წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვს. მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი უკვე შემუშავებული აქვთ და ამ დროისთვის აწარმოებენ ხელმოწერების შეგროვებას, რის შემდეგაც საკანონმდებლო ინიციატივაში დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაეხმარებათ.
თარხან-მოურავის განმარტებით, კანონპროექტით ციხეებში 5000-ზე ნაკლები პატიმარი უნდა დარჩეს. მისივე თქმით, საქართველოში მსოფლიო ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ მაღალია პატიმართა რაოდენობა. პატიმართა რიცხვი საქართველოში 42 000-ზე მეტია, რაც ევროპელი თანამეგობრების და უფლებადამცავების შეშფოთებას იწვევს.
მისი განცხადებით, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვს ადამიანები ციხეებში ისხდნენ. თარხან-მოურავის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 5% პატიმარია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია; ციხეები გადაჭედილია და პატიმრები არადამიანურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
წინააღმდეგობის მოძრაობა, გარდა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისა, მართავს საპროტესტო აქციებს. როგორც თარხან-მოურავმა განაცხადა, მორიგი საპროტესტო აქცია ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით 25 მარტს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაიმართება.
თარხან-მოურავის განმარტებით, მესამე მიმართულებითაც იბრძვიან პატიმრების უფლებების დასაცავად, ეს არის ევროპელი თანამეგობრების და საერთაშორისო უფლებადამცავების ინფორმირება.
აპრილ-მაისში ევროპარლამენტში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სადაც საქართველოს საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე და პატიმრების კონკრეტულ საქმეებზე იქნება მსჯელობა. წინააღმდეგობის მოძრაობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურის მოღვაწეები.
სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ მდგომარეობას მეტად კრიტიკულად აფასებენ უფლებადამცველები.
ადვოკატი ლალი აფციაური: „არ ვიცი სასჯელაღსრულების მინისტრს რეფორმად რა მიაჩნია, მაგრამ ციხეებში რომ გაუსაძლისი პირობებია და არანაირად არ ჯდება ევროსტანდარტებში, ეს ფაქტია. ამის შესახებ არაერთხელ გვსმენია და არაერთხელ მინახავს ჩემი თვალით.
პატიმრებს არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული სამედიცინო დახმარება მიიღონ დროულად, ეს ფაქტია. პატიმრებს კალმახელიძის მიერ ნაქები რეფორმის პირობებში არ აქვთ ელემენტარულად ანალგინის დროულად მიღების საშუალებაც კი.
პატიმრებს არ აქვთ პირობები, შეხვდნენ ოჯახის წევრებს, თუნდაც 1 საათით მეთვალყურეობის გარეშე.
რომელი ერთი ჩამოვთვალო. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სტანდარტი დარღვეულია. ვერ ვიტყვი იმას, რომ ციხეებში მეტ–ნაკლებად რომელიმე საკითხი მოწესრიგებულია. აბსოლუტურად ყველა საკითხი მოუწესრიგებელია. ციხეები ვიზუალურად შედარებით კარგად გამოიყურება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს გამოიყურებოდა. რამდენად ხარისხიანია და რამდენად კარგად არის აშენებული, ობიექტურად არის თუ არა გახარჯული თანხები ამ მშენებლობების დროს, ეს სულ სხვა საკითხია“.
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ”საერთოდ, კალმახელიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ეს ქალი ციხეში უნდა იჯდეს. კალმახელიძე არის პირველი მინისტრი, რომელმაც ადვოკატთა კორპუსს შეუზღუდა კლიენტთან შეხვედრის უფლება. ეს 2010 წლის 10 ივნისს გამოსცა, სადაც მიუთითა, რომ ადვოკატს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ ერთ პატიმარს. თუ სხვა პატიმრის ნახვაც მოუნდა, მაშინ გარეთ უნდა გამოვიდეს, საშვი ხელახლა გამოიწეროს და ისევ შევიდეს. ეს არ იყო არც კომუნისტების დროს, არც შევარდნაძის დროს და არც ბაჩო ახალაიას დროს. კალმახელიძემ ყველას აჯობა.
მეორე: ყველაზე საშინელი რაც მოხდა ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის დროს და ყველაზე ცინიკური – ნოემბერში გამოვიდა დემოკრატიის შუქურა და განაცხადა, მე ვხსნი ახალ საპატიმრო დაწესებულებას, ეს არის რუსთავის მე–5 ქალთა დაწესებულება, სადაც ევროსტანდარტები იქნებაო. დეკემბრის თვეში გადაიყვანეს ქალი პატიმრები და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერავის ვუკავშირდებოდით. ეტყობა, უნდოდათ, რომ პატიმრები დაემუშავებინათ.
