პრეზიდენტის პასუხები ბიზნესმენებს და დიპლომატებს

პრეზიდენტის პასუხები ბიზნესმენებს და დიპლომატებს

საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. ღონისძიება „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მისი ორგანიზატორი და მასპინძელი ამერიკის სავაჭრო პალატა იყო.

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილს საქართველოს პრეზიდენტის გარდა მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასამდე ბიზნესმენი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც, იმავდროულად, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო პრეზიდენტია.

ქვეყნის პირველი პირი დამსწრეთა წინაშე დაახლოებით 15-წუთიანი სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე საქართველო-რუსეთ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და უელსში ნატო-ს სამიტის შედეგებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ედურად შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციას დაუთმო. ქვეყნის პირველი პირი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ენერგოსექტორში უფრო მეტი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად განამტკიცებს რეგიონის უსაფრთხოებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, სწორედ, ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება, საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილისთვის მათთვის აქტუალური კითხვები დაესვათ. კითხვა-პასუხის რეჟიმში ეკონომიკურის გარდა პოლიტიკური ხასიათის კითხვებიც დაისვა.

სწორედ, დიალოგის ფორმატში ჰკითხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს, რას უპასუხებდა ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით.

„ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენს ქვეყანას წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში. შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნა“, - უპასუხა ამერიკელ დიპლომატს გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულონ და საქმეები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა განიხილონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრა საქართველოში ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც საინტერესო იყო.

„პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანას აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ასევე, ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკურ ტენდენციაზე, საქართველოს უპირატესობებზე... ამავე დროს, საკითხი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნისა. ბუნებრივია, საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, მათ შორის ბიზნესმენებთან, ინვესტორებთან პრეზიდენტი ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

„ალიანს ჯგუფის ჰოლდინგის“ დირექტორი, ბიზნესმენი აიეტი კუკავა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული კითხვები დასვა და მათ შესახებ ქვეყნის პირველი პირისგან პოზიციაც მოისმინა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა კეთდება საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების წახალისებისთვის, განსაკუთრებით აგროსამრეწველო სფერო ვისაც აინტერესებს – როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები მიწის მფლობელობასთან დაკავშირებით. ასევე, სავიზო რეჟიმის შეცვლა ძალიან მოულოდნელი იყო, ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. პრეზიდენტმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა ამ საკითხებზე და დავინახეთ, რომ პოზიცია აქვთ, ბიზნესისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას“, - აცახდებს აიეტ კუკავა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად აღნიშნა, რომ ახალი სავიზო რეგულაციები შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს.

„ალიანს ჯგუფის ჰოლდინგის“ დირექტორი სავიზო შეზღუდვების კონტექსტში საკუთარი კომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რამდენიმე ინვესტორს საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის უფლება შეეზღუდა და ამის გამო კომპანიას უცხოელი პროფესიონალების დაქირავებაც უჭირს.

„ვფიქრობ, მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგი უნდა გაგრძელდეს. როცა ბიზნესს აქვს კითხვები, მათზე პასუხი პირველ პირებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ“,- განმარტავს აიეტ კუკავა.

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი კი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და „ქორთიარდ მერიოტში“ გამართული შეხვედრაც ამის დასტურია.

„ბიზნესსაზოგადოება მნიშვნელოვანი მოთამაშეა ქვეყნის მთავრობისთვის. ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის მიერ დათმობილ დროს და ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ერთად მივაღწიოთ ქვეყნის საკეთილდღეო მიზნებს“,- აცხადებს სარა ვილიამსონი.