამხელა ტვირთი, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაში ტარიფია, რომელიც მძღოლებისთვის შეღავათიანი უნდა იყოს და არა ხელოვნურად გაბერილი.

,,ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის იძულებითი დაზღვევით ბევრი ქვეყანა სარგებლობს. სასურველია, ტარიფი დიფერენცირებული იყოს. ამ ტიპის პროდუქტით სარგებლობა მძღოლებისთვის ხელმისაწვდომი თუ არ იქნა, უკმაყოფილებას გამოიწვევს. საკითხავია, რამდენად სწორად გამოითვლიან. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, როცა იძულებითი ავტოდაზღვევის მექანიზმია გამოყენებული, სადაზღვეო პრემია გაბერილია.

მთელი პრობლემა ისაა, რამდენად სწორად მოახდინეს დათვლა. 150-200 ლარი, რაზეც ადრე იყო საუბარი, ძალიან მაღალი გადასახადია. სადაზღვევო პრემია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობიდან და შესაბამისად მიყენებული ზიანის მოცულობიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, - განაცხადა ხომიზურაშვილმა.

ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისამოქმედება საქართველოში უკვე არაერთი წელია იგეგმება. სექტორი კანონის ამოქმედებას 2026 წლისთვის ელოდება.