თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლო ცენტრში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ შერჩევაზე, საომარ მოქმედებებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების ფსიქორეაბილიტაციაზე, სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მართვასა და დახმარებაზე დეპარტამენტის ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იზრუნებენ.
დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ პრეზენტაცია დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ წარადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიამ დაშავებული და საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აუცილებლობასა და დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ამ სფეროსთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. დღემდე, 6 თვის განმავლობაში, გენერალური შტაბში ფსიქოლოგიური მონიტორინგის და შეფასების სამმართველო ფუნქციონირებდა. სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქორეაბილიტაციის პროექტი ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემის მოდელებია გათვალისწინებული და ქართული ჯარის სპეციფიკაზეა მორგებული.