შემდეგ, როცა ადვოკატები შევიდნენ, პატიმრებმა უთხრეს, გადმოგვიყვანეს, ბეტონზე დაგვყარეს, არც ნოხია და არც იატაკიო. ბეტონზე არის რკინის საწოლები და იქ ვწევართო. არც საშრობია და სარეცხსაც იქვე ვაშრობთო. ამაზე აღვშფოთდი. როგორ შეიძლება, ადამიანი ისეთი ბოროტი იყო, რომ ქალი პატიმრები იმაზე უარეს პირობებში გადაიყვანო, ვიდრე იყვნენ. სააკაშვილმა ბორშჩიც დააგემოვნა და თქვა, თბილისელებს არ ექნებათ ასეთი ბორშჩიო. რამხელა ცინიზმია. ნიქსონი სხვა რამეზე კი არ გადააყენეს – ტყუილებზე გადააყენეს. მაგრამ სააკაშვილი შუქურაა და მან ყველაფერი შეიძლება თქვას.
ქალი პატიმრების მიმართ გამოვლენილმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ აღმაშფოთა და სახალხო დამცველს მივმართე. ტუღუშის აპარატმა ძალიან კარგად იმუშავა და ჩემს განცხადებაზე რეაქცია უმალ მოახდინა. სახალხო დამცველმა დაწერა დასკვნა, რომ 2 საკანში მწყობრიდან არის გამოსული წყალგაყვანილობის სისტემა. ყველა საკანში იატაკის საფარი არის ბეტონის. მე რომ განცხადება გავაკეთე და ვთქვი, ქალი პატიმრები ბეტონზე დაყარეს–მეთქი, ამან გამოიღო შედეგი და პატიმრებს იქ ლილოს ბაზრობა გაახსნევინეს. პატიმრების ახლობლები დგანან რიგში ნოხებით ხელში, რომ პატიმრები სიცივით არ დაიხოცონ და პნევმონიით არ დაავადნენ. ანუ უფლება მისცეს, ბეტონის იატაკზე ნოხი დააგონ. თუმცა, ბეტონი სველია, ეს ნოხიც სველდება და უარესი უბედურებაა. თანაც ყველას ხომ არ აქვს ნოხის შეძენის საშუალება?
ეს იმას მოწმობს, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები აწამონ. ეს არის ევროკონვენციის მე–3 მუხლის დარღვევა – წამება, არაადამიანური მოპყრობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არის თანამონაწილეობა. ვინ გადაიყვანა ეს პატიმრები, ვინ გააკეთა რეკლამა? – მიხეილ სააკაშვილმა, მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, ადვოკატთა კორპუსის მტერმა.
ეს ორი ადამიანი არის თანამონაწილე იმ დანაშაულში, რაც ჩაიდინეს ქალებთან მიმართებაში. ანუ მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მე–3 მუხლი. მაგრამ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. ასე რომ არ იყოს, სააკაშვილის მიმართ პარლამენტში დაიწყებოდა იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ ამას ახლა ვინ გაბედავს, როცა უმრავლესობა სააკაშვილისაა. მინისტრი კალმახელიძე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე.
სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ ხატიაშვილი მართალი იყო, როცა განაცხადა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებო. სააკაშვილი და კალმახელიძე იმდენად ბოროტები არიან, რომ ქალები გადაიყვანეს დეკემბრის ბოლოს, ყველაზე მაგრად რომ ციოდა, მაშინ. შე დალოცვილო, მაისში მაინც გადაიყვანე. ამაზეა საუბარი, სააკაშვილს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ეზიზღება. ეს არის დადასტურება სააკაშვილის დანაშაულებრივი პრეზიდენტობის.
პატიმრები იღუპებიან პნევმონიით, ელემენტარული მკურნალობის არარსებობის გამო. რამდენიმე ათეული პატიმარი იღუპება და კალმახელიძემ თქვა, რომ პატიმრები ბერდებიან და იმიტომ იღუპებიანო. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ 20 და 30 წლის ადამიანები დაიღუპნენ არაეფექტური მკურნალობის გამო. სააკაშვილსა და კალმახელიძეზე საბრალდებო დასკვნა რომ დაიდება, სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მოკვლევა იქნება თანამონაწილეობა ადამიანთა წამებაში“.