ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი იმართება. შეხვედრაზე განიხილება ძალის გამოუყენებლობის, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების საკითხები. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე განსაკუთრებულს არაფერს ელის, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, რა ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს რუსეთი და აფხაზეთი.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
ჟენევის დისკუსიების 29-ე რაუნდის ფონზე, როგორ აფასებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვით რუსეთი აქტიურად ჩაერთვება საქართველოში ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში...
- ძალიან საინტერესო იყო გრიგორი კარასინის განცხადება, რომლის მიხედვით, რუსეთი აქტიურად ჩაერთვება საქართველოში ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში. ამავე განცხადებაში, ის ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ გეგმაზე - საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობის თაობაზე. ერთი მხრივ, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის და რუსეთის ბაზარზე მეტი შეღწევადობისთვის კარგია, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რუსეთის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ექსპანსიას, რასაც შესაძლოა, შემდეგ პოლიტიკურიც თან დაერთოს.
გასაგებია, რუსული ბაზრის სიკეთეები საქართველოს რეგიონებისთვის და გლეხობისთვის, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სტრატეგია. ის თამაში, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ეწევა, არანაკლებ საშიშია, ვიდრე პირდაპირი აგრესია. როგორც უკვე გითხარით, საუბარია იმ გზების მშენებლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა გეგმაში და რომელიც თავისი არსით საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთბრუნვის გაზრდისთვის ძალიან მომგებიანია, მაგრამ რამდენადაც მომგებიანია, იმდენად ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.
გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინ საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ რუს პოლიტოლოგთან, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის მალე პირდაპირ დამაკავშირებელი გზა გავაო. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საქართველომ უნდა შეწყვიტოს არსებობა. სხვანაირად როგორ უნდა წარმოვიდგინოთ სომხეთისა და რუსეთის საერთო გზა, ცოტა ძნელი ასახსნელია. სწორედ ამ გზების პროექტებზე საუბრობდა რუსი პოლიტოლოგი, რომელიც საქართველოს აქუცმაცებდა.
თუმცა, ამ მოსაზრებას ჰყავს თავისი ოპონენტები, კერძოდ, ისინი ვინც ამბობს, რომ არსებული გზების პირობებშიც კი, ძალიან მარატივია რუსეთისთვის საქართველოს დაპყრობა. ახალი საკომუნიკაციო გაჭრა რისკებს განსაკუთრებით ზრდის ამ შემთხვევაში?
- თავისთავად, ამ ტიპის ინიციატივებს მძიმე მახვილის ფუნქცია აქვს, კერძოდ - რამდენადაც შეიძლება მომგებიანი იყოს, იმდენად საფრთხის შემცველია. თავისი არსით იგივე კონფედერაცია არის ის რუსული უღელი, რომელშიც საქართველო შეებმება და თავს, ალბათ, ვერასოდეს ვერ დააღწევს. კონფედერაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში შემავალი ნებისმიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს აქვს ამ გაერთიანების დატოვების უფლება. თუმცა, კონფედერაციას ქმნიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ანუ, საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევიდნენ კონფერედაციის წევრებად.
მაგრამ ეს შეიძლება სწორდ ის სიტუაცია იყოს, როდესაც ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვქონდეს?
- ნებისმიერ სიტუაციაში, ეს ინიციატივები მოწმობს იმას, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ფორმატი აირჩია, ანუ რბილი ძალის მეთოდი, რომელიც გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე პირდაპირი აგრესია. პირდაპირი აგრესიის დროს ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, ასეთი ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში კი, შეიძლება ისე აღმოჩნდე რუსულ ყულფში, რომ იქიდან თავის დაღწევა ან შეუძლებელი იყოს, ან გაგიჭირდეს. მანამდე ძნელია უარი თქვა იმ ეკონომიკურ სიკეთეებზე, რომელიც რუსულმა ბაზარმა შემოიტანა საქართველოში. იგივე კახეთს რომ შევხედოთ, აშკარაა სოციალურ-ეკონომიკური ბუმი.
