2 ტონა ჰეროინის გადატანის ბრალდებით დაკავებულ ტარიელ ცეცხლაძეს ბრალი არ დაუმტკიცდა

2 ტონა ჰეროინის გადატანის ბრალდებით დაკავებულ ტარიელ ცეცხლაძეს ბრალი არ დაუმტკიცდა

დიდი ოდენობით თხევადი ჰეროინის გადატანის საქმეზე დაპატიმრებული მძღოლი ტარიელ ცეცხლაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება ტარიელ  ცეცხლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ადვოკატი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ მის მიმართ გამოძიებას კითხვები აღარ აქვს.

როგორც ცნობილია შს სამინისტრომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2014 წლის ივნისში საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე გახსნა. მაშინ ძალოვანებმა ტარიელ  ცეცხლაძის სატვირთო ავტომობილში 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. გამოძიება ამტკიცება, რომ ცეცხლაძეს ტვირთის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა თავად ცეცხლაძის ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულს არ ჰქონდა ინფორმაცია რა იყო მის სატვირთო ავტომანქანაში.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ცეცხლაძის ბრალეულბა ვერ გამოკვეთა, საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლისა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით. პატიმრობაში იმყოფებიან ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ, რომელიც მიმალვაში იმყოფება.

რაც შეეხება ტარიელ ცეცხლაძეს, მთავარ პროკურატურის განმარტებით: „გამოძიებით დადგინდა, რომ ტარიელ  ცეცხლაძემ 2014 წლის 3 ივლისს ბაირამ ჩოშქუნისგან მიიღო შემოთავაზება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, სატვირთო მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, ბათუმიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 600 ბიდონი თხევადი საპონი უნდა გადაეტანა, რის შემდეგაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა. 
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ჩატვირთული ტვირთი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას“.

დაკავებულის ადვოკატი ემზარ პაქსაძ ამბაობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან წინასწარ გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით, პირის ბრალეულობა არ მტკიცდებოდა. მისივე თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტარიელ ცეცხლაძეს სამუდამო პატიმრობა ელოდა. 

„მანქანა, რომლითაც იმავე გზაზე ტვირთი ოთხჯერ გაიტანეს, ქართული ნომრებით იყო და ერევანში გაფუჭდა, ამიტომაც მოუწიათ სხვა მანქანის დაქირავება. გაქცეულ ბრალდებულს მეორე მანქანაც ჰქონდა, ბათუმამდე ტვირთი სწორედ ამ მანქანით ჩამოიტანეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30 კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80 პროცენტი სუფთა ჰეროინი იყო“, - აცხადებს ემზარ პაქსაძე.

ტარიელ  ცეცხლაძემ საპატიმრო დაწესებულება გუშინ გვიან დატოვა. უკვე ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით მანქანაში საპნის ხსნარი უნდა ყოფილიყო, რომელიც მოლდოვაში უნდა წაეღო. ტარიელ  ცეცხლაძე  ავტომობილზე ტვირთის გადატვირთვას, შემდეგ კი ტერმინალიდან ექსპერტიზაზე გადაყვანის ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შეატყობინეს, რომ სატვირთოზე არსებული ტვირთი არ იყო თხევადი საპონი.

„ტვირთის მეპატრონე არ მინახავს, ბათუმიდან მოლდოვაში ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის კი 400 დოლარი უნდა ამეღო. არც იმ მძღოლს ვიცნობდი, ვისი მანქანიდანაც ჩემს მანქანაზე გადმოტვირთეს ტვირთი, არც ტვირთის მეპატრონე თურქი მინახავს. ამ ამბავზე ნერვიულობის გამო, 60 წელს მიღწეულმა კაცმა მთელი ჯანმრთელობა დავკარგე. 2 ივლისს დავიწყე იმ მანქანაზე მუშაობა. ერთი რეისი მქონდა გაკეთებული, თევზი გადავიტანეთ თურქეთში, იქედან კი ქედაში მილები გადმოვიტანე. მესამე რეისის კი ასეთი აღმოჩნდა. თუ ბრალი დამიმტკიცდებოდა, მე ვიქნებოდი სამუდამო პატიმარი და ჩემი ოჯახის წევრებს ვეღარ ვნახავდი. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ გაიმარჯვა სიმართლემ. არასდროს არ მქონია შეხება ნარკოტიკთან. ნარკოტიკი მხოლოდ ტელევიზორში მაქვს ნანახი“, - აცხადებს ტარიელ ცეცხლაძე.