საქართველოს მთავრობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობას ამკაცრებს და სოლიდურ ჯარიმებს აწესებს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 10 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, თუმცა, თუ ერთი წლის მანძილზე, მსგავსი დანაშაულის განმეორება მოხდება, ჯარიმა 30 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევა 50 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
პროექტით, სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა გაფრთხილებას, ან 2000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, თუმცა, თუ ნორმატიული აქტების დარღვევა საფრთხეს უქმნის, ან თუ მას შეეძლო საფრთხე შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისთვის, ეს ქმედება დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს. თუ ერთი წლის მანძილზე, ამ ტიპის დანაშაულის განმეორებით ჩადენა მოხდა, ეს შემთხვევა 50 000 ათასს ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, მესამე შემთხვევაზე კი ჯარიმა 100 000 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ინიციატივით, საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თუ აღნიშნული კანონდარღვევა ერთი წლის მანძილზე კვლავ განმეორდება, ჯარიმა 30 000 ლარამდე გაიზრდება.
ამასთანავე, პროექტით, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა 10 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო ერთი წლის მანძილზე მსგავსი დანაშაულის გამეორება ჯარიმის რაოდენობას 20 000 ლარამდე გაზრდის. ასევე ყოველი მომდევნო შემთხვევა 50 000 ლარით დაჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით, სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა 10 000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ერთი წლის მანძილზე, მსგავსი დანაშაულის ჩადენა ჯარიმის სახეს 30 000 ლარამდე გაზრდის, ხოლო ყოველი მომდევნო ინციდენტი - 50 000 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებებით, საერთაშორისო დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა პირველ ჯერზე 20 000 ათასი ლარით დაჯარიმდება, წლის მანძილზე მეორე შემთხვევის დაფიქსირება 50 000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სამართალდარღვევა ჯარიმას - 100 000 ლარამდე გაზრდის.
პროექტით, ასევე კონკრეტდება ჯარიმების სახე ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე სპეციალისტი დაიშვება. კერძოდ, პროექტით, აღიარების არმქონე ავიასპეციალისტის დაშვება პირველ შემთხვევაში 10 000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ერთი წლის მანძილზე, მსგავსი შემთხვევის განმეორება 20 000 ლარით დაჯარიმდება, მესამე და ყოველი მომდევნო კანონდარღვევა კი ჯარიმის რაოდენობას 50 000 ლარამდე გაზრდის.
მთავრობის განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს აუდიტის დასკვნის თანახმად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დაწესებული არაგონივრული და მძიმე ზომის სანქციები სამოქალაქო ავიაციის სფეროში დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს, რაც საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებასა და საავიაციო უშიშროებას.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება უკვე მოხდა და იმ შემთხვევაში, თუ უწყება მთავრობის ამ წინადადებას მხარს დაუჭერს, კანონპროექტი ძალაში მისი მიღებიდან მე-15 დღეს შევა.