ალიანსმა რუსეთს ყვითელი ბარათი აუფრიალა

ალიანსმა რუსეთს ყვითელი ბარათი აუფრიალა

ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვს აფრთხილებს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის, რადგან ნატო უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. მისივე თქმით, ნორვეგია პატარა, 5 მილიონიანი ქვეყანა იყო და „ცივი ომის“ დროს თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან დარწმუნებული იყო, ნატო დაიცავდა მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას არასდროს ჰყავდა სამხედროები ან მუდმივი ბაზები.

„მესმის, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოსაზღვრე პატარა ქვეყანა. ძალიან კარგად მესმის, ჩვენი ყველა მოკავშირე ქვეყნის საჭიროება, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლელი მოკავშირეების, ვინც რუსეთს ესაზღვრება. ჩემი ამოცანაა, დავარწმუნოთ ყველა მოკავშირე თავი ისე უსაფრთხოდ იგრძნონ, როგორც ნორვეგია გრძნობდა და დღესაც გრძნობს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე. თუმცა, მისი თქმით ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს და მისი განთავსება შეუძლია ყველგან, სადაც მოესურვება.

რაც შეეხება სამხედრო ძალების განლაგებას, მე-5 მუხლის შესაბამისად ნატოს სამხედრო ძალების განლაგება შესაძლებელია ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორაზე, რაც შეეხება საქართველოს, ამავე მუხლის შესაბამისად, ეს შეუძლებელია. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადება წინ გადადგმული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც ნატომ ფაქტიურად აღიარა რუსეთი როგორც საფრთხე და ეხმარება არა მხოლოდ თავის წევრ ქვეყნებს, არამედ ალიანსის პროგრამებში ნატოს პარტნიორ ქვეყნებასაც, ეს არის საქართველო და უკრაინა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანია განცხადებით, ნატო-ს ბაზებსა და ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად ალიანსმა. ალასანია ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას მიესალმება და მას ლოგიკურად მიიჩნევს.

„მივესალმები ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას. სხვა რამ რომ ეთქვა, ეს იქნებოდა გასაკვირი. უელსის სამიტზე, როგორც ნატო-ს წევრები, ისე პარტნიორები შევთანხმდით, რომ იმ საფრთხეებს, რაც რეგიონში რუსეთის აგრესიის კუთხით არსებობს, უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ სამხედრო შემაკავებელი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს წევრებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების უფრო დიდი, სამხედრო შენაერთებით დაცვა, ასევე პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში.

რაც შეეხება ნატო-ს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ბაზებს, ერთობლვ წვრთნებს და ადგილსამყოფელს, ეს იქნება საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ეს არის ნატო-ს გადასაწყვეტი. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკური და მისასალმებელია მისი ეს განცხადება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი, იმედოვნებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნისგან მეტ კონკრეტიკას მოისმენს. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ალიანსის ახალი გენერალური მდივანი ისეთივე კეთილგანწყობილია ნატო-ს მეზობელი ქვეყნებისადმი, როგორიც მისი წინამორბედი იყო. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის ის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შეუძლიათ ჰქონდეთ ნატო-ს იმედი და რომ ისინი დაცულები იქნებიან. ნატო-ს გენმდივნის დადებითი განწყობა აღმოსავლეთის პარტნიორობის (მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოც იგულისხმება) მიმართ, ძალიან კარგია. ჩვენ მასთან შეხვედრის საშუალება ჯერ არ გვქონია. იმედი მაქვს, რომ ეს საშუალება მალე მოგვეცემა და უფრო მეტ კონკრეტიკას მივიღებთ ნატო-ს ახალი გენმდივნისგან“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს ჯარების განლაგებას სჭირდება ნატოს ყველა წევრის თანხმობა, მათ შორის იგივე გერმანიის. შესაბამისად შარაშენიძე ამბობს, რომ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღება გართულებული იქნება.

„თუ ნატოს წევრი სახელმწიფო, დავუშვათ, აშშ მოინდომებს საქართველოში საკუთარი ჯარების განთავსებას, ეს მარტო ამერიკის და საქართველოს საქმეა, მაგრამ მთლიანად ნატოს ეგიდით ჯარის განთავსებას სჭრდება ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ კუთხით ბუნებრივია ეს გაცილებით რთული იქნება“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ნატოს მოქმედების სტრატეგია განსხვავებული იქნება, გაცილებით ხისტად იმოქმედებს, ვიდრე ოდესმე.

„ევროპული პოლიტიკა და ნატოს ქვეყნების პოლიტიკა გაცილებით მოქნილი გახდება. შესაბამისად, ამ ქვეყნების პოლიტიკოსების მთავარი ამოცანა იქნება თავისი ქვეყნების, კვლავ, მომავალი დაპირისპირებისთვის მომზადება. ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან უჭირდა ევროპას მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, ეს განცხადებაც ამის გამოძახილია“, - აცხადებს თავდგირიძე.

რაც შეეხება საქართველოს, მისივე განცხადებით, საქართველო არ საჭიროებს მის ტერიტორიაზე რაიმე ძალების განთავსებას.

„ჩვენ არ ვიცით როგორ გაუარესდება, ან გაუმჯობესდება სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ ნატოს მოქმედება იქნება ძალიან ხისტი და სწრაფი, ნატო არ მოერიდება სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას, ანუ ის რაც ხდება და რასაც ახორციელებენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების კუთხით, ეს გასაგებია, მაგრამ როგორც ჩანს, ნატოს წევრმა ქვეყნება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაატარონ მკვეთრი ღონისძიება ნატოს ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით.

საქართველოს შემთხვევაში მე კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოება საკმაოდ კარგადაა უზრუნველყოფილი. თუ რეალობას შევაფასებთ, უახლოეს მომავალში საქართველოს არ მგონია დასჭირდეს ნატოს მკვეთრი მოძრაობები საქართველოს ტერიტორიაზე იმისათვის, რომ აღკვეთილი იქნას რუსეთის აგარესია“, -აცხადებს გიორგი თავდგირიძე.