ადამიანები, რომლებიც შიმშილობდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში, სახლში საშუალოდ, 30 ათასი ლარი შეიტანეს. ხვალ და ზეგ რუსეთმა რომ საქართველოს მოსთხოვოს ისეთი პირობის შესრულება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება უარზე იქნება, საპასუხოდ, რუსეთმა რომ ჩაკეტოს თავისი ბაზარი, ჩვენ უდიდესი სოციალური უკმაყოფილების მუხტს მივიღებთ კახეთში. აი, ამაზეა საუბარი. ეს არის რუსული მახვილის ეფექტის მქონე პროექტები, რომლითაც ეკონომიკურ შემოსავალს ზრდიან და საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებენ, მაგრამ ამის ფასად რუსეთმა შეიძლება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა მოითხოვოს, იგივე ევრაზიის კავშირში გაწევრიანება. აქ საუბარი არაა ერთ კონკრეტულ რეგიონზე და იქ განხორციელებულ პროექტებზე. იგივე კონფედერაციაც ამავე ნუსხაში შეიძლება განვიხილოთ, ამავე გეგმის ნაწილია ინფრასტრუქტურული პროექტები. ანუ, ეს იქნება რბილი მეთოდებით საქართველოს შესრუტვა.
აქვე მინდა გკითხოთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დაფინანსება შესაძლოა გაორმაგდეს, თუმცა გამოკვეთილად, რა სახის ურთიერთობები დამყარდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს...
- ჟენევის დისკუსიის ფორმატიდან პირადად განსაკუთრებულს არაფერს ველი, თუმცა საქართველოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, რა ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს რუსეთი და აფხაზეთი. მზადდება ახალი ტიპის ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, მათ შორის ეკონომიკური თუ ფინანსური დახმარების გაორმაგების თვალსაზრისით, მაგრამ რა იქნება ამ ხელშეკრულების შინაარსი, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ამ ხელშეკრულებამ შეიძლება აფხაზეთის ასოცირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ რა ფორმით და როგორ, ამ ეტაპზე ეს არ ზუსტდება. ამავდროულად, როგორც გითხარით, პარალელურად, კარასინი აკეთებს განცხადებას, სადაც ის პირიქით კონფედერაციაზე საუბრობს.
ამის ფონზე, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თბილისში მოსკოვის დღეების ე.წ. „მასლინიცას“ დღეების გამართვა? როგორ ფიქრობთ, დაუშვებს ხელისუფლება ამ ღონისძიების ჩატარებას, რომლის ავტორიც არის მიხეილ ხუბუტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ხსნა არის „ევრაზული კავშირი“?
- გააჩნია რა კონტექსტში განიხილავს ამას საქართველოს ხელისუფლება, რუსეთთან გადატვირთის პოლიტიკის ფარგლებში თუ განიხილა, შეიძლება ამას დათანხმდეს. თუმცა, ამ იდეას აბსოლუტურად მიუღებელს ხდის თავად ხუბუტიას ფაქტორი. რუსულ კულტურას საქართველო ყოვეთვის პატივს სცემდა, მაგრამ მე არ ვიცი არსებობს თუ არა მსოფლიოში პრეცედენტი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის დღეები აღინიშნება დაპყრობილ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი წაართვა?! ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ექნება ადეკვატური პასუხი ხუბუტიას მისამართით. ეიძლება გქონდეს მასთან სავაჭრო ურთიერთობები, რადგან ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელია, მაგრამ სხვა თემაა აღნიშნო ოკუპანტის დღეები იმ ადამიანის დაფინანსებით და ხელმძღვანელობით, რომელიც თვლის, რომ ქართველი ერი დავალებულია პუტინისგან. ეს კიდევ სრულიად სხვა რაკურსია.