დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე და სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიზნებსა და ამოცანებს, ეროვნული კიბერუსაფრთხოებისა და საერთაშორისო კიბერსივრცის საკითხებს.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დათუკიშვილმა სტუმრებს 2014-2015 წლების კიბერინცინდენტების ტენდენციებზე პრეზენტაცია წარუდგინა. მან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამედროვე გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ინფორმაციულ ომზე, უსაფრთხოების განზომილებებზე, კიბერსივრცის დაცვის ზომებსა და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებმა საბჭომ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.